კალმასობა (დღე მეთვრამეტე)
ხოლო ხვალისა დღე ანჯიქო მივიდა იოანეს ბინაზე, უთხრა: წავიდეთ, ბატონისშვილი ბაგრატ ვნახოთო. იოანეს იამა და უთხრა: - აქ ბრძანდება? ა ნ ჯ ი ქ ო: ბაგრატ აქ არის, ამ ჯარის უფროსად. იოანე მოემზადა და წარვიდენ ბაგრატისაკენ. რა იოანე იახლო ბაგრატს, ეშკააღაშმან ცხდუყო იოანეს ხელაშვილის მისვლა. ინება ბაგრატმან. და რა შევიდა სახლსა შინა და იხილა ბაგრატ, წინ წადგა იოანე და მოახსენა: - დღეგრძელდი, მეფის ძევ, სარდალ-თელავის-ქალაქმთავარო! ბ ა გ რ ა ტ: გმადლობ, იოანე, რომ მეც არ დამაგდე უსახელოდ, რადგან ამ გზობით მრავალგან გაგიცია სახელო და შენც გიშოვნია ნაცვალი. ი ო ა ნ ე: ზოგიერთმან სახელის მიცემა დია იწყინეს. ბ ა გ რ ა ტ: მართლა ეტყობა შენს ანაფორას. ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! ვინ მოგახსენათ? ბ ა გ რ ა ტ: სულმან მაუწყა. ი ო ა ნ ე: წინასწარმეტყველთ ტომი ხართ, მცნობელობის მადლი თქვენც გექნებათ. ბ ა გ რ ა ტ: ნუთუ გვატყუებდე და ახალი ანაფორა გინდოდეს? ი ო ა ნ ე: ჩემი სიმართლე ამით ჩანს, რომ ერთმან ვინმე რომ შეიძლოს და მთელი სამი სამეფო დახიოს, ანაფორის დახევაზედ რაღა ეჭვი უნდა. ბ ა გ რ ა ტ: დროს ყველა შეუძლიანო. ი ო ა ნ ე: ჭეშმარიტია, ახლანდელი საუკუნო ასე იჩვენება... იოანე გამოეთხოვა ბაგრატს მმადლობელი, წარვიდა, საბაწმინდაც მოილოცა და მერე ისევ მოვიდა თვისსა ბინასა ზედა. რა ვახშმობის დრო მოვიდა, იოანეს კიდე მიუწოდეს თვისთან ბებურიანთა და ისევ იმ სახით დახვდენ, ვითარცა პირველ, და ეს ღამეცა ესრეთ განატარეს.