კალმასობა (დღე მეათე)
სადილის დროს მიიწივნენ მარტყოფს. იოანემ აცნობა მოურავს თვისი ვინაობა. მსწრაფლ მოურავმან მიუწოდა თვის თანა.
- ი ო ა ნ ე: მშვიდობა შენდა, მხნეო მოურაო!
- მ ო უ რ ა ვ ი: მე რა მხნეობა მიქნია?
- ი ო ა ნ ე: სხეულსა ზედან გაქვთ გამოწერილი.
- მ ო უ რ ა ვ ი: მე ღირსი სახსოვრისა არა მიქნია რა.
- ი ო ა ნ ე: უკეთუ თქვენ დაიდუმოთ, ქვანიცა ღაღადებენ.
- მ ო უ რ ა ვ ი: ერთი მამულისშვილობით მაქებთ, თორემ მე ღირსი არა ვარ.
- ი ო ა ნ ე: ჭეშმარიტს ვიტყვი, სწორედ პატიოსანი მუშაკობა მოგეწერებათ.
- ი ო ა ნ ე: ვითარ?
- ი ო ა ნ ე: ასოც ომში დასწრებიხართ თითქმის, და ას ლეკზედ და თათარზედ მეტი მოგიკლავთ, და ეგ დაჭრილობაც აბდულაბეგის ომში შეგემთხვათ. და ესდენ ნამსახურს ქვეყნის კაცს, გვმართებს, რომ გაქებდეთ.
ზაალ ზურაბის შვილს, მოურავს, არ უყვარდა თავისი ქება და უთხრა: - წავიდეთ რუსთველთან, სადილად იქა ვარ. მაშინ ზ უ რ ა ბ ა მ უთხრა: ბატონო მოურაო! ამ ბერის ლაქლაქს მართლა სადილი სჯობია! და ამა სიტყვასა ზედან გაეცინათ და მივიდნენ რუსთაველთან. ი ო ა ნ ე: რა რუსთველი იხილა, წინ წარდგა და მეტანია უყო და ჰრქვა: გვაკურთხენ, ყოვლადსამღვდელოო! მან ხელი უბოძა და მოიკითხა, და უკანასკნელ დასხდენ. მაშინ რ უ ს თ ვ ე ლ ი: ვინა ბრძანდებით თქვენ? ი ო ა ნ ე: ყოვლადსამღვდელოო, ვერღა მიცნობთა ხელაშვილს იოანეს, დიაკვანს ქვაბთახევის მცხოვრებსა? რ უ ს თ ვ ე ლ ი: ახ, ვერღა გიცან. ცალის თვალით ვერღარას ვხედავ თითქმის. ი ო ა ნ ე: რაჲ მოგეცათ მიზეზი? რ უ ს თ ვ ე ლ ი: სამსახურს ზედა წარსრულსა ცხენმან მიბრკა. ი ო ა ნ ე: სამეფოსა სამსახურსა ზედან ანუ კათოლიკოზისასა, ანუ თქვენისა სამწყსოსა ან ეკკლესიის გულისათვის? რ უ ს თ ვ ე ლ ი: არა, ახტალელისათვის. ზ უ რ ა ბ ა: მაშინ მაგ მსახურებისათვის მადანჩიბაში ბევრს ვერცხლს მოგართმევსთ. რ უ ს თ ვ ე ლ ი: ღმერთმანი, ვერცხლი ვერ გამოაქვსთ. ზ უ რ ა ბ ა: გამოდნობა კარგად იცი? რ უ ს თ ვ ე ლ ი: ოღონდაც. ი ო ა ნ ე: ეგეც მამულის მსახურებისათვის შეგმთხვევიათ. მიიღეთ რამე ჯილდო? რ უ ს თ ვ ე ლ ი: ვგონებ, ჩემი ეპარხიაც გამომართონ! ი ო ა ნ ე: ამა სოფელში ყველა გჯეროდეთ. და ამასობაში მოიღეს სადილი, და ესეგვარისა უბნობითა განატარეს. და ოდეს დაასრულეს სადილი, იოანე გამოეთხოვა ვახშმისაკენ, თავისი ვინაობა ცხაუყო და კმაყოფილი გაისტუმრეს იოანე. წარსულნი მუნით მივიდნენ ხაშმზედ. ი ო ა ნ ე: ზურაბ, იახელ მათ მაღალღირსებას წინამძღვარს და ჩემ მაგიერ თაყვანება მოახსენე და სადგური სთხოე! ზურაბ რა მივალს წინამძღვართან, მყისვე იცნობს წინამძღვარი და ეტყვის: - ქრისტეს ვენახისა ნასხლევო, საიდამ მოხვალ? ზ უ რ ა ბ ა: მე ნასხლევი ვარ ასეთი, რომ ვაზად შივიქმენ და ნაყოფიც კეთილი გამოვიღე. წ ი ნ ა მ ძ ღ ვ ა რ ი: ვითარ? ზ უ რ ა ბ ა: აწ მართლმადიდებელი ვარ მეც. წ ი ნ ა მ ძ ღ ვ ა რ ი აღსდგა, პირს აკოცა, დალოცა და უთხრა: აწ ხარ საკუთარი შვილი ჩემი. რა გნებავს? ზ უ რ ა ბ ა: იოანე ხელაშვილმან გაახლოთ ამაზედ თავი ჩემი, რომელ კახეთს მიდის წინამძღვრის საქმეზედ და ამაღამისათვის სადგური გთხოვათ. წ ი ნ ა მ ძ ღ ვ ა რ ი: ლოცვა მაკლია, შევისრულებ, მომიცადე და მოგცემ სახლსა. ზ უ რ ა ბ ა: შე დალოცვილო, ეხლა რომ ლოცვას მოყვეთ, ოცდაოთხი საათი კარში დავრჩებით. მე თქვენი ანბავი კარგად ვიცი, ჯერ სახლი გვიბოძე და ვახშამი და მერე გათენებამდინ ილოცე? წინამძღვარს გაეცინა და უთხრა: - რადგან მართმადიდებელი შეიქმენ, მუცელღმერთობაზე ხელი უნდა აიღო! ზ უ რ ა ბ ა: შე დალოცვილო, სულ მუცლის გასაძღომად დავდივართ, ქართლი მოვირბინეთ და ახლა კახეთში მივალთ. წინამძღვარს გაეცინა, უბოძა სახლი და უბრძანა: - იოანეც და შენც ჩემთან მოდით ვახშმად და ერთად შევექცეთ. ზურაბ მადლობელი წარვიდა. იოანე დაბინავდა და ვახშმის დროს მოვიდნენ წინამძღვართან. წინამძღვარს ეანბორა იოანე, მან მშვიდობით მოიკითხა, და ამისი ვინაობა გამოიკითხა. ამან ყოველივე ცხადუყო. და უკანასკნელ მოიღეს ვახშამი. რა მცირეს შეექცნენ, წინამძღვარმან გამოსცადა იოანე საღმრთო წერილებში და მონოზონთ ყოფაქცევისა საქმენიც გამოჰკითხა. ყოველივე კარგად მიუგო.
