XVI ს. ანონიმი ვენეციელი - "თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები"


თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები 1577-1581 - იტალიურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ელდარ მამისთვალიშვილმა - საქართველოს ისტორიის წყაროები 45 - საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროები XIX - თბილისი - 1987

უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის დასავლეთ ევროპული წყაროები




პუბლიკაცია:


რესურსები ინტერნეტში:

შესავალი

edit
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს XVI საუკუნის ანონიმი იტალიელი ავტორის რელაციას თურქეთ-სპარსეთის ომის შესახებ. მისი სრული სათაურია "თურქეთის იმპერატორ სულთან მურადსა და სპარსეთის მეფე სულთან ჰეიდარ მირზას შორის მიმდინარე ომი და ქრისტიანი ქართველები 1577 წლიდან 1581 წლამდე."
აღნიშნული რელაცია 1844 წელს ფლორენციაში ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გამოსცა ეუჯენიო ალბერიმ. Successi della guerra tra sultano Amurat, imperatore de Turchi e sultano Caidar Nirza, re di Persia, e li Georgiani sristiani, del 1577 sinto allsanno 1581 - წიგნში: Relazioni degli ambasciatori veneti al Senato. Reccoltta, annotate ed edite da Eugenio Alberi. Serie IIIa - volume IIa, Firenze, 1844, p. 427-470.

This page contains an image which should be extracted and uploaded to Commons (if it is free in the country of origin) or to Wikisource (if it is free only in USA).


ტექსტი

edit
თურქეთის იმპერატორ სულთან მურადსა და სპარსეთის

მეფე სულთან ჰეიდარ-მირზას შორის მიმდინარე ომი და

ქრისტიანი ქართველები 1577 წლიდან 1581 წლამდე

შაჰ ისმაილ II

edit
1577 წლის ივნისში სპარსეთის დედაქალაქ თავრიზში მიიცვალა სპარსეთის მეფე თამაზი, კონსტანტინეპოლელი თურქების უდიდესი მეგობარი და მომხრე[1]. მისი მეორე ვაჟი ისმაილი მამისადმი ურჩობის გამო ყაზვინის ციხეში იყო ჩამწყვდეული. [თამაზის] ქვეშევრდომებმა მაშინვე გაათავისუფლეს იგი პატიმრობიდან და თავიანთ მეფედ გამოაცხადეს. ისმაილს უნდოდა მისი მეფედ კურთხევის ცერემონიალი ქალაქ ბაბილონში, წინასწარმეტყველის იმამ ჰუსეინის საფლავზე მომხდარიყო, მაგრამ, რადგან [ბაბილონი] თურქების ქვეყანაშია და მტკიცედაა დაცული, იქ ვერ წავიდოდა დიდი ჯარის გარეშე. გარდა ამისა, მეფედ კურთხევის დროს, ჩვეულების თანახმად, მოსახლეობას ურიგებდნენ ხოლმე ცხენებს, იარაღსა და ფულს, რათა შეიარაღებული ხალხი მწყობრით გაჰყოლოდა და ხმალი ჩამოეკიდა მეფისათვის. ამიტომ ის მეფეები, რომლებიც პირველად იმ ქალაქში არ ეკურთხებიან, ხმალს არ ატარებენ. [ისმაილმა] იცოდა, რომ მამამისის ყველა მრჩეველი და კარისკაცი მისი დაუძინებელი მტერი იყო. ამიტომ მათი დახოცვა გადაწყვიტა და აასრულა კიდეც. მრჩევლებად კი სხვები დანიშნა. მათ ურჩიეს, რომ საჭირო იყო ელჩების გაგზავნა სულთანთან, რათა განემტკიცებინათ მამების მიერ დადებული საზავო ხელშეკრულება.
შაჰ ისმაილ II საბჭოს სხდომაზე
მაგრამ [ისმაილს] არ უნდოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან შინაგანად მტერი იყო სულთნისა და თავს იმით იმართლებდა, რომ ხსენებულმა სულთანმა ღირსადაც კი არ ჩათვალა ელჩები გამოეგზავნა გათავისუფლებისა და მემკვიდრეობით სამეფო გვირგვინის მიღების მისალოცად. მრჩეველები ხედავდნენ, რომ იგი ჯიუტი იყო და მტკიცედ იდგა თავის განზრახვაზე, მიუხედავად მრავალი ჩაგონებისა, რომ დიდ ხიფათსა და ზარალს მოუტანდა ომი მის სამეფოს, ისმაილი უფრო გაჯიუტდა. ამიტომ მრჩევლებმა გადაწყვიტეს, უკიდურესი ზომისთვის მიემართათ - მოეკლათ იგი. ისმაილის ერთ-ერთმა საყვარელმა შური იძია მოკლული მამის გამო და მოწამლული თრიაქი მისცა მას. [ისმაილი] სიცოცხლეს გამოასალმეს ტყვეობიდან გათავისუფლების წელსვე, ოქტომბერში. ასე რომ, მან მხოლოდ ოთხ თვეს იმეფა[2].

შაჰ მუჰამად ხუდაბანდა

edit

ისმაილის სიკვდილის შემდეგ კარისკაცებმა და დიდებულებმა მოიწვიეს მისი მესამე ძმა - ჰეიდარ მირზა[3], რომელსაც სუსტი მხედველობა ჰქონდა და იმჟამად ჯიზანში იმყოფებოდა. განსვენებული ძმის მაგიერ მას უნდა დაეკავებინა ტახტი. მრჩევლებს მეორე ძმის, ჯუნეიდ-მირზას გამეფება უნდოდათ, მაგრამ იგი სატახტო ქალაქიდან საკმაოდ შორეულ პროვინციაში, ხორასანში იმყოფებოდა. ჯუნეიდ-მირზა მთელს სამეფოს უყვარდა ღირსეული საქმეების გამო, მაგრამ, რადგან შორს იყო, ამიტომ მოიწვიეს მესამე ძმა, ხსენებული ჰეიდარ-მირზა, რომელიც უდიდესი ზეიმით მიიღო ხალხმა. მეფეთა და ხელმწიფეთა ჩვეულების თანახმად, ჰეიდარ მირზას სურდა თავისი სახელმწიფოს მშვიდობისა და ომის საკითხებზე ეზრუნა. ამიტომ ახალ მრჩევლებს ჰკითხა, როგორი ურთიერთობა დაემყარებინა თურქებთან: ელჩები გაეგზავნა სულთანთან, თუ დალოდებოდა, როდის გამოუგზავნიდა იგი დესპანს გამეფების მისალოცად. მრჩევლებმა დაარწმუნეს, რომ მოცდა ჯობდა, ხოლო, როცა სულთანი ელჩებს გამოგზავნიდა მისალოცად, ამის შემდეგ მოეთხოვა მამების მიერ დადებული მშვიდობის ზავის განმტკიცება. მან მიიღო ეს რჩევა. მაგრამ განვლო დღეებმა და თვეებმა, სულთანმა არც ელჩები აახლა და არც რაიმე მისწერა. სპარსეთის სამეფოს დიდებულები თავიანთი მეფისა და სინიორისათვის კეთილგანწყობილებისა და დიდი სიყვარულის დასამტკიცებლად მივიდნენ მასთან და საკუთარი სიცოცხლე და ქონება შესთავაზეს, თუკი მისი უდიდებულესობა ომს დაიწყებდა. მეფემ ყურად იღო დიდებულთა საერთო აზრი და ომის დაწყება ბრძანა. თავდაპირველად ბაბილონის სახელმწიფოზე უნდა გაელაშქრათ, რადგან იქ განისვენებდა (როგორც თავად ამბობდნენ) მათი ყველაზე დიდი წმინდანის, წინასწარმეტყველ იმამ ჰუსეინის ნეშტი. როცა სპარსეთის მეფის ეს განზრახვა შეიტყვეს, თურქეთის სხვადასხვა სამეფოსა და პროვინციის ფაშებმა და გამგებლებმა სულთანს მისწერეს, რომ პირველად მას დაეწყო ომი და სთხოვდნენ სპარსეთის სამეფოსა და პროვინციების გაძარცვის უფლება მიეცა. როგორც კი ეს ამბავი კონსტანტინოპოლში გაიგეს, სულთანმა სასწრაფოდ ფაშები მოიწვია და რჩევა სთხოვა, ფაშებმა დაარწმუნეს, რომ მისი უდიდებულესობის ღირსებისათვის უმჯობესი იქნებოდა, თუ იგი პირველი დაესხმებოდა თავს სპარსელთა პროვინციებს, ხოლო, როცა შეშფოთებული [სპარსელები] იკითხავდნენ ომის დაწყების მიზეზს, მას შეუძლია უპასუხოს, რომ მოითხოვს იმ არტილერიას, იარაღსა და საგანძურს, რაც სპარსელებმა წაართვეს მის ბიძას, სულთან ბაიაზიდს. ეს იქნებოდა მშვენიერი საბაბი. ამგვარად, გადაწყდა დაუყოვნებლივ დაეწყოთ ომი.

ომისთვის მზადება ოსმალეთში

edit
ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე სულთანმა მისწერა თავისი პროვინციების ფაშებს, რომ ომისათვის მომზადებულიყვნენ და, ვიდრე კონსტანტინოპოლიდან გენერალს გაუგზავნიდა, სპარსელთა ის პროვინციები გაენადგურებინათ, რომელზეც ხელი მიუწვდებოდათ.
ოსმალეთის სულთანუ მურად III
1577 წლის 17 იანვარს[4] [სულთანმა] თავის ვეზირს, მუსტაფა ფაშას, უბრძანა სასწრაფოდ წასულიყო ჯარით არზრუმის მხარეს, რათა შირვანის სამეფო და სპარსელთა მეგობარი და მოკავშირე ქართველთა პროვინციები დაეპყრო. იმავდროულად მეორე ვეზირს - სინან ფაშას უბრძანა მტერს ბაბილონის მხრიდან მიახლოებოდა ჯარით. მან მუსტაფა ფაშას ჩააბარა სამეფო კარის დიდი ჯარი: სამი ათასი იანიჩარი, სამი ათასი სპაოღლანი, მსუბუქი კავალერიის ათასეული, სამასი მცირე ქვემეხი და მრავალი დიდი სამოცმილიმეტრიანი კოლუბრინი. ხსენებული არტილერიის გადასატანად მისცა ათას ხუთასი ცხენი და კამეჩი; დიდი რაოდენობით - დენთი, ჭურვები და მრავალი სხვა აუცილებელი რამ; ექვსასი კაცი ცხენებისა და არტილერიის მომვლელად; ოთხასი იარაღების ოსტატი, რომლებსაც გამოიყენებდნენ საჭიროების მიხედვით; ფული - ას ათი სომი, რაც შეადგენდა ორას სამოცდათხუთმეტ ათას დუკატს. ზემოთ ჩამოთვლილს გარდა, სულთანმა მუსტაფას მისცა სამასი აქლემის ჯოგი, რითაც ამუნიცია და ჯარისკაცების ბარგი უნდა გადაეტანათ. აგრეთვე დოლის, საყვირისა და სხვა ინსტრუმენტების დამკვრელი ოცდაათი მუსიკოსი ბანაკისა და თვით ფაშისათვის.
ლალა მუსტაფა ფაშა
მუსტაფა ფაშას უნდა გაევლო კონსტანტინიპოლიდან ორი მილის დაშორებით მდებარე სკუტარში და თავისი ჯარისთვის შეეერთებინა ყარამანიის ფაშა მეჰმედის ექვსი ათასი, სივასის ფაშა მაჰმუდის - ხუთი ათასი და არზრუმის ფაშა ბაჰრამის - ცამეტი ათასი, აგრეთვე ყარამითის ფაშა დარვიშის - ოცი ათასი მხედარი. დასახელებულ ფაშებს დაევალათ თავიანთი ჯარის სურსათ-სანოვაგე თავიანთსავე საფაშოებში მოემარაგებინათ. ბაბილონის ჯარების სარდალს სინან ფაშასაც იმდენივე ჯარი, ცხენები, ფული, აქლემები და არტილერია გამოუყო სულთანმა, რამდენიც მუსტაფა ფაშას. [სინან ფაშას] თავიანთი ჯარებით უნდა დახმარებოდნენ ბაბილონის ფაშა ჰუსეინი - ოცდაათი ათასი მხედრით, ალეპოს ფაშა მეჰმედი - ექვსი ათასი მხედრით და მარაშის ფაშა აჰმედი - ოთხი ათასი მხედრით. სურსათ-სანოვაგე მათაც საკუთარ საფაშოებში უნდა მოემარაგებინათ. ამ ორ გენერალს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. თითოეული მათგანი დაჟინებით მოითხოვდა ორივე ჯარის სარდლად დაენიშნა სულთანს. სულთანმა გაითვალისწინა რა მუსტაფა ფაშას დიდი პრაქტიკული გამოცდილება, ორივე ჯარის სარდლად დანიშნა და უბრძანა, რომ სკუტარიდან გასვლის შემდეგ საკუთარი შეხედულებისამებრ ემოქმედა. [მუსტაფა ფაშამ] მაშინვე უბრძანა თავის ხელქვეითებს წესრიგში მოეყვანათ ჯარი, მოემარაგებინათ სურსათ-სანოვაგე და საერთოდ ყველაფერი, რაც ომისათვის იყო საჭირო. კაიროში ჩაუში გაგზავნა, და ადგილობრივ ფაშას ბრინჯის, ლობიოს და სხვა მსგავსი საკვების დამზადება უბრძანა. ასეთივე ბრძანებები გაიგზავნა საბერძნეთის, ანატოლიის, ყარამანიის, სირიის, კაიროს და სხვა პროვინციების დედაქალაქებში, რათა შეეკრიბათ ჯარისთვის საჭირო ხელოსნები, ვაჭრები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ხელსაყრელ პირობებს შეუქმნიდნენ ბანაკს.
ოსმალთა არმიის გამოსვლა კონსტანტინოპოლიდან

13 აპრილს, იმავე გენერალმა ბრძანა ხუთი გალერა და ორი მაონა დაეტვირთათ მრავალი იანიჩარით, არტილერიით, ჭურვით, თოფით და სხვა იარაღით და გადმოეტვირთათ ტრაპიზონში, რომელიც იმ ადგილთანაა ახლოს, სადაც მთელ ჯარს უნდა გაევლო. იმავე დღეს გენერალი სულთანს ეახლა გამგზავრების ნებართვის სათხოვნელად. მას თან ახლდა ყველა ფაშა და კარის დიდებული. მუსტაფა ფაშა ამგვარი მომენტისათვის საჭირო ჩვეული ცერემონიალით წარდგა სულთნის წინაშე. [სულთანმა] დალოცა იგი და ოქროქსოვილის სამოსით დააჯილდოვა, კარვის აშლა უბრძანა და მალე გაისტუმრა. ხსენებული გენერალი მაშინვე გამოეთხოვა სულთანს და მის განკარგულებაში მყოფი ხუთი გალერიდან ერთ-ერთზე ავიდა. მასთან ერთად იმყოფებოდა ყველა ის ფაშა და დიდებული, რომელიც სულთანმა აახლა. მათ გადაცურეს სრუტე, მივიდნენ სკუტარის მახლობლად ფაშას ბანაკში და გამართეს დიდებული სადილი, რომლის დასრულების შემდეგ მან ყველა გაისტუმრა. დიდებულები კონსტანტინოპოლში დაბრუნდნენ.

