კალმასობა (დღე მეხუთე)
ხოლო ხვალისა დღეს იოანე განემზადა რუისისაკენ, გამოესალმა მდივანს და წარემართა საჩუქრიანი. ი ო ა ნ ემ უთხრა ზურაბს: სად ვისადილოთ? ზ უ რ ა ბ მ ა ნ: საღოლაშენს, მინბაშ ამირეჯიბთანაო. და წარემართნენ მუნით. რა მიიწივნენ სოფელსა შინა, იოანემ გაგზავნა ზურაბ მინბშთან და შესთვალაცა ლოცვა-კურთხევა. ზურაბ, მისრული, მოიკითხამს მათ, და იგინი აჩვენებენ საჯინიბოსა, რომელსა შინა იყო ოთახი სტუმართ სადგურად. შესრული მუნ, იოანე უწყებს ცხენთა შინჯვასა და იხილავს, რომელ თითოსა ცხენთა თითო კაცი ჰყავთ მიჩენილნი, რომელნიცა სწმენდენ ცხენებთა და ქვეშე უგვიან და უმშრალებენ მიწათა და უცხოდ სუფთათ ინახვენ. ესე განკარგულება მოეწონა იოანეს. და უკანასკნელ იხილა ორნი ყმაწვილნი, ნეხვსა ზედა მსხდომარენი, ტალახით შესვრილნი, ნაგავგარდაყრილნი, გარნა სახითა კარგნი, უკაცოდ მოთამაშენი ურთიერთისადმი. და თქვა: - ვინა არიან ესე ყრმანი? მაშინ მუნ მდგომარეთაგანმა ვინმე ჰრქვა: - ძენი ამირეჯიბისანიო! ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! ამ ქვეყანაში პირუტყვთ უფრო პატივი სდებიათ პირმეტყველზედ, - და უკუნიქცა. ამ ჟამად მინბაშიც მოვიდა, იოანემ მშვიდობით მოიკითხა და მანცა შეიტკბო და დასხდენ. მაშინ მინბაშმან ჰკითხა თვისი მგზავრობის მიზეზი, და ყოველივე მიუგო იოანემ. და უკანასკნელი მინბაშმან ჰკითხა იოანეს: - როგორ მოგწონსთ ჩემი ცხენები? რადგან ხიზიყელი ხარ, ისინიც კაი ცხენებს ეწყობიანო. ი ო ა ნ ე: ცხენებიც უცხოდ მომწონს და მოვლაცა, მაგრამ ყმაწვილებისა კი რა მოგახსენო! მ ი ნ ბ ა შ ი: ვითარ? ი ო ა ნ ე: თითო ცხენს ოროლი მომვლელი ჰყავს და ორსლ თქვენს შვილებს არცა ერთიო. მ ი ნ ბ ა შ ი: ჩვენც მაგ სახით ვყვანდით მშობელთა ჩვენთა. ი ო ა ნ ე: ცუდი მაგალითი გისწავლიათ. მ ი ნ ბ ა შ ი: ცხენები ჩვენნი მაცოცხლებელნი და სახელის მომპოვებელნი არიანო. ი ო ა ნ ე: ვითარ? მ ი ნ ბ ა შ ი: ჩვენ მრავალნი მტერნი გვებრძვიან და ომში თუ დავმარცხდებით, სიკვდილისაგან მოგვარჩენენ, და თუ გავიმარჯვებთ, ჩვენს მტერს მიგვწევენ, მოვკლამთ და შევიპყრობთო. ი ო ა ნ ე: შვილები რომ კარგად დაზარდოთ და ასწავლოთ, უფრო ბევრს კარგს სახელსა იქმო, და მაშინ ჯოგსაც გაიჩენთ. მ ი ნ ბ ა შ ი: ჭეშმარიტს ბძანებთ, მაგრამ ურჩნი არიან შვილნი ჩვენნი. აჰა ეს უფროსი შვილები, არც არას ესენი მიჯერებენ. ი ო ა ნ ე: დია მართებთ მორჩილება შვილთა მშობელთა თვისთა. მაშინ მინბაშის შვილთა თავი იმართლეს და თქვეს: - რა ვყოთ! არავინ არ გვასწავლის და არცა თქვენისთანა