2012 - ჩიღვინაძე გივი - ჯრუჭის მონასტრის ისტორიისთვის

ნაშრომები საქართველოს ისტორიაში




ნაშრომები საქართველოს ისტორიაში






ნაშრომი:

გივი ჩიღვინაძე - ჯრუჭის მონასტრის ისტორიისთვის

კრებული:

ჟურნალი "ისტორიანი" - 2012-02

რესურსები ინტერნეტში:

ელ.ვერსია

ჯრუჭის მონასტრის ისტორიისთვის (ძეგლები)

ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერს X-XI საუკუნეში დაარსებულად მიიჩნევენ. იგი მდებარეობს ზემო იმერეთის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, საჩხერის რაიონში, მდინარე ჯრუჭულას ხეობაში, რაჭის ქედის სამხრეთი ფერდობის დასასრულზე. ჯრუჭის მონასტრის აშენებას რაჭის ერისთავს მიაწერენ. შემდეგ იგი ფალავანდიშვილებს ეკუთვნოდა, ხოლო XVII საუკუნიდან წერეთლების ხელში ვხედავთ. XVIII საუკუნეში ჯრუჭის მონასტერს რაჭის ერისთავი და თავადი წერეთლები ეცილებოდნენ ერთმანეთს. ამ გაუთავებელმა ბრძოლებმა ნასოფლარებად აქცია მონასტრის მიმდებარე ტერიტორია.

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში იმერეთის მეფე სოლომონ I-მა მონასტერი დამოუკიდებლად გამოაცხადა. ამის შემდეგ ამ წმინდა სავანემ აღორძინება დაიწყო და მისი ხელშეწყობით მონასტრის კუთვნილი მიმდებარე სოფლებიც - მოხვა, უზუმთა და ცხომარეთი თავიდან დასახლდა. XIX საუკუნეში ჯრუჭის მონასტერს მრავალი გლეხი ეკუთვნოდა ზემო იმერეთსა და რაჭაში. დიდ ფართობს მოიცავდა მისი კუთვნილი სავარგულები და ტყეები.

1991 წლის მიწისძვრამ მონასტერი ნანგრევებად აქცია.

ახლახან გაიწმინდა მიწისძვრისგან დანგრეული ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი. სამუშაოებს აწარმოებდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმა “არქიტექსი”. სამწუხაროდ, გაწმენდითი სამუშაოები ნაჩქარევად, უყურადღებოდ და ისტორიული ძეგლისთვის შეუსაბამო ფორმით წარიმართა. არ უწარმოებიათ არქეოლოგიური გამოკვლევა. რამდენიმე ძველი წარწერა, რომლებიც მკვლევრებს (ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ბოჭორიძე, ვალერი სილოგავა და სხვანი) აქვთ აღწერილი, აღარ აღმოჩნდა ტაძრის გაწმენდის შემდეგ. აღარ ჩანს ტაძრის კედლებზე არსებული რამდენიმე ქანდაკება. ნანგრევების აღებისას უყურადღებობის გამო გაითხარა რამდენიმე ძველი სამარხი. ტაძრის კედლების ნამსხვრევების ნაწილი ხევში გადაყარეს. დაზიანებულია არქეოლოგიური ფენები.

ახლა მიმდინარეობს მუშაობა ჯრუჭის მონასტრის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციაზე. აუცილებელია, ამჯერად მაინც მოხერხდეს არქეოლოგიური გამოკვლევა, სარეაბილიტაციო პროექტსაც სრულყოფილი სახე მიეცეს და ამ უმნიშვნელოვანესი ძველი კულტურული ძეგლისა და საეკლესიო ცენტრის სრულფასოვან აღდგენაზეც დროულად ვიზრუნოთ.

ჯრუჭის მონატრის ეკლესია გუმბათიანი ბაზილიკა იყო. ნაგები თლილი ქვისა და კირისგან, 1968 წლამდე გადახურული სპილენძის ფურცლით. იქვე იყო სამრეკლო და სხვა სამონასტრო ნაგებობანი. მონასტრის კედლებზე არსებობდა რამდენიმე ლაპიდარული წარწერა და ბარელიეფი.