[მუსტაფა სკუტარში] დაახლოებით ოცი დღე დარჩა და მწყობრში მოიყვანა ჯარი. სულთანი ხედავდა, რომ მუსტაფა ფაშა აყოვნებდა გამგზავრებას. ამიტომ გადაწყვიტა გადაელახა სრუტე და დავანებულიყო თავის ერთ-ერთ სასახლეში, რომელიც ახლოს იმყოფებოდა იმ ადგილთან სადაც ხსენებული გენერალი იყო დაბანაკებული. სასახლეში მისვლისთანავე სულთანმა გაიხადა ფარჩის ოქროქსოვილი სამოსი და ძვირფასი ქვებით მოჭედილ მოღუნულ თურქულ ხმალთან ერთად გაუგზავნა მუსტაფა ფაშას და უბრძანა, რაც შეიძლება სწრაფად გამგზავრებულიყო. საჩუქრები რომ მიიღო, გენერალმა მადლობა მოახსენა და შეუთვალა სულთანს, რომ სიამოვნებით დაემორჩილებოდა მის ბრძანებას. მთელ ბანაკში მაშინვე გაიცა განკარგულება მზადყოფნისა და მეორე დღეს გამგზავრების შესახებ. გენერალს ძალიან კარგად ესმოდა, რომ მისი მბრძანებელი სასახლეში იმისათვის გაჩერდა, რათა თვალი ედევნებინა, როგორ აიშლებოდა ბანაკი. ამგვარად, ხუთ მაისს, ოთხშაბათს, [გენერალი] შესანიშნავი მწყობრით გავიდა სკუტარიდან მთელ ჯართან ერთად. ასე იმიტომ მოიქცა, რომ მისი სინიორი, რომელიც მარშის დროს ფანჯარასთან იდგა, კმაყოფილი დარჩენილიყო. [გენერალი] მივიდა მალტებეში, შეჩერდა და ქვეითებისა და ცხენოსნების დათვალიერება მოაწყო. მან კვლავ გააგრძელა გზა და ოთხი დღის შეუჩერებელი სიარულის შემდეგ მივიდა ერთ ქალაქში, რომელსაც იზმითი ჰქვია. აქ მოაწყო ნადიმი იანიჩარებისა და სიფაჰებისათვის და დააჯილდოვა კიდეც.
ბანკეტი იზმითში 1578 წ. 5 აპრილს
იანიჩარებიდან ოთხი ამოარჩია და თავის ჩაუშად დანიშნა, ხოლო ოთხი კავალერისტი - საჭურველთმტვირთველად. ჯარის გავლის შემდეგ [იმ მხარეში] ყველაფერი გაძვირდა. ამიტომ მან თავისთან დაიბარა როგორც იანიჩარების, ასევე არტილერისტების აღა და ჩააბარა მთელი ის არტილერია, რაც თან მიჰქონდა, დაახლოებით სამასი მცირე ქვემეხი და უბრძანა, რომ სასწრაფოდ გამგზავრებულიყვნენ არზრუმში, სადაც მთელი ჯარი უნდა შეყრილიყო. თვითონ კი ყარამანიისაკენ გაეშურა და კონსტანტინოპოლიდან გასვლის ოცი დღის შემდეგ მივიდა ქალაქ ალჯინში, იქ ხუთი დღე გაჩერდა, რათა ცხენებისათვის ბალახი მიეცა, ხოლო ჯარისათვის დასვენება. იქიდან აიყარა და სამი დღის შემდეგ მიაღწია კონიას, სადაც ყარამანიის ფაშა იმყოფებოდა. ფაშა მთელი თავისი კავალერიით გამოვიდა გენერლის შესახვედრად და მისდამი პატივისცემის გამოხატვის მიზნით კარვის წინ მიწაზე ორი თოფი ოქროქსოვილი ფარჩა გაუშალა, რათა მასზე გაევლო [გენერალს]. სამი დღის შემდეგ [გენერალი] გაემგზავრა და მეათე დღეს მივიდა სივასში, სადაც მთელი ჯარითა და ზარ-ზეიმით გამოეგება ადგილობრივი ფაშა.

ოსმალთა ჯარი არზრუმთან

edit
მეორე დღეს ხსენებული გენერალი ორ ფაშასთან ერთად გაემგზავრა და ოცი დღის შემდეგ მიაღწია ერთ უზარმაზარ მინდორს, რომელიც არზრუმთან სამი მილით იყო დაშორებული. იქ იმყოფებოდნენ იანიჩართა და არტილერისტთა აღები, ქალაქ არზრუმის აღა ოსმან ფაშა. ის თავისი ჯარით ელოდა [გენერალს]. ყველანი მხედრებითა და ქვეითი ჯარით გაეშურნენ მის შესახვედრად. ისინი დიდი ზეიმით შეეგებნენ მას და ქვემეხების გრიალით მიესალმნენ. [გენერალმა] ნახა, რომ ჯერ კიდევ მთლიანად არ იყო მოსული არც ჯარი, არც სანივაგე და არც ხაზინა, რომელსაც ელოდა დამასკოდან, სირიიდან, ყარამანიიდან და სხვა ადგილებიდან. ამიტომ გადაწყვიტა, დაეცადა. მათ მოსვლა და ყველაფრის მოზიდვა რომ დაეჩქარებინა, ოცდაორი დღე დარჩა იქ. ამ დროს დამასკოდან მოვიდა ჯარი ხაზინასთან ერთად, რომელიც შეადგენდა დაახლოებით სამასი ათას ცეხინს. ამდენივე ჩამოიტანეს ალეპოდან, ყარამითიდან და ყარამანიიდან - ორმოცი სომი - რაც ორმოცი ათას ცეხინს შეადგენდა, ხოლო სივასიდან და არზრუმიდან სამოცდაჩვიდმეტი სომი ასპრი გამოგზავნეს, რაც დაახლოებით ასოცდაოთხი ათას ცეხინს უდრის. ყარამითიდან მორეკეს მრავალი აქლემი აღნიშნული ხაზინის, სურსათისა და ამუნიციის წასაღებად. მორეკეს აგრეთვე ოთხმოცი ათასი ცხვარი მრავალ ათას მსუქან ღორთან ერთად. ამის შემდეგ [გენერალმა] ჯარის გაგზავნა მოისურვა. ეს ჯარი დაახლოებით სამასი ათასი კაცისაგან შედგებოდა, თუ არ ჩავთვლით ექვსი ათას იანიჩარს,
იანიჩარები
არკებუზერს, არტილერისტს, დიდი რაოდენობით ვაჭარსა და ხელოსანს. [გენერალმა] ყველა ფაშა და აღა დაიბარა და მითითებები მისცა. უპირველეს ყოვლისა, მარაშის ფაშას, აჰმედს, დაავალა, რომ თავისი ჯარი არზრუმიდან ორი დღის სავალზე მდებარე ქალაქ კარაკესეში გაეყვანა და ის მხარე დაეცვა, რაზეც ფაშამ უპასუხა: "ბატონო გენერალო, მე მზად ვარ აქ ავასრულო თქვენი ბრძანებები და მუდამ გემსახუროთ. ამიტომ გთხოვთ, ნუ გამგზავნით იქ, მამყოფეთ თქვენს მახლობლად." გენერალმა ეს რომ მოისმინა, საშინლად განრისხდა. დანარჩენი ჯარი რომ დაეშინებინა და უსიტყვო მორჩილებაში ყოლოდა, ჩაუშს მოუხმო და უბრძანა თავი მოეკვეთა ფაშასთვის. მაგრამ სხვა ფაშებმა, აღებმა და მუფთიმ სთხოვეს მისი შეწყალება. სიციცხლე აჩუქა გენერალმა მას, მაგრამ საგამგებლო და ფაშას წოდება ჩამოართვა. აშას მაგიერ დანიშნა მისი ნათესავი სანჯაყ-ბეგი მუსტაფა, რომელიც ანატოლიის ბეგი იყო. აჰმედმა, თუმცა დაჰკარგა ფაშას თანამდებობა, მაინც ითხოვა პატიება დაშვებული შეცდომის გამო და შეეხვეწა გენერალს, ნება მიეცა ასე უფლებააყრილი დარჩენილიყო თავის მონებთან, რათა სულთნისათვის ებრძოლა. მან უპასუხა, რომ გენერლის ურჩობა სულთნის ურჩობას ნიშნავდა და დანაშაულის გამოსასყიდად ხელსაყრელ შემთხვევას დალოდებოდა.

ამის შემდეგ ბანაკში გამოაცხადეს, რომ არზრუმიდან ერთი მილის დაშორებით კარვების, ბარგის გადაზიდვის და აქლემების გადაყვანის შემდეგ ჯარი ცხენებით და იარაღით იმავე ადგილას უნდა დარჩენილიყო. [გენერალს] ჯარის დათვალიერება სურდა. აგრეთვე განზრახული ჰქონდა, არზრუმში დატყვევებული სპარსელებისათვის ეჩვენებინა ჯარი. ამიტომ ტყვეები ქალაქის კედელზე სწორედ იმ ადგილას დააყენა, სადაც მწყობრით უნდა გაევლო მთელ ჯარს არტილერიისა და არკებუზების სროლით, შეხლა-შემოხლით და ცხენების ჭენებით. კარვებთან მისულებს მდიდრულად გაშლილი სუფრები დახვდათ. იქ იმყოფებოდა ყველა ფაშა, სანჯაყ-ბეგი, აღა, იანიჩარი და მხედარი. საკუთარი ძლიერების საჩვენებლად ერთი ტყვე სპარსელი მიიყვანეს. სადილის შემდეგ გენერალი დაბრუნდა თავის კარავში ყველა ფაშასთან, აღასთან და იმავე ტყვე სპარსელთან ერთად და ჰკითხა, შეეძლოთუ არა შეეფასებინა ურიცხვი ჯარი და ძვირფასი სუფრა. ტყვემ უპასუხა: [სულთნის] ჯარი სპარსეთის მეფის ჯარზე მეტია და გაოცებას იწვევს ამგვარი ძლიერება და სიუხვე. ეს რომ მოისმინა გენერალმა ტყვეს გადასცა მეფისათვის განკუთვნილი წერილი, ოთხი ათას ასპერად ღირებული საპატიო ხალათი და გააყოლა ერთი იანიჩარი, რომელსაც საზღვრამდე უნდა მიეცილებინა იგი, რათა თავს არავინ დასხმოდა. ეს მოხდა ივლისის ბოლო რიცხვებში.

