მთარგმნელებისგან
ორიოდე სიტყვით თარგმანის შესახებ. ამ კონსტიტუციის თარგმანზე მუშაობისას ჩვენს წინაშე იდგა ერთი მეტად სერიოზული პრობლემა: თუ როგორ გადმოგვეტანა თანამედროვე ქართულ ენაზე საკმაოდ არქაული ინგლისური ტექსტი, თანაც ისე, რომ მაქსიმალურად დაგვეცვა ორიგინალის სტილი, არ შეგველახა მისი სიძველე და, ამავე დროს, მიგვესადაგებინა ის ჩვენში უკვე დამკვიდრებული იურიდიული ტერმინოლოგიისათვის.
ჩვენ შევეცადეთ სტილისტურად ჩვენი თარგმანი დაგვეახლოვებინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციასთან, დოკუმენტთან, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ქართველი ერის იურიდიული აზროვნების განვითარებაში. რამდენად შევძელით ეს, მკითხველმა განსაჯოს.
ამერიკული კონსტიტუციის შესახებ უფრო ფართოდ, ღრმად და საფუძვლიანად შეიძლება (და სავალდებულოა) საუბარი, მაგრამ ეს ჩვენს მიზნებსა და შესაძლებლობებს აღემატება, ამიტომ შემოვიფარგლებით მხოლოდ იმით, რომ მივუთითებთ იმ ძირითად უბერებელ პრინციპებს, რომელთა მეშვეობითაა, რომ ეს კონსტიტუცია დღესაც ძალაშია, აი, ისინიც:
- მთავრობას აყალიბებს ხალხი, ამიტომ მთავრობა ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე;
- მთავრობა ფლობს მხოლოდ იმდენ ძალაუფლებას, რამდენსაც ხალხი გადასცემს მას;
- ხელისუფლება გაყოფილია სამ განშტოებად: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო განშტოებებად;
- ხელისუფლების განშტოებები აწონასწორებენ და აკონტროლებენ ერთმანეთს;
- ხელისუფლება განაწილებულია ეროვნულ (ფედერალურ) მთავრობასა და ცალკეული შტატების მთავრობებს შორის.
აი, ყოველივე ის, რისი თქმაც გვსურდა. უმთავრესს კი თქვენ საკუთრივ ტექსტიდან შეიტყობთ, რომლის წაკითხვაში გარკვეულ დახმარებას გაგიწევთ თარგმანისათვის დართული კომენტარები.