ჯრუჭის მონასტერში თავადი წერეთლები და თვით მონასტერში მოღვაწე სამღვდელო პირები არიან დაკრძალული. აქვე განისვენებენ სამეფო გვარის წარმომადგენლებიც (რომლებსაც წერეთლებთან ნათესაური ურთიერთობა აკავშირებდათ). კერძოდ, იმერეთის მეფე დავით II გიორგის ძე (1755-1795), მისი ასული მზეხათუნ ბატონიშვილი, რომელიც სახლთუხუცეს ზურაბ წერეთლის ვაჟის სვიმონის მეუღლე იყო. აქვე არიან დაკრძალული სახლთუხუცესი ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთელი და მისი მეუღლე თამარი, დადიანის ასული, მათი ძე გრიგოლი, ასული ქეთევანი - ქართლ-კახეთის მეფის გიორგის XII-ის რძალი, ბატონიშვილ იოანეს მეუღლე, აგრეთვე წერეთელთა სათავადო სახლის სხვა წევრები, რომლებსაც იმერეთის მეფის კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობები ეჭირათ.

აქვე განისვენებენ მონასტრის არქიმანდრიტები, მათ შორის მიტროპოლიტი სვიმონ აბაშიძე, მიტროპოლიტი დავით წერეთელი, სხვა წინამძღვრები და მღვდელ-მონაზვნები. ჯრუჭის მონასტერმა შემოგვინახა უნიკალური ხელნაწერები («ჯრუჭის I სახარება» და «ჯრუჭის II სახარება», სხვა ძვირფასი წიგნები, კრებულები და სიგელები). მონასტერი სავსე ყოფილა უმშვენიერესი ხატებით, ვერცხლითა და ოქროთი შემკული საეკლესიო ინვენტარით. აღსანიშნავია, რომ ამ მონასტრის სიძველეებიდან ზოგიერთი ქართულ განძთან ერთად საფრანგეთშიც კი მოხვდა და შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილის წყალობით უკან დაბრუნდა.

ჯრუჭის მონასტერმა, როგორც უმნიშვნელოვანესმა ქრისტიანულმა ცენტრმა, კულტურულმა კერამ და ისტორიულმა ძეგლმა XIX საუკუნეშივე მიიპყრო მკვლევართა ყურადღება. მას იკვლევდნენ მარი ბროსე, დიუბუა დე მონპერე, დიმიტრი ბაქრაძე, თედო ჟორდანია, ალექსანდრე ხახანაშვილი, პავლე ინგოროყვა და სხვანი. მონასტრის, მისი ხელნაწერების შესწავლასა და დაცვაში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის წმინდა ექვთიმე ღვთისკაცს. მან 1919 წელს მოინახულა მონასტერი, აღწერა იგი, მისი ხელნაწერები, ხატები და საეკლესიო ნივთები. მონასტრიდან თან წამოიღო საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისთვის უნიკალური წიგნები და სიგელ-გუჯრები.

XX საუკუნის 20-იან წლებში ჯრუჭის მონასტერი, მისი წარწერები და შემორჩენილი საეკლესიო ნივთები აღწერა გიორგი ბოჭორიძემ.

საბჭოთა პერიოდში დიდი ამაგი დასდეს ჯრუჭის მონასტრის დაცვასა და სათანადო მოვლის საქმეს ნოდარ, ბეჟან და შოთა სივსივაძეებმა. მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოკვლევები აქვს ამ საეკლესიო სავანის შესახებ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ძველ წიგნთა ფონდის მცველ მაია ქებულაძეს. რამდენიმე წერილი მიუძღვნა მას ქუთაისის ისტორიული არქივის დირექტორმა ბატონმა მერაბ კეზევაძემ. 2008 წელს ამ მონასტერზე გამოცემული მასალა შეკრიბა და ისტორიული ნარკვევი გამოსცა ტრისტან მაჭარაშვილმა.