საქართველოში შემოჭრა

edit
მეორე დღეს კი გენერალი მთელი ჯარით გაეშურა ქართველების ქვეყნისაკენ, რათა დაეპყრო იგი, თუკი სპარსეთის მეფე შეთავაზებულ ზავზე არ დათანხმდებოდა. ორი დღის შემდეგ მივიდა ერთ ციხე-სიმაგრესთან, რომელიც სპარსეთისა და საქართველოს საზღვარზე მდებარეობდა. [ჯარმა] შეუსვენებლად იარა და მეორე დღეს საქართველოში შესვლა დაიწყო შემდეგი თანმიმდევრობით: ავანგარდში მიდიოდა ყარამითის ფაშა ოცი ათასი მხედრით და არზრუმის ფაშა ცამეტი ათასი მხედრით; მათ მიჰყვებოდნენ არტილერისტები ყველა საველე ზარბაზნითა და საჭურვლით, თითოეულ ქვემეხს მიათრევდა ოთხი ცხენი. მათ შემდეგ ქვეითად მიდიოდა ექვსი ათასი იანიჩარი და არკებუზერი, შემდეგ კი ასი მხედარი, აგრეთვე დიდი რაოდენობით შეკაზმული, ოქროთი მორთული ცხენები, რომლებიც აღვირებით ეკავათ მხედრებს. ისინი გენერლის მარქაფა ცხენები იყო. შემდეგ მიდიოდნენ მოსამსახურენი და მეჯინიბენი, შემდეგ კი - თვით ხსენებული გენერალი, რომელსაც მისდევდა სამი არკებუზერი, ხოლო მათ უკან მიჰყვებოდა მისი ორი უწვერული ყმაწვილი მსახური, რომლებსაც გენერლის იარაღი მოჰქონდათ. შემდეგ მოჰქონდათ მთავარი დროშა სხვა სახელგანთქმული დროშების, ყველა ფაშას, აღას, სანჯაყ-ბეგისა და დანარჩენი მეთაურების დროშების თანხლებით. მარჯვენა ფლანგზე მიდიოდა ორი ფაშა თავ-თავისი ჯარით, ხოლო მათ მოჰყვებოდა აღალი, მსახურები, ორი მოხალისე კაპიტნის წინამძღოლობით. ორი დღის განმავლობაში მარშით სიარულის შემდეგ მთელი ჯარი მიადგა ქაჯის ციხეს, რომელიც ქართველებს ეკუთვნით.
ქაჯის ციხე
ვიდრე მთელი ჯარი მიაღწევდა ხსენებულ ციხეს, ავანგარდი თავს დაესხა და მოხალისეების დახმარებით დაიპყრო, გაძარცვა და გაჟლიტა მოსახლეობა. ეს მოხდა 14 აგვისტოს. გენერლის მოახლოებისას ავანგარდმა დიდი რაზმი ციხეში დატოვა და კარვების გაშლა დაიწყო. ვიდრე ავანგარდი კარვებს გაშლიდა, ჯარი წესისამებრ ცხენებზე იყო ამხედრებული საბრძოლო მზადყოფნაში, რადგან ავანგარდის კარვები ბანაკის კარვებისაგან საკმაოდ მოშორებით დგას. ბანაკის შუაგულში გენერლის კარავი იშლება, მას იცავენ უპირველეს ყოვლისა, მონები, შემდეგ - იანიჩარები, შემდეგ - სპა-ოღლანები და ჯაჭვებით ერთმანეთზე გადაბმული არტილერია. ბანაკს აქვს ორი ადგილი, რომელიც მხოლოდ დღისით იხსნება და ჭიშკრის მაგივრობას წევს. თავის კარავში რომ მივიდა გენერალი, ბეჰრემ-ფაშას კაფუჯი-ბაში, ე.ი. მსახურთუხუცესი, ეახლა და ციხის აღების ამბავი მოახსენა. განრისხებულმა გენერალმა სილა გააწნა მას და უთხრა: "ძაღლო, რა სიახლეა შენს ნათქვამში? შენ გგონია ამ ადგილს რაიმე მნიშვნელობა აქვს, მე შენ გეუბნები, რომ ეს სიმაგრე კი არა სამტრედეა. სასწრაფოდ გამეცალე, თორემ თავს მოგკვეთ!" მსახურთუხუცესი ტირილით დაბრუნდა თავის ფაშასთან, რომელიც ამის შემდეგ თვითონ ეახლა გენერალს და ციხის აღების ამბავი ხელახლა მოახსენა. [გენერალმა] მადლობა გადაუხადა მას და ნება მისცა თავის ბანაკში წასულიყო დასასვენებლად.

ბრძოლა სპარსელებთან

edit
საშინელი სიცხე იდგა. მთელი ჯარი დასასვენებლად და ძილისათვის მოეწყო. ამ დროს მოვიდა სპარსეთის მეფის გენერალი მეჰმედ-ხანი თავისი ორმოცდაათი ათასი მხედრით და შვიდი ათასი ცხენოსანი და ქვეითი ქართველით, რომელსაც მეთაურობდა ქართველთა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მანუჩარი. ისინი მივიდნენ ხსენებული ქაჯის ციხის [დამცველთა] დასახმარებლად, მაგრამ იგი დაპყრობილი დახვდათ და თურქების ბანაკიდან დაახლოებით სამი მილით დაშორებული ველის ციხესთან შეჩერდნენ. როცა გაიგეს, რომ თურქები დაღლილნი იყვნენ და ისვენებდნენ, გადაწყვიტეს თავს დასხმოდნენ ავანგარდს, რომელიც ოცდაცამეტი ათასი მხედრისაგან შედგებოდა. მაგრამ ვერ შეძლეს თურქების ბანაკში შეჭრა, რადგან კარვებს შორის გაბმული ბაგირები ჰკეტავდა გზას. თურქებმა გაიგეს თუ არა მათი მოსვლის შესახებ, ცხენებზე ამხედრდნენ და ველზე გაიჭრნენ საბრძოლველად. პირველი შეტაკებისთანავე დაიღუპა ათასზე მეტი [თურქი] და ოცდაათი გამოჩენილი სანჯაყ-ბეგი. ამასობაში დერვიშ ფაშა თავს დაესხა სპარსელთა უმამაცეს გენერალს. მან შუბით ჩამოაგდო ცხენიდან დერვიშ ფაშა, მაგრამ ერთ-ერთი მსახური უმალ ჩამოხტა [ცხენიდან] მის დასახმარებლად და საღ ცხენზე შესვა. ის მსახური თვითონ დაიღუპა, რადგან დროულად ვერ მოახერხა ცხენზე შეჯდომა. თურქების ბანაკიდან მავანი წავიდა თავის გენერალთან მტრის [მოკვეთილი] თავითა და ცხენით და მომხდარი ამბის შესახებ მოახსენა. [გენერალი] სიკვდილით დასჯით დაემუქრა ამ კაცს, რათა მას ისეთი არაფერი ეთქვა, რაც პანიკას გამოიწვევდა ბანაკში. გენერალმა ბრძანა ეხმოთ ყველა ფაშა და აღა, რომელთაც დაავალა მწყობრში მოეყვანათ ყველა იანიჩარი და არტილერია. მან სამი ფაშა და დაქირავებული ჯარის ორი აღა თავ-თავის ჯარით გაგზავნა მებრძოლთა დასახმარებლად. ბრძანება გასცა, აგრეთვე, სასწრაფოდ აესხათ იარაღი, შეეკაზმათ ცხენები და, თუ საჭირო იქნებოდა, დანარჩენი ჯარიც გაემზადებინათ საბრძოლველად.
ყიზილბაში მეომარი
მტრის მოულოდნელი თავდასხმის აცილების მიზნით, საჭიროდ ჩათვალა, დაეყენებინათ გუშაგთა დიდი რაზმი. ნაშუადღევს გენერალთან ვიღაც მოვიდა დახმარების სათხოვნელად, რადგან სპარსელებმა და ქართველებმა ცუდ დღეში ჩააყენეს [თურქები]. გენერალმა სასწრაფოდ იხმო ოსმან ფაშა და უბრძანა კარგად მომზადებულიყო, რადგან სურდა მისთვის ჩაებარებინა დროშა და წარჩინების ყველა ნიშანი, დოლები და ინსტრუმენტები, სამასი იანიჩარი, ორმოცი ქვემეხი, რათა მებრძოლების დასახმარებლად წასულიყო. გენერლის ბრძანების თანახმად, ოსმან ფაშამ წესრიგში მოიყვანა ყველაფერი და ზემონახსენები წარჩინების ნიშნებით, დროშებით, სხვა საკრავებისა და დაფდაფების ცემით თავისიანებისაკენ გაეშურა. წინ უძღოდნენ იანიჩარები, ჩაუშები და საველე არტილერია მიჰქონდათ. გენერლის მსგავსად ოსმან ფაშა სვენებ-სვენებით მიდიოდა. გაუდგა თუ არა გზას, მან მაშინვე გაგზავნა ჩაუშები, რომლებსაც უნდა გაევრცელებინათ ყალბი ცნობები, ვითომ თვით გენერალი მიდიოდა მთელი ჯარით. სპარსმა [სარდალმა] უკან გაიწვია ყველა მებრძოლი. ბრძოლის ველზე მრავალი მოკლული და დატყვევებული დარჩა. მეორე დღეს, ადგილობრივი მოსახლეობის დასაშინებლად და თავისი მებრძოლების გასამხნევებლად, გენერალმა ბრძანა გზასთან ახლოს მტრის მოკვეთილი თავებით აეგოთ კოშკი. მან ჩაუში და მუტეფერეკა გაგზავნა კონსტანტინოპოლში, რათა სულთნისათვის მოპოვებული გამარჯვების შესახებ ეცნობებინა.

მანუჩარ ათაბაგი

edit
16 აგვისტოს გენერალმა ბანაკი აშალა და გაეშურა თეთრციხისაკენ, რომელიც დატყვევებულ მანუჩარს ეკუთვნოდა.
თეთრციხე (აღჯაყალა)
იქ მისვლისთანავე მა იხმო მანუჩარი და ჰკითხა, რამდენი ქალაქისა და ციხის მფლობელი იყო იგი. [მანუჩარმა] ყველაფერზე გასცა პასუხი. გენერალმა ჰკითხა: "ახლა, როცა დამარცხდით, რა მოელის თქვენს სამფლობელოებს?" მანუჩარმა უპასუხა: თქვენს განკარგულებაში ვართ მეც და ჩემი სამფლობელოებიც და შეეხვეწა: მადლობელი ვიქნები, თუ საცხოვრებლად თითო ციხეს დაგვიტოვებ მე და ჩემ მოხუც დედასო. ამით კმაყოფილმა გენერალმა დაუტოვა ყველაფერი, რაც მანუჩარმა ითხოვა და სანჯაყ-ბეგობაც უბოძა, თუმცა ქრისტიანობა შეუნარჩუნა. გენერალმა თხუთმეტამდე ქალაქსა და ციხეში დატოვა სანჯაყთა რაზმები, იანიჩრები და არტილერია და მთელი დანარჩენი ჯარით ქალაქ თბილისისაკენ გაეშურა.

თბილისი

edit
იგი შიშობდა, რომ ჯარის მოსვლამდე მოსახლეობა გაიხიზნებოდა ქალაქიდან. ამიტომ ოსმან ფაშა გაგზავნა ხუთი ათასი მხედრით, რათა მის მისვლამდე შემოერტყა ალყა თბილისისათვის. იგი [თბილისიდან] ორი დღის სავალზე იმყოფებოდა და ნელა მიიწევდა წინ, როდესაც ოსმან ფაშა ქალაქს მიუახლოვდა, თბილისი და მისი ციხეც დაცარიელებული დახვდა.
ოსმალთა არმია თბილისში
[ფაშა] ქალაქში შევიდა და ხელთ იგდო დიდძალი სურსათი და ქონება. მან მაშინვე კაცი გაუგზავნა გენერალს, რომელიც სამი მილის მოშორებით იყო დაბანაკებული, რათა ჯარისკაცებს ცეცხლით ან სხვა რამით არ დაეზიანებინათ სახლები, და აცნობა სიახლენი [ქალაქის აღების შესახებ]. იქ მიედინება დიდი მდინარე მტკვარი, რომელიც შუაზე კვეთს ქალაქს. მის მცხოვრებლებს დაენგრიათ მდინარეზე გადებული ხიდი, რათა მტერს არ შეძლებოდა მისი გამოყენება. გენერალმა ბრძანა, ერთ დღეში აღედგინათ ხიდი იმ მაღალი მსხვილი ხეებით, რომლებიც ქალაქიდან ცოტა მოშორებით იდგნენ. სამი დღის სიარულის შემდეგ მან ბრძანა დაედგათ კარვები ზემოთ დასახელებული მდინარის მეორე ნაპირზე, შირვანის მხარეს. [თბილისიდან] წასვლის წინ მან ქალაქის დაცვა დაავალა მეჰმედ ბეის, რომელსაც ფაშობა უოძა. მეჰმედ ბეის ჩააბარა ათი ათასი ცხენოსანი და ქვეითი, სამასი იანიჩარი, ოცდათექვსმეტი ქვემეხი, ამუნიცია, ფული, ერთი წლის სამყოფი სურსათ-სანოვაგე და მანუჩარის სამფლობელოებამდე ქართველთა მთელი ქვეყნის გამგებლად დანიშნა.

ლალა ფაშა და ალექსანდრე კახეთის მეფე

edit
გენერალს შირვანში წასვლა ჰქონდა განზრახული, მაგრამ ერთი მეფის ქვეყანა უნდა გაევლო, რომელიც დაბრკოლებას უქმნიდა. ამიტომ გადაწყვიტა სანჯაყ-ბეგი კატასი გაეგზავნა ელჩად. მას უნდა დაერწმუნებინა [მეფე], რათა მორჩილება გამოეცხადებინა გენერლისადმი. სამაგიეროდ მეფობის შენარჩუნებას ჰპირდებოდა, თუკი ყოველი ოჯახი თითო ცეხინს გადაიხდიდა, ხოლო მეფე [გენერალს] ცნობდა თავის სინიორად. სამაგიეროდ მას ნურაფრის შიში ნუ ექნებოდა. გაეშურა თუ არა ელჩი, გენერალი მთელი ჯარით მიჰყვა უკან და მესამე დღეს მიადგა მდინარე იორს, აქ მან კარვების გაშლა და დასვენება ბრძანა, სანჯაყ-ბეგ კაიტასი მეფესთან ერთად დაბრუნდა.
ალექსანდრე II და მუსტაფა ლალა-ფაშა
მეფემ მდიდრული საჩუქრები მოიტანა და ზავი ითხოვა. ზავი დაიდო. მეორე დღეს გენერალი ჯართან და ზემოხსენებულ მეფესთან ერთად გაემგზავრა და გზად შირვანში ლაშქრობის შესახებ ეთათბირებოდა. როცა [შირვანის] ქვეყანას ოთხი დღის სავალზე მიუახლოვდნენ, მეფემ მხედართა რაზმი სთხოვა გენერალს ქალაქ შაქზე გასალაშქრებლად. ქალაქ [შაქის] კაპიტანი და გუბერნატორი მისი მტერი იყო და მეფეს მისი შეპყრობა და მიყენებული შეურაცხყოფისათვის შურისძიება სურდა. გენერალმა მაშინვე მისცა ათას ორასი მხედარი და თვითონაც ზემოდასახელებული ქალაქისაკენ გაეშურა. ქალაქიდან ოთხი მილის დაშორებით მიადგა ერთ ძალიან დიდ მდინარეს, რომელიც ქართველების ქვეყანას და შარვანს ერთმანეთისგან ჰყოფს. გენერალმა ვერ შეძლო მდინარის გადალახვა, რადგან არც ხიდები იყო გადებული და არც ნავები გააჩნდა. ამიტომ ოთხი დღის განმავლობაში მდინარის აღმა სიარული მოუხდა. ამასობაში, მეფის მოწინააღმდეგემ [შაქის] გამგებელმა მტრის მოახლოება რომ შეიტყო, გაიქცა და სპარსეთს შეაფარა თავი. მეფე შევიდა ქალაქში, დაიკავა იგი, ამოწყვიტა ყველა გუშაგი და მოსახლეობა დაინდო. ამის შემდეგ მალემსრბოლი გაგზავნა, ყველაფერი აცნობა გენერალს, რომელიც მცირეოდენი დაშორებით იდგა ზემოდასახელებული მდინარის ნაპირას და ვერ ახერხებდა ჯარის გადაყვანას. ამ ამბით კმაყოფილმა გენერალმა შეუთვალა, რომ [შაქში] დალოდებოდა, ვიდრე მდინარე დაიკლებდა. მაგრამ მდინარე უფრო მატულობდა და [გენერალს] ექვს დღეს მოუხდა იქ დარჩენა.