ვინმე მოსცა აქა. და რასაც მცნებას მოგვცემენ, ვეცდებით დამარხვასა. ეგრეთვე მინბაშმან სთხოვა, რომ: - მცირე რამ ზნეობისა უბრძანეთ რამეო, ვინადგან მესმის თქვენი ეგე მეცნიერება. მაშინ იოანემ მოიღო საწერელ-ქაღალდი და დაუწერა შემდგომნი ესე შემოკლებით ზნეობის სწავლა: ა) იყავ კეთილმსახური და მართლმადიდებელ. ბ) სასოებდე ღვთისა ზედა და გიყვარდეს ყოვლითა გულითა შენითა. გ) იყავ ერთგულ წინაშე ეკკლესიისა და ყოველი განწესება მისი წმინდად დაიცევ და წმინდათა მამათა განწესება კეთილად შერაცხე. დ) გიყვარდეს მშობელნი შენნი, მორჩილ ექმენ მათ, და პატივ ეც შეძლებისამებრ შენისა, და დღეგრძელ იქმნე. ე) შეუდეგ კეთილმოქმედებასა და ივლტოდე ბოროტისაგან. ვ) იყავ ერთგულ მეფისა შენისა, მამულისა და სჯულისა. ზ) იყავ კეთილგონიერ, სჭვრეტდე დასასრულსა საქმისასა, განსჩხრიკე საშვალი მისი და ნუ უტევებ პატიოსანთა საქმესა შინა დროსა. ჱ) იყავ პატივსცემეულ და მორჩილ მოძღვრისა შენისა და მღვდელმთავრისა შენისა. თ) ნურარასა ჰყოფ განუსჯელად და, ოდეს განსაჯო კეთილად, ნუ იქმნები მას შინა დაყოვნებული. ი) გიყვარდეთ ძმებთა ერთმანერთი, ვინადგან ერთის მამისისაგან წარმოებულნი ხართ, და ერთის დედისა მუცლიდგან გამოსულნი; გიყვარდენ კეთილისმყოფელნი თქვენნი და მოძულეთა თქვენთა ულოცევდით. ია) რაოდენ ძალგედვით, ილოცევდით და მაშინც ყოველდღივ იტყოდეთ საუფლო ლოცვასა „მამაო ჩვენოსა“. იბ) ნუ ყოველსა იტყვი, რაჲცა იცი, ანუ გაგეგონოს, არამედ თვისსა დროსა და ჟამსა ზედა. იგ) ნუ მოუმატებ დაბარებულსა საქმესა ზედან სიტყვასა, ნურცა გარდაცვლი და ნურცა გაგონილსა ზედან სხვასა რასამე მეტსა შესძინებ. იე) ნუ ყოველსა სიტყვასა ზედა ერწმუნები. ივ) ნუ ყოველი გსურინ, რაჲცა იხილო. იზ) ნუ ყოველსა იქმ, რაჲცა ძალგიძს, არამედ ქმენ იგი, რაჲცა ჯერ იყოს. იჱ) ნუ შეებმი ესგვარ საქმესა, რომლისა აღსრულება არ ძალგედვას. ით) რაჲცა არა იცოდე, ნუ დაამტკიცებ და ნუცა უარჰყოფ, და უფრორე მაშინ, ოდეს კითხვა იყოს შენდამი, რომლითა იქმნე კეთილგონიერი. კ) იყავ მომთმინე, კრძალულ და დამპყრობელ თავისა თვისისა, და ამისა ძლით სცნობ თავსა თვისსა. კა) ნუ იქმნები მეშურნე და ნურცარა ვისიმე შეგშურდების. კბ) ცილსა ნურავის შესწამებ და ნურცა ვისმე შენს უფროსთან დააბეზღებ, გარდა სჯულისა, მამულისა და მეფისა მუხანათისა კიდე. კგ) უჯეროდ ნურასა სჭამ დს ბევრს სამთვრალოს სასმელს ერიდე, ვითარცა საწამლავსა? კდ) თუ არ გშიოდეს, ძალად ნუ სჭამ. კე) თუ არ გწყუროდეს, ბევრს წყალს ნუ დალევ. კვ) გაუფრთხილებლობისა გამო და