[ამას მიჰყვება ტრაქტატი ანგელოზთათვის].
წ ი ნ ა მ ძ ღ ვ ა რ ი: მიხარის შენთვის, იოანე, კარგა მიგიღია სწავლა! - და უბრძანა მემარნეს: - მოართვი იოანეს ჭაშნიკი პირჯვარის ქვევრიდამ, ღირსია დალიოს იმ ღვინიდან. რა მოართვეს იოანეს, მყის აღდგა და შესო სადღეგრძელო წინამძღვრისა, დიდად მოეწონა და ჰრქვა: - სამართლად გიწოდებიათ სახელი ესე! წ ი ნ ა მ ძ ღ ვ ა რ ი: გამოსცან, თუ რაისათვის უწოდეთ სახელი ესე? ი ო ა ნ ე: ვგონებ, სათნოდ მეფეთა და დიდებულთათვის. წ ი ნ ა მ ძ ღ ვ ა რ ი: ვითარ? ი ო ა ნ ე: ვინადგან მეფენი ჩვენნი და დიდებულნი მათში დიდად მორწმუნენი არიან და გიცნობენ ღირს კაცად, თქვენგან მირთმეულს ამ ქვევრის სახელით ღვინოს უფროს სიამოვნით მიიღებენ, ვიდრე სხვათა ღვინოთა. წ ი ნ ა მ ძ ღ ვ ა რ ი: არა შორს ხარ! ი ო ა ნ ე: ამგვარი ყოფაქცევა უფრო მძიმე არ არის მონაზონთათვის. წ ი ნ ა მ ძ ღ ვ ა რ ი: სხვანიც ბევრს რასმე მწამობენ, მაგრამ თუ ასე არა ვქენ, მონასტერი ნაკლულევანებაში მოვა. და ამ საქმით ეს სოფელი აღვუშენე, წისქვილი, ზვარი და სხვა მამულები ბევრი შევმატე ჩემს მონასტერს. ი ო ა ნ ე: კადნიერება ნუ იქნება, ოჯახების წახდენით და აქა-იქ მოხვეჭით უკანონოდ რა სარგებელ არს? წ ი ნ ა მ ძ ღ ვ ა რ ი: მე უწინ არ მინდოდა მსოფლიურს საქმეში გარევა და, რადგან გავერიე და არ მომეშვნენ, მცირე რამ მსოფლიურიც უნდა ვიხმარო. თორემ მე ერთი გლეხის შვილი ვარ, რა პატივი მექნება, თუ ამ სახით არ ვიყო? ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! ეგე მონაზონთ არა შვენის, თვით თავისი ღირსება არ დაუკარგავს პატივსა, ვისიც შვილი გინდ იყოს. მაშინ ზ უ რ ა ბ ა: უფალო წინამდღვარო, მეც მაჩვენეთ პირჯვარის ქვევრის ღვინო. მისცეს ჯამი სამსე. რა შესვა ზურაბმან, აღდგა და მეტანია უყო წინამძღვარს და თქვა: - ეს არათუ პირჯვარის სახელის ღირსია, არამედ მეტანიის წოდების ღირსიც ყოფილაო. რას ანბობს ეს ბერი, რატომ თავის წინამძღვარს არ აძლევს მცნებას? თვითო კიდევ გვიბოძე ამ ღვინისა და შენდობას მოგცემთ, თქვენ როგორც გეწიროთ, ისე სწირეთ. წინამძღვარმან გაიცინა, და ამა სიტყვით დაასრულეს ვახშამი. იოანე აღსდგა, მადლობა მოახსენა და ხვალისათვის თელავს წასასვლელად გამოეთხოვა. წინამძღვარმან აღუთქვა ჩუქება ღვინისა და იოანე მადლობელი წარვიდა სადგურსა თვისსა. იმ ღამეს მუნ განისვენა და ხვალისა დღე ადრე აღდგნენ, საგზალი მოიმზადეს და თელავისაკენ განემგზავრნენ. სადილი გომბორის მთაზედ მიიღეს და ვახშმისათვის თელავს დაამტკიცეს მისვლა.