შეტაკება სპარსელებთან

edit
იმავდროულად მოვიდა ცნობა, რომლის მიხედვითაც სპარსეთის მეფის ნათესავი და თბილისის სამეფოს გამგებელი ემირ-ხანი თავის მეფეს დაჰპირებია, თუ მთელი ჯარის გენერლად დამნიშნავ, [თურქების] ჯარს გავანადგურებო.
თბილისი XVII საუკუნეში
გენერალს არ სურდა ამის დაჯერება. მან კვლავ მიიღო ამგვარივე ცნობა თავისიანებისაგან, რომლებიც ჯარისაგან მოშორებით იმყოფებოდნენ სურსათისა და ცხენებისათვის ნამჯის საშოვნელად, რადგან ირგვლივ ყველაფერი გადაბუგული იყო, ბალახიც კი არ მოიძებნებოდა და შიმშილით იხოცებოდნენ. მათ თავს დაესხა სპარსელთა ჯარი, ხუთასამდე კაცი დაიღუპა და ტყვედ ჩავარდა. გენერალს მაინც არ უნდოდა ამის დაჯერება. ამბის გასაგებად მან სანჯაყ-ბეგი გაგზავნა ორასი მხედრით. სამი მილის გავლის შემდეგ სანჯაყ-ბეგი წააწყდა სპარსელთა მრავალრიცხოვან კავალერიას. ისინი თურქების კუთვნილ იმ ექვსას აქლემს მიერეკებოდნენ, რომელიც მდელოზე ბალახობდა. ეს რომ სანჯაყ-ბეგმა ნახა, დაბრუნდა და ყველაფერი მოახსენა თავის გენერალს, რომელმაც განკარგულება გასცა, მწყობრში მოეყვანათ მთელი ჯარი და სპარსელთა დასალაშქრად გააგზავნა. თავად დაიტოვა არტილერიაც, იანიჩარებიც და სასახლის სიფაჰებიც. ჯარი მტრის ბანაკისაკენ გაეშურა და მიადგა მდინარე იორს, რომლის გადალახვა არ იყო ადვილი, რადგან მეორე ნაპირზე მტერი საბრძოლო მზადყოფნაში ელოდა. ეს ამბავი გენერალს აცნობეს ფაშებმა, მან კი სასწრაფოდ ექვსასი ქვემეხი გამოუგზავნა. როგორც კი ქვემეხები მიუტანეს, მაშინვე დაუშინეს მტერს. შეშინებულმა სპარსელებმა მცირე მანძილით დაიხიეს უკან და თურქების ჯარი მთლიანად გადავიდა [მდინარეზე]. მტერი ამას ელოდა. მაშინვე დაესხა თავს და ბრძოლამ ღამემდე გასტანა. დაიღუპა ათიათასამდე [თურქი], სამაგიეროდ განადგურდა სპარსელთა ჯარი. მოკლულთა და დატყვევებულთა სახით მათ დაახლოებით ოცი ათასი კაცი, მათ შორის მრავალი სანჯაყბეგი დაკარგეს. ისინი ჯერ თურქ გენერალს მიჰგვარეს, და შემდეგ თავები მოჰკვეთეს. იმდენად ხმლით არ გაწყვეტილან სპარსელები, რამდენადაც გაქცევის დროს, მდინარე იორზე გადასვლისას მათ ერთმანეთი გადათელეს, წყალში ჩაცვივდნენ და დაიხრჩვნენ.

უკმაყოფილება ლალა ფაშას ბანაკში

edit
თურქების ჯარის ეს გამარჯვება რომ შეიტყვეს, ფაშები მისალოცად და ხელზე სამთხვევად ეახლნენ გენერალს. მათ მოკლული მტრის მოკვეთილი თავები მიჰქონდათ და ტყვეებსაც მიათრევდნენ, რათა ჯილდო მიეღოთ. ფაშები იმედოვნებდნენ, რომ გენერალი, ჩვეულებისამებრ, ხელფასს გაუდიდებდა. უკვე 13 ოქტომბერი იყო. თურქების ჯარმა რვა დღის განმავლობაში ვერ შეძლო მდინარე ალაზნის გადალახვა. ყველა ჩიოდა, რადგან ადამიანები და ცხენები იხოცებოდნენ. ისინი თავიანთ ფაშებს ეხვეწებოდნენ საჭირო საკვები ეშოვათ, თუ არადა უკან დაბრუნდებოდნენ. ფაშები ურჩევდნენ გენერლისათვის მიემართათ. სიფაჰები მართლაც ასე მოიქცნენ. მაგრამ [გენერალი] განრისხდა, მოთავენი შეიპყრო და მათი გაროზგვა ბრძანა. სიტყვიერად კი შემდეგი უპასუხა: "ჩვენ აქ მოვედით შორეული ქვეყნებიდან. ახლა როცა, სულთნის ბრძანების თანახმად, შირვანი უნდა დავიპყროთ, ერთმა პატარა მდინარემ შეგვაშინა და უკან უნდა გავბრუნდეთ? ვინც კიდევ დაიჩივლებს, ჩამოვახრჩობ". აღმოჩნდა, რომ ბეჰრემი და დერვიში გენერლის მტრები იყვნენ. მათ წააქეზეს სასახლის მრავალრიცხოვანი სიფაჰი, გენერალთან მისულიყვნენ და საკვები მოეთხოვათ თავიანთთვის და ცხენებისათვის, რათა შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ისიც უნდა მოეხსენებინათ, რომ მდინარეზე გადასვლა სიკვდილის საშიშროებით ემუქრებოდა ყველას. ყოველივე ეს სათანადო დამაჯერებლობით უნდა მოეხსენებინათ გენერლისათვის. საშინლად აღშფოთებული სიფაჰები იარაღით ხელში ეახლნენ გენერალს და განუცხადეს: თუ ნებით არ გაგვიშვებთ, თვითნებურად გავბრუნდებით არზრუმში გამოსაზამთრებლად, თან დროშას და ხაზინას წავიღებთო. გენერალმა შექმნილი მდგომარეობა შეაფასა და სცადა ტკბილი სიტყვით დაეცხრო მათი მღელვარება: "თუ ხაზინის წართმევა გინდათ, ამით დიდ უსიამოვნებაში ჩამაყენებთ, რადგან მე მოლოდ გამცემი ვარ [ფულისა], თქვენ კი - მიმღები. თუ დროშის წართმევა გინდათ, წაიღეთ, რადგან მე არ ვაპირებ სხვაგან მის წაღებას. მაგრამ თქვენ ჩაითვლებით თქვენი სინიორის მოღალატეებად. ამიტომ დაფიქრდით, რას აკეთებთ. მე კი დღესვე ვიშოვი სურსათ-სანოვაგეს, რითაც კმაყოფილი დარჩებით".
სიფაჰები
ასეთი დაპირების შემდეგ სიფაჰები უკან გამობრუნდნენ, მაგრამ მოტყუებულნი დარჩნენ, რადგან გენერალმა მიცემული სიტყვა არ შეასრულა. მაშინ სიფაჰებმა სცადეს იანიჩარები მიემხროთ და ერთად მოეთხოვათ უკან დაბრუნება, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, თუ ზემონახსენებ მდინარეზე გადავიდოდნენ, დაიღუპებოდნენ და თავიანთი ოჯახების დარდი არ ასვენებდათ. მოითათბირეს და იანიჩარებს შეუთანხმდნენ, მოეკლათ გენერალი, რომელიც დაბრკოლებას უქმნიდა. მის ადგილზე კი დერვიშ ფაშა აერჩიათ. ამის შემდეგ სიფაჰები სხვა ფაშებს ეახლნენ და თავიანთი განზრახვის შესახებ მოახსენეს. [ფაშებმა] უპასუხეს: "ჰქმენით, რაც გსურთ". იქიდან დერვიშ ფაშასთან გაეშურნენ, რათა ეკითხათ, თანახმა იყო თუ არა [გენერლის] თანამდებობაზე. რადგან დერვიშ ფაშა გენერლის მტერი იყო, სიამოვნებით დათანხმდა. მაშინ ფაშები გენერალს ეახლნენ და განუცხადეს: "ყველანი აქ ვართ და გვსურს დაუყოვნებლივ გავბრუნდეთ უკან, არც სურსათი გვინდა და არც სხვა რაიმე. თუ არ დაგვთანხმდებით, განზრახული გვაქვს, ავირჩიოთ სხვა გენერალი, რომელიც ჩვენ სურვილს დააკმაყოფილებს". გენერალმა უპასუხა: "მე აქ თქვენთან ერთად ვიმყოფები ჩემი სინიორის ბრძანებით, რათა დავიპყრო შირვანის სამეფო. თქვენ კი უკან დაბრუნება გწადიათ. გეკითხებით, მარტო მე შევძლებ მის დაპყრობას?" ფაშებმა ყვირილით მიუგეს: "ჩვენ უკან გაბრუნება გვინდა. თუ თქვენ თანახმა არ იქნებით, მოვიქცევით ისე, როგორც გვსურს და მოგეპყრობით ისე, როგორც იმსახურებ". გენერალს შეეშინდა სიკვდილისა. იგი ხედავდა, რომ ფაშებიც მისი ორი ნათესავის - ოსმანისა და მეჰმედის - გარდა, ჯარისკაცებს ემხრობოდნენ. მან უპასუხა: "მე აქ ვარ. რა პატივს მიიღებთ ჩემი მოკვლით? იტყვიან მხოლოდ რომ კაცისმკვლელები ხართ. საბოლოოდ თავად დარჩებით უკმაყოფილონი და თქვენ მიერ ჩადენილი ცოდვა გაგტანჯავთ. მაგრამ რაკი გაბრუნება და სხების ძალით წაყვანა განგიზრახავთ, მე ის მამშვიდებს, რომ თავის გამართლების კანონიერი საბაბი მექნება". სიფაჰიებმა უპასუხეს: "წამოდით, ერთად დავბრუნდეთ და ჩვენ დაგემოწმებით, რომ ჩვენვე ვართ ამის მიზეზი". მაშინ გენერალმა მათი თანდასწრებით იხმო კაფუჯი-ბაშები და უბრძანა: მთელი ბანაკი მზად ყოფილიყო უკან დასაბრუნებლად და ტკბილი სიტყვებით გაისტუმრა სიფაჰიები. ასევე დაითხოვა ყველა ფაშა, დაბრუნდა თავის კარავში და სიბრაზისაგან იტირა. არც კი უვახშმია, ისე დაიძინა. დაახლოებით ღამის სამ საათზე საშინლად აღშფოთებულმა გაიღვიძა და იანიჩართა და სიფაჰების აღებით თავისი მუფთი და კაფუჯი-ბაშები იხმო. ბრძანების თანახმად, მსწრაფლ ეახლნენ ისინი.
იანიჩართა ოფიცრები
[გენერალმა] მათ განუცხადა: "დოკუმენტში, რომელსაც ახლა გიჩვენებთ, წერია ჩვენი სინიორის სურვილი შირვანის დაპყრობის შესახებ. როგორ უნდა გავბრუნდეთ უკან? გადავწყვიტე, ცოცხალი ან მკვდარი გადავიდე ამ მდინარეზე და თქვენც ჩემთან ერთად იქნებით. სიფაჰიების აღებს ვუბრძანებ გამომყვნენ ყველგან, სადაც წავალ. თქვენ, იანიჩარებთა აღებო, აიღებთ შვიდ სომ ასპრს, რაც თორმეტი ათას ცეხინს უდრის და თქვენ ჯარისკაცებს შორის გაანაწილებთ, რათა უკან დასაბრუნებელი მაშიები იყიდონ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ უკან დაბრუნება დაიჯერონ და კარგ განწყობილებაზე დადგნენ. შემდეგ აქლემებზე დატვირთეთ ბარგი და ხმა გაავრცელეთ, თითქოს ის მდინარეები, რომლებიც ჩვენ გამოვიარეთ, ადიდდნენ. მერე ცხენებზე შევსხდეთ და სწრაფად გავემგზავროთ ისეთივე სანიმუშო წესრიგით, როგორც მოვედით. შენ, მუფთი, გიბრძანებ მუდამ ჩემთან ახლოს იდგე, წაახალისო და დალოცო, ვინც მე გამომყვება. ხოლო თქვენ, ჩემო კაფუჯი-ბაში, გავალებ, თუ მანამდე მომკლან, ვიდრე ფეხს დავადგამ შირვანის მიწას, ჩემი გვამი ტომარაში ჩადეთ და დამმარხეთ ამ მდინარის მეორე ნაპირზე, რომელიც ნაწილია შირვანისა, რათა აღსრულდეს სულთნის ბრძანება. გაფრთხილებთ, არავისთან სიტყვა არ დაგცდეთ ჩემი ბრძანების შესახებ. რომ გავიგო, რომელიმემ გამცა, ვიდრე მოვკვდები, ცოცხლად გავატყავებ და მის ტყავს თივით გავტენი. ახლა წადით და როცა გამგზავრების შესახებ გაიგებთ, მაშინვე მეახელით". ისინი რომ დაითხოვა, თავისი ნათესავები - ოსმანი და მეჰმედი იხმო, თავისი განზრახვა გააცნო და დაავალა, საჭიროების შემთხვევაში გვერდიდან არ მოშორებოდნენ. მათ უპასუხეს: "სიამოვნებით აღვასრულებთ თქვენს ყველა სურვილს".