ცუდის ყოფაქცევისა მიზეზით წარმოდგებიან სხვადასხვაგვარნი სნეულობანი და ამასთან სიკვდილი. კზ) დამპყრობნი თავისა თვისისა და წადილისა თვისისანი ცოცხლობენ კეთილად და ხანგრძელად. კჱ) იყავ მშვიდ და ნუ იქმნები კადნიერ. კთ) იყავ მდუმარ, ვიდრე მოუბარ; ოდეს იწყოს ვინმე უბნობად, მაშინ შენ სდუმენ. ი) ოდეს შენდამი უბნობდენ, გონიერად უსმენდე. ლა) ოდეს გიბრძანებდენ მთავარნი შენნი, მორჩილ ექმენ. ლბ) ნუ იქმნები მოქადულ. ლგ) ნუ იქმნები ზვავ და ამპარტავან. ლდ) ყოველთადმი იყავ ალერსით და ნუ პირმოთნეობით. იგ) იყავ მართალ და სარწმუნო. ლვ) ნურარაი გსურინ სხვისა და უფრორე ნუ იპარავ. ლზ) რასაცა შინა გაქვნდეს საჭიროება, მოირეწე იგი შრომითა. ლჱ) უკეთუ დაგლახაკდე, ნუ გრცხვენის, ითხოვდე და ვინც რაჲ მოგცეს, მიიღე მადლობით. ლთ) რაჲცა ივასხო, ანუ ისესხო, კვალადვე მიეც აღნათქვამსა დროსა, რათა საჭიროებისა დროს სხვათაგანცა მიიღო შეწევნა. მ) ვისიც რა გემართოს, ნუ გალანძღამ, რათა სხვანი არ დააფთხო. მა) უკეთუ არა ძალგედვას, ნუ აღუთქვამ. მბ) რაჲთცა აღსთქვა, აღასრულე. მგ) იქმენ მხნე და შრომისმოყვარე, ხოლო მცონარობა უტევე უქმთა, ვინადგან მცონარება არს დასაბამი ყოვლისა უბედურებისა. მთ) გიყვარდეს სწავლა და, უკეთუ ირას ისწავლი, დიდის კაცის შვლის უსწავლელს ფილასოფოსნი ოქროს ვირს უძახიან. მე) უკეთუ გენებოს რაისამე წყება, პირველად გამოიცადე ძალი შენი და მერე განაგრძე იგი, და ნუ მომედგრდები მას შინა. მვ) უბედურობასა შინა ნუ შესწუხდები, ბედნიერებასა შინა ნუ მოუძლურდები. მზ) ბედნიერებასა შინა ნუ დაივიწყებ კაცობრიობასა, რამეთუ კაცნი ქვემდებარე არიან ბედნიერებისა და უბედურებისაცა, და კვალად ვინადგან ბედნიერება არს დაუდგრომელი, რომელი ამიზეზებს სხვადასხვას შემთხვევასა და ხშირად მწუხარებასა. მჱ) რასაცა სულგრძელობით მოითმენ, მისთვის სულმოკლენი ოხვრენ, სტირიან და ვაებენ. მთ) იყავ კეთილმიდრეკილ და მოწყალე. ნ) მთხოველთა მიეც, რაოდენ ძალგედვას, და უკეთუ არა გაქვნდეს, კარგისა სიტყვით გაისტუმრე. ნა) დავრდომილთა შეეწიე, უკეთუ შეგეძლოს. ნბ) თუ შეგაწუხოს ვინმე, მიუტევე მას. ნგ) თუ შეაწუხო ვინმე, მშვიდობა ჰყავ მის თანა. ნდ) საქებელ არს დაპყრობა რისხვისა და მიტევება შეცოდებითა. ნე) ყმათა შენთა უდიერსა ნურარას დასდებ ხარკსა. ნვ) ყმანი შენნი შეძლებისამებრ იმსახურე და უსამართლოდ ნურას წაართმევ. ნზ) ყმათა შენთა მსახურებისამებრ მათისა უწყალობე და დანაშაულსა შინა იყავ მოწყალე, გარნა ყოველთვის ნუ მიუტევებ, რათა არა განირყვნენ... ნჱ) ოდეს იქმნე