მიუხედავად ამისა, ჯრუჭის მონასტერი და მასზე არსებული საარქივო მასალა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გამოკვლეული. ჩვენ ვცდილობთ ამ ნაკლის შევსებას და ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ ტოპონიმ «ჯრუჭის» ეტიმოლოგიასა და ბოლოხანს აღმოჩენილ წარწერაზე.

ტოპონიმ «ჯრუჭის» ეტიმოლოგია. ზემო იმერულ ტოპონიმებს შორის ჯრუჭი მეტად უცნაურად ეჩვენებათ და ჯერ თითქმის არავის უცდია მისი ახსნა. ჩვენი აზრით, ყურადღება უნდა მივაქციოთ ზემო იმერეთში და კერძოდ, ჯრუჭის მონასტრის ახლომდებარე ტერიტორიაზე საკმაოდ გავრცელებულ ტოპონიმებს: ღრუჭი, ღრუჭები, ღრუჭუნი, ღრუჭუნოღელე და მისთანანი. კერძოდ, ტოპონიმი ღრუჭი მინდვრის სახელად გვხვდება კაცხსა და ქვედა ჭალოვანში, სახნავის სახელად - ნავარძეთსა და თვალუეთში, ტყის სახელად - ღვითორში. გვხვდება აგრეთვე ღრუჭის ყანა მინდვრის სახელად ზედა ჭალოვანსა და ზოდში, ღრუჭყანა სახნავის სახელად ქვედა ჭალოვანში, აქვეა ღრუჭყანის ტბა. სოფელ წირქვალში არსებობს ღრუჭების უბანი, ღრუჭების ვენახი, ღრუჭების ორშარა (ყველა ჭიათურის მუნიციპალიტეტი); ღრუჭუნო ღელე არის სოფელ ქვემოხევში (ჯრუჭის მონასტრიდან სამ კილომეტრში), ღრუჭუღელე ბაჯითში, ღრუჭუნი ღელის სახელად და ღრუჭუნები სახნავის სახელად გვხვდება მოძვში (ყველა საჩხერის მუნიციპალიტეტი), ღრუჭუნი დაბლობის სახელად - ლეღვანში (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი). (საქართველოს სსრ ტოპონიმია, ტ. I, ზემო იმერეთი).

როგორც ვხედავთ, აღნიშნულ რეგიონში მსგავსი სახელები საკმაოდ მრავალრიცხოვანია. იმასაც ადვილად შევნიშნავთ, რომ ყველა დასახელებული ტოპონიმის ამოსავალი ფორმაა ღრუჭი. ეს სახელი ძირითადად ზემო იმერეთში ფიქსირდება ანუ ზემოიმერული დიალექტური წარმონაქმნია, თუმცა მსგავსი სიტყვები რაჭულ დიალექტშიც გვხვდება. მახსენდება კიდეც მისი მსგავსი სიტყვების (ღრუჭუმი, ღრუჭე) გამოყენების შემთხვევები ჩემი სოფლის (საჩხერის რაიონის სოფელი მოხვა, ჯრუჭის მონასტრის ახლოს) მკვიდრთა მეტყველებაში. ასე უწოდებიათ ჩავარდნილი, ძნელად გასავალი ხევებისთვის, არა როგორც სახელი, არამედ როგორც ადგილის დამახასიათებელი სიტყვა. რას ნიშნავს ღრუჭი? ძნელი არ არის ამ სიტყვის მნიშვნელობის წარმოდგენა. იგი ნიშნავს მკვეთრად ჩაღრმავებულ ადგილს, თუნდაც ხევს, უფრო მეტად წყლიანს. მისი ზუსტი ახსნა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულში არ გვხვდება, განმარტებულია მხოლოდ მსგავსი სიტყვა ღრუჭუმი: «ღრუჭუმ-ი (ღრუჭუმისა) კუთხ. (რაჭა) «ბუნებრივი ორმოები სათიბში» (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. VII). ასეთი ბუნებრივი ორმოები მრავლად გვინახავს რაჭის ქედზე, უმეტესად ხიხამთაზე. ისინი ჩვეულებრივი ორმოები არ უნდა გვეგონოს, საკმაოდ ვრცელი ჩავარდნილი ადგილებია, რომლის ერთი ნაპირიდან მეორემდე შეიძლება 100-150 მეტრი იყოს. ხოლო ზემოიმერულ ლექსიკონში მოცემული ღრუჭის სახეცვლილი ფორმები ნიშნავს: ღრუჭმული - ბუნებრივად ჩავარდნილი დაბლობი ადგილი. «ღრუჭმული დაბლობი ადგილია, დაწეულია თავისთავა». ღრუჭული იგივეა, რაც ღრუჭმული. «ამ სერის დაბლა არის ღრუჭული» (ქ. ძოწენიძე, ზემოიმერული ლექსიკონი). რაჭული დიალექტის ლექსიკონში ღრუჭუმი || ღრუჭუმო - ბუნებრივი პატარა ჩაღრმავებული ადგილი, ორმოა (რაჭული დიალექტის ლექსიკონი). აღნიშნული ლექსიკონებითაც დასტურდება, რომ ღრუჭი, ღრუჭო, ღრუჭმული, ღრუჭუნო ჩაღრმავებულ, ჩავარდნილ ადგილს ნიშნავს.