ალაზნის გადალახვა

edit
განთიადისას [გენერალმა] დაფდაფების ცემა ბრძანა , რათა მთელი ბანაკი აშლილიყო. მტერი ახლოს იყო და სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა ყველას, ვინც ფეხს მოიცვლიდა, ვიდრე მთელი ჯარი არ მოემზადებოდა. შუადღისას ყველანი ცხენებზე ისხდნენ. მაშინ გენერალმა ფაშები იხმო და უთხრა: ჩვენ უკან ვბრუნდებით. კონსტანტინოპოლში ჩემმა სინიორმა რომ მკითხოს, რატომ არ შეასრულე ბრძანება და უფრო შორს რატომ არ წახვედიო, რა მოვახსენო? ფაშებმა უპასუხეს, უპირველეს მიზეზად წყალდიდობა დაასახელეო. რაზეც მან მიუგო: "ჩვენ არ გვინახავს და არ ვიცით, სად მდებარეობს, ან რა სიდიდისაა ეს მდინარე. ამიტომ კარგი იქნება, თუ წავალთ და ვნახავთ, მაშინ შევძლებთ თავის მართლებას". ფაშებმა ერთხმად უპასუხეს: "სინიორ, წავიდეთ და ვნახოთ".
ალაზანი კახის მახლობლად
დაიძრნენ თუ არა, მაშინვე ამოვარდა საშინლად ძლიერი ქარი, რომელმაც ისეთი მტვერი დააყენა, ერთმანეთს ვეღარ ხედავდნენ. მდინარის პირას რომ მივიდნენ, გენერალი მისი სიღრმით დაინტერესდა. რაკი პასუხი მოისმინა, განაცხადა: "მსურს შევამოწმო", ცხენს დეზი ჰკრა და მდინარის შუაგულში შეაგდო. შემდეგ შემობრუნდა და დაიძახა: "წყეულიმც იყოს ის, ვინც დიდი სინიორის, სულთან მურადის პურით იკვებება და მე არ გამომყვება მის სამსახურად". მაშინ ოსმან ფაშა და მეჰმედ ფაშა თავიანთი მონებით, მუფთი, იანიჩართა და სიფაჰთა აღები გენერალს მიჰყვნენ და მეორე ნაპირზე გადავიდნენ. სხვა ფაშებს შეეშინდათ, რომ არ გავყვეთ, დაგვხოცავენო და მდინარეში შევიდნენ. ჯარის დანარჩენმა ნაწილმა, რაკი დაინახა გენერალი, ფაშები და მათი მეთაურები გადავიდნენო, მათ მიბაძა. როგორც ამბობენ დაახლოებით ხუთიათასი კაცი, დიდი რაოდენობით ცხენი და აქლემი დაიხრჩო. ზოგმა დაკარგა ყველაფერი, რაც ებადა. დაიხრჩო გენერლის უფროსი ხაზინადარი. გენერალმა დაკარგა ძვირფასი ქვებით მოჭედილი ხმლებით სავსე ორი სკივრი, რომლებიც თან მიჰქონდა წარჩინებული პირების დასასაჩუქრებლად. ჯარის დაახლოებით მესამედი მდინარის მეორე ნაპირზე გადავიდა. ეს რომ დაინახეს, დანარჩენებს აღარ სურდათ გადასვლა. ამიტომ ჯარის ერთმა ნაწილმა მდინარის ერთ ნაპირზე გაატარა ღამე, ხოლო მეორე ნაწილმა - მეორე ნაპირზე. ინათა თუ არა, გენერალმა ხაზინადარებს შეუთვალა, ხაზინა გადმოეტანათ და გადმოსულიყვნენ. ჯარისკაცებს კი არ უნდოდათ მათი გაშვება, რადგან [ხაზინასთან] ერთად ფიქრობდნენ უკან დაბრუნებას. როცა ეს ამბავი გენერალს მოახსენეს, მან ოსმან ფაშა და მეჰმედ ფაშა იხმო და უბრძანა ორი ათასი მხედრით გადასულიყვნენ მდინარეზე, ხაზინადრების დახმარებით საიდუმლოდ გაეხსნათ ხაზინის სკივრები, ამოეღოთ ფული, ისევ დაეკეტათ და ადგილზე დაეტოვებინათ, თან კი ორი ტომარა წამოეღოთ. მათვე დაევალათ მთელი არტილერიის გადმოტანა. ფაშები მორჩილად გადავიდნენ მდინარის მეორე ნაპირზე, ჯერ არტილერია გადმოიტანეს, გარდა ოთხი თუ ხუთი ქვემეხისა, ხელთ იგდეს ფული და გენერალთან დაბრუნდნენ. გენერალმა ბრძანა, ფული მისი კარვის მახლობლად მთაზე დაემალათ, რომ მთელ ბანაკს დაენახა. შემდეგ გამოაცხადა: "ჩვენ აქ ვიმყოფებით ჩვენი სინიორის სამსახურისათვის მთელი არტილერიითა და ხაზინით. მაშ ვიმხიარულოთ!" მერე მესაყვირე გაგზავნა [მეორე ნაპირზე] და შეუთვალა: თუ ორი დღის განმავლობაში ჯარის დარჩენილი ნაწილი არ გადმოვა და გენერალს არ ეახლება, სასტიკად დაისჯება". ამასობაში დარჩენილმა ჯარმა მიაგნო ისეთ ადგილს, საიდანაც ადვილად შეიძლებოდა მდინარეზე გადასვლა და გენერლის კარავთან შეჩერდა. გენერალმა ბრძანა: ვისაც ბარგი დაეკარგა და ამას მეთაურები და მოხელეები დაუმოწმებდნენ, ყველასათვის აენაზღაურებინათ. დაზარალებულებს ან მუდმივი ხელფასი დაენიშნათ, ან დაკარგული აუნაზღაურდათ.

ლალა ფაშა შირვანში

edit
იქ სამ დღეს დარჩნენ. ამ დროს შირვანის ქვეყნიდან დიდძალი სურსათითა და საქონლით ხალხი მოვიდა და ჯარმა სული მოითქვა. სამი დღის შემდეგ გენერალი წავიდა ქალაქ არეშისაკენ, რომელიც ჯარის გამოჩენისთანავე ირგვლივ მდებარე მთელი ოლქით დანებდა, მაგრამ გარნიზონის ყველა ჯარისკაცი მაინც აჩეხეს. ხის სიმაგრე რომ აეგო, გენერალი იქ ოცდაორ დღეს გაჩერდა.
შემახა XVII საუკუნეში
[ხეები] დაჭრეს სპარსეთის მეფის ულამაზეს და თვალწარმტაც ბაღში, რომელიც გაშენებული იყო ქალაქგარეთ. ამის შემდეგ კავალერიის, იანიჩარების, ცხენოსან არკებუზერთა ერთი ნაწილის და მცირეოდენი მსუბუქი ქვემეხების თანხლებით (თითოეული ქვემეხი მიჰქონდა ექვს ცხენს) გენერალი შირვანის სამეფოს დედაქალაქ შემახიისაკენ გაეშურა. ქალაქიც და ქვეყანაც მაშინვე დანებდა. [შირვანის] მეფის მეციხოვნეები სპარსელები იყვნენ, რომლებსაც გენერალმა თავები დააყრევინა. მან დაიპყრო ზემოხსენებული ქალაქი მთელ ქვეყანასთან ერთად და ყველგან დიდი რაზმები ჩააყენა.

ყირიმელი თათრები

edit
ამ დროს [ყირიმელ] თათართა მეფის ძმა აბდულ გირეი თათართა დიდი კავალერიით წამოვიდა თურქების დასახმარებლად. ის მოდიოდა თავისი ძმის, თათართა მეფის სახელით, რომელიც სულთნის მოკავშირე იყო. სასახლიდან წამოსვლისთანავე ორასი მხედარი გაგზავნა და თურქ გენერალს შეატყობინა, თუ რა დროს იქნებოდა შირვანში მის (ჯართან) შესაერთებლად და სთხოვა, დალოდებოდა, ვიდრე არ მივიდოდნენ. მისი მხედრები ვერ გადალახავენ მაღალ და ხიფათით აღსავსე მთებს, ამიტომ უნდა გაიარონ დარუბანდი, ანუ რკინის ჭიშკარი.
დარუბანდის (დერბენდის) ციხე-სიმაგრე
მხოლოდ დარუბანდის გავლით შეუძლია ჩერქეზეთიდან, რუსეთიდან და მოსკოვიდან წამსვლელს სათათრეთში გადასვლა. ზემოხსენებულ ქალაქს, რომელიც ალექსანდრე დიდმა ააგო, ოცდათორმეტი ჭიშკარი აქვს, ე.ი. თექვსმეტ-თექვსმეტი ორივე მხარეს. ქალაქი დასახლებულია სომხებითა და ჩერქეზებით, მაგრამ მას სპარსელები იცავენ.

ზემოთ ნახსენები ორასი მხედარი დარუბანდთან იდგა და იქ გავლა სურდა, მაგრამ რომ გაიგეს, თურქი გენერალი თავისი ჯარით ახლოს იმყოფებაო, მოულოდნელად თავს დაესხნენ დაცვას და ყველა ამოწყვიტეს. ქალაქი დაიკავეს და თურქ გენერალს ამის შესახებ აცნობეს. გენერალმა ჯერ იანიჩართა და სიფაჰთა ერთი ნაწილი, შემდეგ არტილერია და ამუნიცია გაგზავნა და ქალაქის დაცვა დაავალა. ამის შემდეგ შამახიიდან არეშში დაბრუნდა. სწორედ აქ იყო დაბანაკებული მთელი ჯარი. გენერლის დაბრუნებისთანავე მრავალმა ქალაქმა და ციხემ მორჩილება გამოაცხადა და ელჩებიც გაუგზავნა მდიდრული საჩუქრებით.

მზადება უკან დასაბრუნებლად

edit
არეშში მისვლისთანავე გენერალმა ფაშები იხმო და თათბირი გამართა, ვინ უნდა ყოფილიყო [შირვანის] სამეფოს გენერალი და ნაცვალი. ფაშებმა განაცხადეს, რომ ეს სამეფო ძლიერ შორსაა კონსტანტინოპოლიდან და უარს ვამბობთ შირვანის ნაცვალობაზეო. მხოლოდ ოსმან ფაშამ გამოთქვა დარჩენის სურვილი. მაშინ გენერალმა შირვანის სამეფოს ნაცვლად, გენერლად და ვეზირად დანიშნა ოსმან ფაშა და ისეთივე სრული უფლებები მიანიჭა, როგორიც თავად ჰქონდა სულთნისაგან მინიჭებული. წასვლისას დაუტოვა ათი ათასი მხედარი, ორი ათასი არკებუზერი იანიჩარი, ასი ჩაუში, მრავალი ქვემეხი და ამუნიცია, ოცი სომი ასპრი, ექვსასი აქლემი, ასი აქლემის აღკაზმულობა, დაახლოებით ასი ათასი სტაიო ხორბალი და ბრინჯი, სპარსეთის მეფის კუთვნილი აბრეშუმით სავსე საწყობი, რათა გაეყიდა და გამოეყენებინა ჯარისკაცთა ხარჯების დასაფარავად, აგრეთვე გამოეყენებინა ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიდა. [გენერალმა] ყველა სიმაგრეში სანჯაყ-ბეგები და არტილერია ჩააყენა. ქალაქ არეშის მახლობლად აგებულ ახალ ციხეში არზრუმელი ბეჰრემ ფაშა დატოვა თავისი ჯარით. მაგრამ ბეჰრემ ფაშას შეეშინდა, უარი განაცხადა დარჩენაზე. მაშინ გენერალმა ბეჰრემს ფაშის წოდება ჩამოართვა და თავის მოკვეთა დაუპირა. მის ადგილას დანიშნა თავისი მოხელე კაიტას ბეგი, რომელიც ალექსანდრე მეფესთან ელჩად იყო გაგზავნილი. კაიტას ბეგი არზრუმის ჯარით იქ დატოვა. ყველაფერი ეს 6 ნოემბერს მოხდა. გენერალი რამდენიმე დღე აპირებდა დარჩენას, მაგრამ შიშობდა, ვაითუ თათრები მოვიდნენ და თქვან [გენერალმა] ჩვენი დახმარებით დაიპყრო მთელი [შირვანის] სამეფოო. მას კი სურდა მხოლოდ თვითონ ეტარებინა [პირველობის] პალმა. ამიტომ მალევე გაბრუნდა ჯარით არზრუმში გამოსაზამთრებლად. არეშიდან წასვლის შემდეგ სამ დღეში მივიდა შაქში, რომელიც ზემოხსენებულმა მეფე ალექსანდრემ დაიპყრო.
შაქის ციხე
მან მაშინვე მოიკითხა [ალექსანდრე], მაგრამ მოახსენეს, თავის სამეფოში, ქალაქ ზაგემში დაბრუნდაო. სამაგიეროდ იქ დახვდა ალექსანდრეს ერთ-ერთი ვაჟი, სახელად იმრეზე. იგი ხელზე სამთხვევად ეახლა გენერალს, რომელმაც ამ ქალაქის სანჯაყ-ბეგობა უბოძა და წელიწადში ათი ათასი ცეხინი დაუნიშნა ჯამაგირად. ის მხარე დარბეული იყო, არაფერი მოიძიებოდა და ჯარი სურსათის ნაკლებობას განიცდიდა. ამიტომ გენერალმა ალექსანდრეს სამეფოში რამდენიმე ჩაუში გაგზავნა და ჯარისთვის სურსათ-სანოვაგის მომარაგება დაავალა.

ოსმალთა უკან დაბრუნება კახეთის გავლით

edit
იქ დაბრუნებამდე ოსმან ფაშამ შეატყობინა: არზრუმის მთელი ჯარი გაიქცა და როგორ მოვიქცეო. გაიგო თუ არა ეს გენერალმა, რამდენიმე მათგანის შეპყრობა და დასჯა, ხოლო სხვების უკან დაბრუნება ბრძანა, მაგრამ ყველანი გაქცეულიყვნენ. ჯარმა გზა გააგრძელა და მიადგა მდინარე ალაზანს, სადაც მეორე ნაპირზე გადასაყვანად მრავალი ნავი დახვდა. [გენერალმა] ნავებზე გაადებინა ხიდი, მთელი ჯარი გადაიყვანა და ორ დღეს დაასვენა.
ალექსანდრე კახეთის მეფე
ამ დროს ხელზე სამთხვევად გენერალს შირვანის მახლობელი მთების მეფე შამხალი ეახლა ოთხასი მხედრით. რადგან შამხალი მაჰმადიანური სარწმუნოებისა იყო, გენერალმა საზეიმო მიღება მოუწყო მას, მრავალი საჩუქარი უბოძა და სთხოვა, შირვანის გენერლის ოსმან ფაშას ხელქვეით ყოფილიყო. [ოსმან ფაშას] მცირე ჯარი ჰყავდა, ამიტომ კარგი იქნებოდა, თუ შამხალი თავის ოთხ ან ხუთ ათას [მებრძოლს] გაუგზავნიდა. ამით ყველას და თვით სულთანსაც ასიამოვნებდა. გენერალმა (მას გაგონილი ჰქონდა, რომ ამ მეფეს ერთი ქალიშვილი ჰყავდა) სთხოვა ზემოხსენებული ვეზირის, ოსმან ფაშასთვის ცოლად მიეცა თავისი ასული. რის გამოც [გენერალი] სამუდამოდ მისი მადლობელი იქნებოდა და კონსტანტინოპოლში დაბრუნებისთანავე თავის სინიორს მოახსენებდა, ყურადღება გამოეჩინა მის მიმართ. მეფემ უპასუხა: "მე თქვენი სურვილით ვიმყოფები აქ და ისე მოვიქცევი, როგორც მიბრძანებთ. მოიღეთ მოწყალება და გამომიყავით ადგილი, სადაც ვიცხოვრებ სულთნის სამსახურში და ჩემს კარს შევინახავ". გენერალმა დაუყოვნებლივ გადასცა ქალაქი შაბრანი მთელი ოლქითურთ, რომელიც შემოსავლად ოცდაათ ცეხინს მისცემდა. გენერალმა შამხალს გადასცა აგრეთვე დროშა, წერილი და ოსმან ფაშასთან გაგზავნა. ამ მეფის წასვლის მეორე დღეს გენერალი მთელი ჯარით თბილისისაკენ გაეშურა. მან ზემოთ ნახსენები მეფე ალექსანდრეს ქვეყანაში გაიარა. ხარბმა ჯარისკაცებმა, გენერლის უნებართვოთ ხელთ იგდეს მონები, პირუტყვი და გადაწწვეს ასამდე სოფელი. გენერალმა ამის შესახებ რომ გაიგო, ბრძანა მთავარი დამნაშავენი მოეზებნათ და ჩამოეხრჩოთ. მეფე [ალექსანდრემ] გენერალს მისწერა, ნუ შეაწუხებდა ეს ამბავი, რადგან ომს თან სდევს ყოველივე ეს და შემდგომ კვლავ აღსდგება გადამწვარი სოფლები. გენერალმა უპასუხა, რომ მას არავისთვის მიუცია ამის ნება, მრავალი საჩუქარი გაუგზავნა მეფეს, აგრეთვე მის ცოლსა და შვილებს - ვაჟებსა და ქალებს.

ლალა ფაშა და სიმონ მეფე

edit
ჯარმა გააგრძელა გზა და 26 ნოემბერს თბილისში მივიდა. იქ ოთხი დღე დაისვენა. გენერალმა სურსათი მოიმარაგა, დატოვა ჯარისკაცები მის დასაცავად და თბილისიდან ორი დღის სავალით დაშორებული გორის ციხისაკენ გაეშურა. გორში მისვლისას, სანჯაყ-ბეგმა შესჩივლა, რომ თბილისის ყოფილი პატრონის ნათესავი სვიმონი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დატყვევებული იყო სპარსეთში, გაათავისუფლეს, ამჟამად ირგვლივ მდებარე მთებში იმყოფება და უსიამოვნებას აყენებს თურქებსა და მათს მოკავშირეებს.
სიმონ მეფე
ამიტომ საჭიროა, გენერალმა ზომები მიიღოს. მან მაშინვე გაგზავნა მრავალი მხედარი სვიმონის მოსაძებნად, მაგრამ, მიუხედავად დიდი მონდომებისა, ვერავინ იპოვა. გენერალი მიხვდა, რომ ამაოდ ეძებდა სვიმონს და ჯარით არზრუმისაკენ გაეშურა. მაგრამ მაღალი მთები და მდინარე მტკვარი (ათი დღის განმავლობაში მიდიოდნენ მის გასწვრივ და ორ-ორსაც კი უჭირდა სიარული) დაბრკოლებას უქმნიდა და უჭირდა ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა. ზემოხსენებული სვიმონი ზურგიდან ხშირად ესხმოდა ჯარს და ხუთი ათასზე მეტი თურქი მოკლა, მოიტაცა არკებუზებით, ფულით, სურსათითა და სხვა ბარგით დატვირთული მრავალი აქლემი. გენერალი ვერ ახერხებდა წინააღმდეგობის გაწევას, რადგან ხელს უშლიდა ვიწრო ხეობისა და ორი არშინი სიმაღლის თოვლი. ამიტომ იძულებული იყო, მოთმინებით აეტანა ყველაფერი. როგორც იქნა, ჯარმა გაიარა ეს ხეობა და მივიდა ქალაქ ოძრხეში, სადაც ზემოხსენებული მანუჩარი იმყოფებოდა. გენერალს ხელზე სამთხვევად ეახლა მანუჩარის დედა ორი ვაჟის თანხლებით, გენერალმა უაღრესად გულთბილად მიიღო ისინი, მრავალი ძვირფასი საჩუქარი უბოძა და გაისტუმრა.

მეორე დღეს გენერალი არზრუმს გაეშურა და იქ 21 დეკემბერს მივიდა. მაშინვე ყველა ფაშა ჯარებითურთ გამოსაზამთრებლად გაუშვა თავთავის საგამგებლოში, სადაც გენერლის ახალ განკარგულებას უნდა დალოდებოდნენ. თავისთან დაიტოვა ყველა სიფაჰი და იანიჩარი, რომლებიც ირგვლივ მდებარე სოფლებში, ციხეებსა და ქალაქებში განლაგდნენ. არზრუმში იმყოფებოდა აგრეთვე ანატოლიის ფაშა, თავისი ორმოცდათექვსმეტი სანჯაყ-ბეგით და ოცდაათიათასიანი ცხენოსანი ჯარით; დამასკოს ფაშა ათი ათასი მხედრით, რომელთა ნახევარი არკებუზერი მხედარი იყო. სულთანმა ისინი შირვანში გაგზავნა გენერლის დასახმარებლად. რადგან [სულთანს] დიდი ხნის მანძილზე არავითარი ცნობა რომ არ ჰქონდა მათ შესახებ, მტრის მიერ გარშემორტყმული ეგონა. სხვებთან ერთად გენერალმა ფაშები და ჩაუში გაგზავნა კონსტანტინოპოლში, რათა სულთნისთვის ეცნობებინა ყველაფერი, რაც აქამდე მოხდა.

ვითარება შირვანში

edit
დაახლოებით 15 იანვარს გენერალს ეახლნენ ოსმან ფაშას კაფუჯი-ბაში და ჩაუში. ოსმან ფაშა იტყობინებოდა: სპარსეთის მეფემ გაიგო რა მისი ჯარის წასვლის შესახებ, ცოლი - დედოფალი და უფროსი ვაჟი გაგზავნა ორმოცდაათიათასიანი მხედრობით; მდინარე ალაზანს რომ მიაღწიეს, დედოფალს ვაჟიშვილთან და თანმხლებ ქალებთან ერთად შეეშინდა [ალაზანზე] გადასვლა, თავისი მრჩეველი, გენერალი ემირ-ხანი ნახევარი ჯარით გაგზავნა შირვანზე თავდასასხმელად და ხელახლა დასაპყრობად.ემირ-ხანი მიადგა არეშის ციხეს, რომელსაც ჰეიდარ ფაშა იცავდა ორი ათასი მხედრით. ვიდრე [სპარსელები] ციხეს მიაღწევდნენ, წინასწარ ტყეში მოაწყვეს საფარი, შემდეგ ორასი მხედარი გაგზავნეს დასაზვერად. ჰეიდარ ფაშამ ისინი ყაჩაღებად ჩათვალა და მთელი ჯარით გამოვიდა თავდასასხმელად. მაგრამ ტყის საფარიდან გამოვიდნენ [სპარსელები], მთლიანად ალყაში მოაქციეს იგი თავისი ჯარით და აჩეხეს. ამის შემდეგ სპარსელებმა დაიკავეს სიმაგრე და აღნიშნული ქალაქი არეში; ქალაქი გადაწვეს, შიგ არსებული არტილერია კი მდინარეში ჩაყარეს. როცა ოსმან ფაშამ მტრის შემოსევის შესახებ გაიგო, მაშინვე ზემოხსენებული სიმაგრის დასახმარებლად გაეშურა, მაგრამ გზაზე [არეშიდან] გამოქცეულები შემოხვდნენ და აცნობეს, რომ ქალაქი უკვე მტრის მიერ იყო დაკავებული. ოსმან ფაშა თავის ბანაკში გამობრუნდა. მან განამტკიცა დაცვა, ციხეებში ჩაყენებულ სანჯაყ-ბეგებს აცნობა მომხდარი ამბის შესახებ და ბრძოლისაკენ მოუწოდა. სპარსელები დედოფალთან გაეშურნენ მოპოვებული გამარჯვების მისალოცად. მან მადლობა გადაუხადა თავის გენერალს და დიდი ჯარით გაისტუმრა შამახიის დასაპყრობად.
შემახა
შამახიას ზემოხსენებული ოსმან ფასა იცავდა. მტრის მოახლოებისთანავე ფაშა ყველა იანიჩარით, არტილერიითა და მხედრობით [ქალაქის] გარეთ გამოვიდა და სამი დღის განმავლობაში განუწყვეტელი შეტაკებები მიმდინარეობდა. ფაშა მიხვდა, რომ [სპარსელებს] ვერ გაუმკლავდებოდა, დაბრუნდა ქალაქში, და, რადგან მას მტკიცე გარე კედელი არ ჰქონდა, თავდაცვის მიზნით ირგვლივ არხი შემოავლო და წესრიგში მოიყვანა არტილერია, რათა მტერს არ დაეზიანებინა იგი. [სპარსელები] ალყით ფიქრობდნენ ქალაქის დაპყრობას, ამიტომ კარვები დადგეს [ქალაქის] ირგვლივ. გენერალი ხედავდა, რომ მთელი ჯარის იქ ყოფნა არ იყო საჭირო, ამიტომ არეშ-ხანი დატოვა ოცდახუთი ათასი მხედრით, თვითონ კი, ამაოდ რომ არ მოცდენილიყო, დედოფალს ეახლა მოსათათბირებლად, თუ საით წასულიყო. არეშ-ხანს ალყაში ჰყავდა მოქცეული [შამახია]. ამ დროს მოულოდნელად მოვიდა თათართა მეფის ძმა აბდულ გირეი ოცი თუ ოცდახუთი ათასი მხედრით, რომლებიც თორმეტ ესკადრონად იყვნენ გაყოფილნი.
ყირიმელი თათრები ბრძოლაში
წინა დღეს [ქალაქიდან] გამოსულმა ოსმან ფაშამ და აბდულ გირეიმ შუაში მოიქციეს სპარსელები, თავს დაესხნენ სპარსელთა ბანაკს და აჩეხეს. მათ ცოლშვილიანად დაატყვევეს არეშ-ხანი. სპარსელების წესის თანახმად, ქმარს ყველგან თან მისდევს ცოლ-შვილი. განსაკუთრებით დიდებულები იქცევიან ასე. ტყვეები ოსმან ფაშას გადასცეს. მან ჯერ არეშ-ხანის შვილებს დააყრევინა თავები, შემდეგ - ცოლს და ბოლოს თვითონ მას. ამ გამარჯვების შემდეგ [ოსმან ფაშა] არეშის სიმაგრეს მიადგა, ხელახლა დაიპყრო იგი და ჯარითა და არტილერიით გაამაგრა. შემდეგ მდინარე ალაზანზე გადავიდა და სპარსეთის დედოფლისა და მისი შვილების წინააღმდეგ გალაშქრებას აპირებდა. მაგრამ [დედოფალს] შეეშინდა, ვაითუ მტერი მრავალრიცხოვანი იყოსო და სპარსეთის სამეფოსაკენ გაიქცა. თათრები განზრახვას მიუხვდნენ დედოფალს, დაედევნენ და დაიპყრეს ქალაქი განჯა, სადაც დედოფალი ჯართან ერთად იმყოფებოდა. მათ ხელთ იგდეს დიდძალი ძვირფასეულობა, ფული, აბრეშუმის ხალიჩები და სხვა მრავალი განძეულობა. ყველაფერი ეს ცხენებზე დატვირთეს. აბდულ გირეიმ იქ დიდი რაზმი დატოვა, დანარჩენით ქალაქ ყარაბახისაკენ გაეშურა, გაძარცვა და გადაბუგა, მოსახლეობა მონებად აქცია და თავის ქვეყანაში გაბრუნდა. განჯაში გავლისას სახლები გადაწვა, თავისიანებს უბრძანა წინ ევლოთ მონებთან და ნადავლთან ერთად, თვითონ კი ორი ათასი მხედრით უკან მისდევდა. აბდულ გირეის ეგონა, მტერი მთლიანად იყო გაქცეული, ამიტომ უშიშრად მიდიოდა და ღამეს მდელოზე ატარებდა დაცვის გარეშე. სპარსელთა გენერალმა ემირ-ხანმა ეს რომ შეიტყო, მობრუნდა უკან და, როცა [აბდულ გირეი] ველზე ისვენებდა, ხოლო მისი ცხენები ძოვდნენ, განთიადისას თავს დაესხა, ყველა ამოწყვიტა, მხოლოდ აბდულ გირეი შეიპყრო ცოცხლად, სპარსეთში წაიყვანა და მეფეს მიჰგვარა ყაზვინში.