ჯრუჭის მონასტრის ახლოს მრავალი ხევი და ჩაღრმავებული ადგილი შეიძლება მოვიძიოთ, რომელსაც შეიძლება სახელი ღრუჭი მიესადაგოს. ასეთად შეიძლება წარმოვიდგინოთ მონასტრის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ჯრუჭულის ხეობის მართლაც ღრმად ჩაწეული თვალწარმტაცი მონაკვეთი ან წყალფენილას ხევის რომელიმე ღრმა ნაწილი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ადგილების სახელი შემდეგ დღევანდელი მონასტრის ტერიტორიაზეც გავრცელდა ან შედარებით პატარა ზომის ასეთი ჩავარდნილი ადგილი ადრე თვით მონასტრის ტერიტორიაზე იყო და ღრუჭი ეწოდებოდა.

თუ როგორ მივიღეთ ღრუჭი-დან ჯრუჭი, ეს ადვილი ასახსნელია. მოხდა ბგერათა ნაწილობრივი დამსგავსება. ღ ნაწილობრივ დაემსგავსა ჭ-ს და მივიღეთ ჯ, ღრუჭი > ჯრუჭი.

მეტიც, ისევ ზემო იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სადაც მსგავსი სახელები მრავლად დასტურდება, სოფელ კვახაჯელეთში გვხვდება ჰიდრონიმი ჯრუჭიღელეც (საქართველოს სსრ ტოპონიმია, ტ. I, ზემო იმერეთი). კვახაჯელეთი ზედა და ქვედა ჭალოვანის დაბლა მდებარეობს. საფიქრებელია, რომ ჯრუჭიღელე იმ ადგილებიდან მოდის, რომლებსაც ქვედა ან ზედა ჭალოვანში ღრუჭი, ღრუჭის ყანა ან ღრუჭყანის ტბა ეწოდება. ეს კი დასტურია, რომ ტოპონიმიდან ღრუჭი არა მარტო ჯრუჭის მონასტრის ტერიტორაზე მივიღეთ ჯრუჭი, არამედ მისგან საკმაოდ შორს, ჭიათურის რაიონის სოფელ კვახაჯელეთშიც.

შეიძლება დავასკვნათ, რომ დღევანდელი ჯრუჭის მონასტრის ადგილას ან მის შორიახლოს არსებობდა ჩაღრმავებული ადგილი ან ხევი სახელწოდებით ღრუჭი, რომლისგანაც მიღებული ჯრუჭი მრავალსაუკუნოვანი მონასტრის სახელად მოგვევლინა.