ამის შემდეგ სპსრსელთა ჯარი შირვანში დაბრუნდა ოსმან ფაშას შესაპყრობად. ოსმან ფაშამ სპარსთა მოახლოება რომ შეიტყო, რაკი დახმარებას არსაიდან არ ელოდა, ყველა ციხე-სიმაგრის სანჯაყ-ბეგს უბრძანა ყველაფერი მიეტოვებინათ და მასთან ერთად დაეხიათ უკან. სპარსელები დაეუფლნენ ქალაქებს, ციხეებს და მიწებს, დანიშნეს თავიანთი გუბერნატორები და კაპიტნები, ხოლო შირვანის მთავარ ქალაქ შამახიაში დასვეს კაპიტან-გენერალი, ე.ი. მეფისნაცვალი თორმეტი ათასი კაცით. ჯარის დანარჩენი ნაწილი სპარსეთში დაბრუნდა. მომხდარი ამბის შემდეგ ოსმან ფაშამ ზემოხსენებული მთიელი მეფის, საკუთარი სიმამრის დახმარებით, თავთავის ადგილას დააბრუნა სანჯაყ-ბეგები. ასე, რომ, თურქებს და სპარსელებს შენაცვლებით ეპყრათ ქალაქები და სიმაგრეები და ყოველდღე ებრძოდნენ ერთმანეთს.

ვითარება 1579 წლის გაზაფხულზე

edit

ვიდრე ეს ამბები ხდებოდა, თურქმა გენერალმა მუსტაფამ კონსტანტინოპოლიდან სულთნის ბრძანება მიიღო, გაზფხულისათვის თურქები ყარსის აღსადგენად უნდა მომზადებულიყვნენ. ქალაქი ოდესღაც ქრისტიანებს ეკუთვნოდათ. მასში დღესაც დგას სამოცამდე ეკლესია. იგი დიდი, მაგრამ დანგრეული [ქალაქია]. ბრძანების მიღებისთანავე გენერალი მზადებას შეუდგა. იმავდროულად გენერალმა ფაშის წერილი მიიღო თბილისიდან. იგი იტყობინებოდა, რომ ყარა-ხანმა, შაჰის სარდალმა, ორმოცი ათასი კაცით ალყა შემოარტყა [თბილისს]. [ფაშა] დახმარებას ითხოვდა, რადგან სურსათი არ ჰქონდათ და ჯარი შიმშილით იხოცებოდა. ასეთივე მდგომარეობაში იყო სვიმონის მიერ ალყაშემორტყმული გორის ციხე. გენერალმა სასწრაფოდ გაგზავნა ორი ათასი მხედარი სურსათ-სანოვაგით. ჯარი არზრუმიდან გაეშურა აღნიშნული ადგილების დასახმარებლად, მაგრამ დიდი თოვლის გამო იქამდე ვერ მიაღწია. ამიტომ გენერალმა ფაშას მისწერა, როგორმე გამაგრებულიყვნენ და პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში დაეხმარებოდნენ. ამასობაში შიმშილის გამო დანებდა გორი. ზემოხსენებულმა სიმონმა ყველა ამოწყვიტა, გარდა ციხისთავისა, რომელიც ჩაუშივით მორთო, შესვა უყურო, უკუდო ჯორზე და გენერალთან გაუშვა, რათა მომხდარი ამბავი წაეღო. [სვიმონმა] მიწასთან გაასწორა [ციხე] და ყარა-ხანის დასახმარებლად გაეშურა. იქ მან მთელი ივნისი დაჰყო.

ადილ-გირეი და დედოფალი
ჯართან ერთად არზრუმში გამოზამთრების პერიოდში გენერალთან თათართა მეფის ძმის ერთ-ერთი მსახური მივიდა და აცნობა, რომ აბდულ გირეი სპარსელთა ტყვეობაში იმყოფებოდა. შაჰს იგი თბილად მიუღია და თურმე ნადირობისას მუდამ თან დაჰყავდა და ართობდა. მაგრამ თან მცველები მიუჩინა, რომ არ გაქცეულიყო. დედოფალს, შაჰის ცოლს და აბდულ გირეის ერთმანეთი შეუყვარდათ. ისინი შეთანხმდნენ, მოეწამლათ შაჰი ვაჟითურთ და [აბდულ-გირეი] აეყვანათ სპარსეთის მეფის ტახტზე. დედოფლის ერთ-ერთმა სეფექალმა ყოველივე ეს მეფეს მოახსენა. როცა [მეფე] ამბის ჭეშმარიტებაში დარწმუნდა, ცოლისა და თათარ აბდულ გირეის მოკვლა ბრძანა ყველა მის მსახურთან ერთად. მხოლოდ რამდენიმე მათგანმა უშველა თავს და გენერალს დაწვრილებით მოახსენა. ეს გენერალმა სულთანს მისწერა კონსტანტინოპოლში და სთხოვა ჩაეგონებონა თათართა მეფისათვის,
ადილ-გირეის სიკვდილით დასჯა
რომ ის თავად წასულიყო ჯარით ჯერ შირვანში, ოსმან ფაშას დასახმარებლად, ხოლო შემდეგ კი სპარსეთში ძმის მკვლელ მეფეზე შურის საძიებლად. ეს წერილი რომ მიიღო, სულთანმა მაშინვე გაგზავნა სანჯაყ-ბეგი თათართა მეფესთან ორი ათასი იანიჩარით, ოთხმოცი საველე ქვემეხით, ორმოცდაათი ათასი ცეხინით, მრავალი მოსევადებული ხმლით, ტანსაცმლით და სხვა ძვირფასი საჩუქრით. მასვე გაატანა წერილი, რომელშიც [მეფეს] მოუწოდებდა გაემზადებინა ჯარი და პირადად წასულიყო ექსპედიციაში. თათართა მეფემ შეჰფიცა, რომ მიღებული ბრძანების შესასრულებლად ყველაფერს იღონებდა.

ლალა ფაშა ყარსში

edit

ამასობაში, 1579 წლის პირველ ივლისს, გენერალი მთელი ჯარით წავიდა არზრუმიდან. მან მარაშის ფაშა მუსტაფას უბრძანა ოცი ათასი მხედრით და ათას ხუთასი იანიჩრით თბილისის დასახმარებლად წასულიყო. მუსტაფა ფაშა მაშინვე გაეშურა და მეთხუთმეტე დღეს მიაღწია რა [თბილისს] მტრის კარვების ერთი ნაწილი იხილა. როგორც კი მტერმა მისი მოსვლის შესახებ შეიტყო, გაიქცა. იმავე თვის სამ რიცხვში გენერალი ჰასან ყალადან გავიდა და ათ ივლისს ყარსს მიაღწია. აქ დაბანაკდა ჯართან ერთად და ქალაქის აღდგენას შეუდგა. ყარსის შუაგულში ააგო

პატარა ციხე და ქალაქის ირგვლივ ოცი მილის მანძილზე მდებარე სამ მთაზე თითო ციხის აგება ბრძანა. ციხეებში დიდი რაზმები ჩააყენა და შვიდ-შვიდი ქვემეხი დადგა.
ლალა ფაშა ყარსში
ვიდრე სულთნის ჯარი ზემოხსენებულ ქალაქში იმყოფებოდა, გენერალთან თბილისის ფაშის მიერ გამოგზავნილი ჩაუში მივიდა და წერილი მიუტანა, თბილისის ფაშა იტყობინებოდა, რომ სიმაგრეში მყოფ ჯარს აღარ ძალუძს იქ დარჩენა. თუმცა ყველა გარბის, მაგრამ საკვებზე ზრუნვა მაინც საჭიროა. თბილისისათვის არჩეულ ახალ ფაშას, რომელიც ორი ათას იანიჩართან და სხვა მრავალთან ერთად, სურსათითა და ორმოცდაათი ათასი ცეხინით მიდიოდა, გენერალმა დამასკოს ფაშა ჰასანი გააყოლა ოცდაათი ათასი კაცით. მგზავრობისას ქართველების თავდასხმებისაგან გაწამებულებმა ძლივს მიაღწიეს თბილისს. დატოვეს ჯარის ნაწილი ქალაქის დასაცავად, ხოლო დანარჩენი ზემოხსენებულ [დამასკოს] ფაშასთან ერთად [ყარსის] ბანაკში დაბრუნდა.

ერევნის აოხრება

edit
ვიდრე ჯარი ყარსთან იდგა, რამდენიმე ნაწილად დაყოფილი სიფაჰები და სხვა ჯარისკაცები შორს მიდიოდნენ ხოლმე ცხენებისათვის ბალახის მოსაპოვებლად. ერთხელ ბალახის თიბვის დროს, სპარსელები დაესხნენ თავს და ყველა შეიპყრეს სამი თუ ოთხი კაცის გარდა. ისინი გაიქცნენ და გენერალს შესჩივლეს, რომ ეს დროებითი ზავის დაეღვევას ნიშნავდა. გენერალმა იხმო შაჰის ელჩი, რომელიც იმ დროს იქ იმყოფებოდა და მომხდარი ამბის შესახებ მოუთხრო, რაზეც ელჩმა უპასუხა: "ასე ხდება ომის დროს". გენერალი განრისხდა, ელჩის ყველა მხლებელი დაახოცინა, თავად ელჩი დაატუსაღა და არზრუმის ციხეში გაგზავნა. ამის შემდეგ სასწრაფოდ იხმო ყველა ფაშა და ლაშქრობისათვის მზადება ბრძანა. როგორც კი არკებუზების გასროლის ხმას გაიგონებდნენ, თავიანთი ჯარებით ცხენებზე უნდა ამხედრებულიყვნენ და გენერლის კართან შეკრებილიყვნენ. ფაშები ასეც მოიქცნენ. როცა დაახლოებით ოთხმოცი ათასმა მხედარმა მოიყარა თავი, გენერალმა ბრძანა, მოულოდნელად დასხმოდნენ თავს ყარსიდან ოთხი დღის სავალზე დაშორებულ ქალაქ ერევანს, დაეტყვევებინათ მეფის ნაცვალი თოქმაქი და მონებად ექციათ ქალაქის ყველა მცხოვრები, როგორც ქრისტიანები, ისე სპარსელები; დაენგრიათ ქალაქი და უკან გამობრუნებულიყვნენ.
ერევანი XVII საუკუნეში
ფაშები დაემორჩილნენ ბრძანებას და ერევნისაკენ ჭენებით გაქუსლეს. მესამე დღეს ქალაქს რომ მიუახლოვდნენ, ზემოხსენებული მეფის ნაცვალი თავის მცველ ხუთი ათას მხედართან ერთად გაიქცა, მოსახლეობა კი, მშვიდობის ნიშნად, [თურქთა] ჯარს გამოეგება, მაგრამ თურქებმა ყველა აჩეხეს. ქალაქში შესვლისთანავე დაიმონეს კაცები, ქალები და ბავშვები, სახლები კი ცეცხლს მისცეს. დაწვეს მეფის ნაცვლის ულამაზესი სასახლე, რომლის მსგავსი, როგორც ამბობენ, მსოფლიოში არაა. ამ დროს მეფის ნაცვალი ერთ-ერთი ბორცვიდან ადევნებდა თვალს ყველაფერს და ყვიროდა, მტერს ველურებს ეძახდა და მათზე თავდასხმისაკენ მოუწოდებდა. ლაშქრობის შემდეგ თურქები დიდი ნადავლითა და უთვალავი მონებით გენერალთან დაბრუნდნენ. ეს ამბავი რომ შეიტყო, ძლიერ შეწუხდა სპარსეთის მეფე და გენერალს შეურაცმყოფელი სიტყვები მისწერა სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევისა და ჩადენილი ვერაგული მოქმედების გამო. [შაჰი] დაემუქრა, რომ შურს იძიებდა ასეთი გამცემლობისა და უსამართლობისათვის. ყველაფერი ეს 1579 წლის სექტემბრის თვეში მოხდა.

თათართა ახალი ლაშქარი შირვანში

edit
იმავდროულად გენერალს თათართა მეფის მოციქულები ეახლნენ და აცნობეს, რომ მათი სინიორი თავის ოთხ ძმასთან და ვაჟიშვილთან ერთად ორასი ათასი მხედრით შირვანის სამეფოში იმყოფებოდა. თათართა ხანმა მხედრობიდან ორმოცდაათი ათასი კაცი მეფე ალექსანდრეს ქალაქ ზაგემის გასაძარცვავად გაგზავნა,
გრემი
რადგან, როცა სპარსელებისაგან ალყაშემორტყმულმა ოსმან ფაშამ ქართველთა მეფეს სურსათით დახმარება სთხოვა, მან უარი შეუთვალა და განაცხადა: აღარ მსურს თურქების მოკავშირედ ყოფნა, სპარსელები უკეთესნი არიანო. თათართა ხანი მდინარე ალაზანზე გადავიდა, გაძარცვა განჯა და ყარაბახი; გაიარა ერევნის მეზობელი შირვანი; გაძარცვა, გადაწვა და დაანგრია ზემოთ ჩამოთვლილი პროვინციები. ეს რომ შეიტყო, გენერალმა თათართა ხანს საჩუქრებით დარვირთული ელჩი გაუგზავნა, მადლობა შეუთვალა ყველაფერ იმისათვის, რაც მან სულთნის სამსახურად და თავისი ძმის შურის საძიებლად გააკეთა, თან ბოდიში მოუხადა, პირადად რომ ვერ ეახლა, რადგან ეშინოდა მისი არყოფნის დროს ჯარში რაიმე არეულობა არ მომხდარიყო; ამავე დროს ყარსის და მისგან დაახლოებით ოცდახუთი მილით დაშორებული სხვა ოთხი ციხის აღდგენას იჩქაროდა. გენერალს სურდა ეს ციხეები ყარსის მტკიცე დამცველებად ექცია. თითოეულ მათგანში უნდა ჩაეყენებინა სანჯაყ-ბეგი ორასი მხედრით, ხუთასი ქვეითით, ათი მსუბუქი ქვემეხითა და დიდძალი სურსათ-სანოვაგით. აღნიშნული ციხეების აგება ოქტომბრისათვის ჰქონდა განზრახული.