ჯრუჭის მონასტრის ახალაღმოჩენილი წარწერა. მიწისძვრისგან დანგრეული მონასტერი რამდენიმე წლის წინათ იქ მოღვაწე ბერებმა და მორჩილებმა ნაწილობრივ გაწმინდეს. შენობის გარეთ ჩამოცვენილი ქანდაკებებიანი, ჩუქურთმიანი და სამშენებლო ქვები, რკინის ნივთები და სხვა მასალები ცალკე დაალაგეს და მონასტრის ეზო მოაწესრიგეს. ნახევრად დანგრეული სამრეკლოს კედელთან დაწყობილია ქვებზე ამოკვეთილი ჯვრები, რკინის ნივთები და აღმოსავლეთის კედლის გარეთა მხრიდან ჩამოვარდნილი დიდი ფილა ღვთისმშობლის გამოსახულებით და წარწერებით. 2009 წლის 23 აგვისტოს ჩვენ აქ ვნახეთ ქვა ასომთავრული წარწერით, რომელიც, როგორც ჩანს, ტაძრის კედელში კირის ფენით იყო დაფარული და აქამდე ჯრუჭის მონასტრის არც ერთ მკვლევარს არ აღუწერია. ჯრუჭის მონასტრის ყოფილმა წინამძღვარმა მამა ლუკა ფალავანდიშვილმა შეგვატყობინა, რომ ეს წარწერიანი ქვა ტაძრის ნანგრევებში უნახავთ და სამრეკლოს კედელთან გადმოუტანიათ.

აი, ამ ქვაზე არსებული წარწერა:

წ(მიდა)ო გ(იორგ)ი ა(დიდე)
არსენ
მამად
მთავა
რი

«წმინდაო გიორგი ადიდე არსენ მამადმთავარი».

მამადმთავარი ეწოდებოდა ადრე და შუა საუკუნეებში კათოლიკოსს, იშვიათად ამ სახელით ეპისკოპოსს, მთავარეპისკოპოსს ან მონასტრის წინამძღვარს (არქიმანდრიტს) მოიხსენიებდნენ.

კათოლიკოსებს შორის ხუთი არსენი გვყავს: არსენ I დიდი (საფარელი) - დაახლ. 860-887 წწ., არსენ II - დაახლ. 955-980 წწ., არსენ III - XIII საუკუნის 20-30-იანი წლები, არსენ IV (ბულმაისიმისძე) - 1241/42-1249/50 წწ., დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი არსენი - 1390 წ. აქედან პირველი ორი ქართლის კათოლიკოსები არიან, არსენ III და არსენ IV - ერთიანი საქართველოს პატრიარქები, მეხუთე არსენი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსია, თანაც მცირე ხნით. ამ სახელის მატარებელი ეპისკოპოსებსა და მთავარეპისკოპოსებიდან არავინ ჩანს ამ სავანესთან დაკავშირებული. მონასტრის წინამძღვარი კი ამ ფორმით არ უნდა იყოს მოხსენიებული (თანაც ამ მონასტრის ჩვენთვის ცნობილ წინამძღვრებს შორის არსენი არავის რქმევია). სავარაუდოა, რომ ზემოთ ნახსენები პატრიარქებიდან რომელიმე მოხსენიებული უნდა იყოს ჯრუჭის მონასტრის ახალაღმოჩენილ წარწერაში (მიუხედავად იმისა, რომ არსენ I და არსენ II ქართლის კათოლიკოსები არიან, ჯრუჭის მონასტერთან მათი კავშირი მაინც დასაშვებია). აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სიტყვა «მამადმთავარი» ამ ფორმით უფრო ადრეულ საუკუნეებში იხმარება. აქედან გამომდინარე, ეს წარწერა ერთ-ერთი უძველესი ან შეიძლება, ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი იყოს ჯრუჭის მონასტრის წარწერათა შორის და მონასტრის დაარსების დროც დაზუსტდეს. საინტერესოა, როგორ დაათარიღებენ მას ჩვენი პალეოგრაფები.