ბრძოლა დიდ ვეზირობისათვის

edit
ზამთრის მოახლოვებასთან დაკავშირებით, გენერალმა არზრუმის ფაშა ოცდაათიათასიანი ჯარით და დიდძალი სურსათით დატოვა, თვითონ კი მთელი ჯარით არზრუმს გაეშურა და დაახლოებით 15 ნოემბერს ჩავიდა.
არზრუმი
ისევე როგორც გასულ წელს, ახლაც, მივიდა თუ არა, ყველა ფაშა თავთავის ქვეყანაში გაუშვა გამოსაზამთრებლად. თვითონ იქვე დარჩა და ჩაუში გაგზავნა კონსტანტინიპოლში, რათა თავის სინიორისათვის ყველაფერი ეცნობებინა. იმავე წელს კონსტანტინოპოლში დიდი ვეზირი მეჰმედ ფაშა მიიცვალა. მის მაგივრად მეორე ვეზირი, აჰმედ ფაშა იქნა არჩეული. აჰმედ ფაშა სუსტი მმართველი აღმოჩნდა , ამიტომ საჩივრებით მიდიოდნენ სულთანთან - დიდვეზირის შეცვლას და ახალი მმართველის დანიშვნას მოითხოვდნენ. [სულთანმა] მოისურვა მუსტაფა ფაშასთვის მიენდო ეს ტვირთი. ეს რომ აჰმედ ფაშამ შეიტყო, გადაწყვიტა აუცილებელი ზომები მიეღო, რათა ხელიდან არ გამოსცლოდა ეს თანამდებობა. იგი მუსტაფას მტერს, სინან ფაშას მოეთათბირა მიეღო სათანადო ზომები, რომ სულთანს [მუსტაფასათვის] ჩამოერთმია გენერლობა, დაეპატიმრებინა და სიკვდილით დაესაჯა. გადაწყვიტეს მდაბიონი მოეძებნათ და ეცდუნებინათ ისინი. მათ, ვითარცა ჯარისკაცებს, სახალხოდ უნდა ეყვირათ, რომ მუსტაფას ტირანიის ქვეშ იმყოფებოდნენ და ყველაფერში ბრალი მას მიუძღოდა.
დიდი ვეზირი აჰმედ ფაშა
ამ გზით აჰმედ ფაშა იმედოვნებდა, რომ მუსტაფას არ დააწინაურებდნენ და მის ადგილას, ჯარის მეთაურად სინანს დანიშნავდნენ, ხოლო მუსტაფას დააპატიმრებდნენ და ჩაამწყვევდნენ არზრუმის პროვინციის ერთ-ერთ ციხეში, რომელიც ქალაქიდან ექვსი დღის სავალზე იმყოფებოდა. დიდვეზირმა აჰმედ ფაშამ ჩაუშის ხელით წერილი გაუგზავნა მუსტაფას და როცა გენერალმა ბრძანება მიიღო, ცოფიანი ძაღლივით აყმუვლდა. მან მსწრაფლ გაგზავნა ერთი თავისი მსახური სულთანთან და საიდუმლო წერილი აახლა. მის სამსახურში გაწეული ხიფათიანი ცხოვრების ჯილდოდ სულთანს სთხოვდა მექაში წასვლის ნება დაერთო ღვთისა და მისი მოციქულის თაყვანის საცემად. ამ ასაკში პატიმრობა კი დიდ სირცხვილად მიაჩნდა. ასეთივე შინაარსის წერილი მისწერა სულთნის დედას, თავის მფარველს, რომელიც ადრე მისი დობილი იყო. მისი ქმარი სელიმ-სულთანი მუსტაფა ფაშას აღზრდილი იყო. როცა სულთანმა წაიკითხა წერილი, მუსტაფას კონსტანტინოპოლში უბრძანა ჩამოსვლა, და შეუთვალა: არ დამორჩილებოდა სხვა ბრძანებას, თუ პირადად [სულთნის] ხელით არ იქნებოდა დაწერილი. ამგვარად [სულთანი] მას ელოდა. ამგვარი პასუხის მიღებისთანავე მუსტაფა ცხენზე შეჯდა და კონსტანტინოპოლისაკენ გაეშურა. თან წაიღო ჯარისკაცებისათვის წინასწარ გადასახდელი ასი სომი, წაიყვანა აგრეთვე თავისი დავთარდარი. თოვლისა და ცუდი გზების გამო გენერალს მგზავრობა გაუჭირდა, მაინც შეუსვენებლად იარა და აპრილის დასაწყისში კონსტანტინოპოლს მიაღწია. მაგრამ ჯერ ქალაქში შესვლის ნება სთხოვა სულთანს. [სულთანმა] მაშინვე სამი გალერა გაგზავნა სკუტარში - ერთი თვით მუსტაფას გადასაყვანად, დანარჩენი ორი - ბარგის გადასაზიდად. მის შესახვედრად გაგზავნა ფაშები, აღები და თავისი კარისკაცები.

სულთანმა სიხარულით მიიღო მუსტაფა და, რადგან იმ დროს აჰმედ ფაშა გარდაიცვალა, მის ადგილზე გენერალი მუსტაფა დანიშნა.

სარდალი სინან-ფაშა

edit
ამაობაში, 1580 წლის 8 მაისს, სინანი ახალი გენერალი სკუტარიდან სპარსეთზე სალაშქროდ გაეშურა
სინან-ფაშა
და [შეუსვენებლივ] იარა მანამ, ვიდრე არ მივიდა არზრუმში, სადაც ჯარის დარჩენილი ნაწილი იმყოფებოდა. ჯარი ზარ-ზეიმით შეხვდა ახალ გენერალს, მაგრამ სიფაჰებმა და იანიჩარებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რადგან [სინანი] მათი მტერი იყო. მან რამდენიმე დღე დაჰყო ჯარის დასათვალიერებლად. გამგზავრების წინ სულთანს მისწერა: ვიდრე დიდვეზირის ტიტულს არ მივიღებ, ჯარი არ მემორჩილებაო და სთხოვდა მის უდიდებულესობას, მოწყალება მოეღო. სულთანმა წერილობით უპასუხა, რომ უკმაყოფილოდ არ დატოვებდა და თხოვნას შეუსრულებდა. მიიღო თუ არა ეს წერილი სინანმა, მთელ ჯარს ამცნო: სინიორი დამპირდა [კონსტანტინოპოლში] დაბრუნებისთანავე დიდვეზირად დაგნიშნავო და საყოველთაო მხიარულება ბრძანა. ასე გაემგზავრა არზრუმიდან და თხუთმეტ ივლისს მივიდა ყარსში, სადაც სპარსეთის მეფის ელჩი დახვდა. ადრინდელი გენერლის, მუსტაფას, სახელზე გამოგზავნილი წერილით, ელჩი ზავს ითხოვდა. [სინანმა] ის მაშინვე კონსტანტინოპოლში გაისტუმრა და ჩაუში გააყოლა. თვითონ მტრებისგან ალყაშემორტყმული თბილისისაკენ გაეშურა და გაათავისუფლა იგი. როცა მტერმა მისი მისვლის შესახებ შეიტყო, ალყა მოხსნა და გაიქცა. სინანმა ქალაქში ამუნიცია და სურსათი შეიტანა, დანგრეული აღადგინა და ახალ ფაშად დანიშნა ერთ-ერთი რენეგატი ქართველი, რომელიც ქალაქ თბილისის ადრინდელი მფლობელის მსახური იყო.
[თბილისთან] ახლოს შეიპყრეს ვიღაცა კაცი, რომელსაც სპარსეთის მეფის წერილები აღმოაჩნდა. სპარსეთის მეფე იმხნად თავრიზში იმყოფებოდა ას ორმოცდაათი ათასი მხედრით. ერთი წერილი ზემოხსენებული მეფე ალექსანდრესადმი იყო მიწერილი.
ალექსანდრე კახეთის მეფე
წერილი იტყობინებოდა, რომ ალექსანდრე თავისი ჯარით წასულიყო თურქთა ბანაკისაკენ, სადაც თავისი ჯარით თვით შაჰი მოვიდოდა, რათა ერთობლივ ალყაში მოექციათ [თურქები] და შური ეძიათ მიყენებული შეურაცხყოფისათვის. მეორე [წერილში] თბილისის ადრინდელი პატრონის ვაჟს უთვლიდნენ თავისი ჯარით დაეკავებინა დარუბანდის ხეობის გასასვლელი, რომელიც მდინარე მტკვრის ნაპირას მდებარეობა, რათა გაქცეულ მტერს იქ ვერ გაევლო. გენერალმა სასწრაფოდ გახსნა ყველა წერილი და ბანაკის აშლა ბრძანა. ეს მოხდა შუაღამისას. გენერალმა ყარსისაკენ გაქუსლა. უკან დატოვებილ არტილერიას თავს დაესხა მტერი და ხელთ იგდო ოთხმოცდაათი ქვემეხი, თუმცა [შემდეგში], ათი ქვემეხის გარდა, გენერალმა უკან დაიბრუნა დანაკარგი. ამის გამო გზა გააგრძელა და ათ სექტემბერს მივიდა ყარსში, იქ დატოვა დიდი დაცვა, ამუნიცია და მთელი ჯარით გამობრუნდა არზრუმში, საიდანაც მსწრაფლ გაეშურა კონსტანტინოპოლისაკენ. პირველ სექტემბერს ყარსში შაჰს ზემოხსენებული ელჩი ეახლა. იმავე დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა მუსტაფა. ამის გამო სულთანმა ელჩს არზრუმში წასვლა და სინან ფაშასთან ზავის დადება უბრზანა. როცა [ზავის პირობებს] კონსტანტინოპოლში წარადგენდნენ, სულთანი მას დაამტკიცებდა. ელჩი არზრუმს გაემგზავრა და სინან ფაშასთან მოთათბირების შემდეგ გადაწყვიტეს, სპარსეთის მეფისთვის უკან დაებრუნებინათ გენერალ მუსტაფას მიერ დაპყრობილი ყველა პროვინცია, ქალაქი და ადგილი და ამით სამუდამო მშვიდობა დაემყარებინათ.
მურად III-ის დედის ნურბანუ სულთნის დაკრძალვა
ეს რომ გაიგო, სულთანი ძლიერ განრისხდა და უარი განაცხადა [ხელშეკრულების] მუხლების დამტკიცებაზე. სინან ფაშამ შეუთვალა, რომ სხვა უკეთესი პირობები არ არსებობდა ზავის დასადებად. მერე სულთნის ნებართვის გარეშე გაუშვა ჯარი და გადაწყვიტა პირადად წასულიყო კონსტანტინოპოლში, რადგან მის იქ არყოფნაში განსვენებული მუსტაფას ადგილზე სულთანს ვინმე სხვა არ დაენიშნა დიდვეზირად. ამან ძალიან განარისხა სულთანი და [სინანს] შეუთვალა, რომ [კონსტანტინოპოლში] მისვლით სიციცხლეს დაკარგავდა, რადგან სულთანს არ დაემორჩილა და მისი ნებართვის გარეშე გაუშვა ჯარი. კონსტანტინოპოლში რომ დაბრუნდა, სულთანმა აპატია შეცოდება დედისა და ცოლის შუამდგომლობით, თუმცა დიდად გაკიცხა და დაემუქრა. ვიდრე სულთანთან ხელზე სამთხვევად მივიდოდა, სინანმა უძვირფასესი და უმშვენიერესი საჩუქრები გაუგზავნა. ასეთივე საჩუქრები გაუგზავნა სულთნის დედასა და ცოლს და, რადგან სულთნის კარზე არავინ იყო სინანზე უფრო დიდი სახელმწიფო მოღვაწე, იგი დანიშნეს დიდვეზირად.

როცა სპარსელებმა და ქართველებმა სულთნის გენერლის წასვლისა და ჯარის დაშლის შესახებ შეიტყვეს, ერთიანი დიდი ჯარით შემოარტყეს ალყა თბილისისა და ყარსის მახლობლად აგებულ ოთხ ციხეს, დაიბრუნეს შირვანის დიდი ნაწილიც.

ყველაფერი [ჩემ მიერ] აღწერილი ჭეშმარიტებაა. უზენაესს შევთხოვთ, მოიღოს მოწყალება, რათა ურწმუნოებმა ჩვენსავე დროში შეიგნონ ცოდვანი მისნი და დაუბრუნდნენ ჭეშმარიტ რწმენას და აღიარონ უწმინდესი სამება. მას შევთხოვთ შეწევნას, შეიწყალოს და დაუმკვიდროს სასუფეველი. ამენ.

  1. შაჰ-თამაზი გარდაიცვალა არა 1577 წლის ივნისში თავრიზში, არამედ 1576 წ. 14 მაისს ყაზვინში.
  2. ისმაილი ტახტზე ავიდა 1576 წ. 22 აგვისტოს და გარდაიცვალა 1677 წ. 24 ნოემბერს, ასე რომ მან წელიწადზე მეტი იმეფა.
  3. რელაციის ავტორი ცდება: ჰეიდარ-მირზა ისმაილის გამეფებამდე მოკლეს, ირანის ტახტზე კი მუჰამად-მირზა ავიდა მუჰამად ხუდაბანდას სახელით
  4. მუსტაფა ფაშა სარდლად დაინიშნა 1578 წლის იანვარში