კაცთმოყვარე, იქმნეცა შეყვარებულ ყოველთაგან. ნთ) იყავ უმაღლესთა შენთა მორჩილ, თანასწორთა კეთილადმქცევ და უმდაბლესთადმი თავაზიანი. ჲ) ვინც მოგეგებოს, მოიკითხე, და ვინც მოგიკითხოს, ნაცვალი აგე. ჲა) ვინცა დაგპატიჟოს, მადლობა ჰკადრე და შენც მიიწვიე. ჲბ) მკითხველთა მიუგე. ჲგ) უმეცართა ასწავე. ჲდ) შეწუხებულთა ნუგეში ეც. ჲე) უკეთუ შეძლება არა აქვნდეს მკვდრის პატრონს, დამარხვად შეეწიე. ჲვ) ნუ ვინმე გძულს, არამედ ყოველთადმი კეთილმსურველ იყავ. ჲზ) გიყვარდენ მეზობელნი შენნი და უსამართლოდ ნუ ებრძვი მამულთათვის. ჲჱ) მსახურე, ვისიცა თანაგაძს, რაოდენ შეგეძლოს, რომლითა ათნებდე ყოველთა. ჱთ) მოყვარეთა იქმენ საყვარელ და მაშინ მტერთაცა არღა ძალუძსთ მოძულება. ო) იტყოდე მარადის სიმართლესა და ნურაოდეს იუბნებ ცრუდ. ოა) ნუ იქმ უსამართლოებასა. ობ) ქვრივთა და ობოლთა ნუგეში ეც. ოგ) სნეულთა მოუარე. ოდ) უცხო შეიწყნარე. ოე) საპყრობილეთა მყოფთა მოიკითხამდე და ნახევდვე. ესე დაიცევ და იქმნე კეთილმიმთხვეულ“. და ესრეთ წარუკითხა იოანემ. მინბაშმან მადლობა მოახსენა, ესე წიგნი ჩამოართო და მოიღეს სადილი. მაშინ მინბაშმან იწყო მატაკარანობა (სუფრაჯობა), და რადგან სუფრაჯის რიგია ქართლში, - პირველად გარიგების დროს საჭმელსა თვითონ დაისხამს და მერე სხვათა მიართმევს. მინბაში დია სწყალობდა საჭმელსა და უყვარდა, და თავისთვის ეგეოდენი დაისხა, რომელ თითქმის ზურაბს დია ერგო. და მაშინ ზურაბმან ჰრქვა: - ბატონო მინბაშო, რადღა არიგებთ მაგ საჭმელთ, ბარემ სულ თქვენ მიირთვით! მ ი ნ ბ ა შ ი: არ გაგიგონია: ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო. ზ უ რ ა ბ ა: არც ეგრეთ უნდა. და მაშინ იოანემ შერისხა ზურაბს და დააჩუმა. მაშინ მინბაშმან იოანეს უთხრა: - არა სცოდნია თქვენს მოწაფეს, რომელ საზრდელი არს მაახლი კაცთა ძალისა ცხოველობისა. ი ო ა ნ ე: კეთილად ბრძანებთ, გარნა ნაყროვნება უჯერო არს და ცოდვა. მ ი ნ ბ ა შ ი: რაჲ არს ნაყროვნება? ი ო ა ნ ე: ნაყროვნება არს ერთი შვიდთა მომაკვდინებელთა ცოდვათაგანი, კაცთა ძალისა ცხოველობისა დამკლებელი და უკანასკნელ სულისა წარმწყმენდელი. ხოლო ნაყროვნება ნიშნავს უწესოდ სიმაძღრესა. მ ი ნ ბ ა შ ი: რაჲ ვჰყო, არც მე მინდა, მაგრამ ჩემს აღსარებას გეტყვი: თითქმის ვერ გავძღები, და თუ გავძეღ, კიდე მალე მომინდება საჭმელი. ი ო ა ნ ე: ეგე კუჭის სიკეთე არის, რომ მალე ხარშავს საჭმელსა და ინელებს. აგრეთვე ექიმობის გვარით, თქვენ ეგრეთ მჭამელისას იტყვიან, ვითამც მგლის გვარად აქვნდეს კუჭი და იმ ხასიათისა, და ამის გამო არ მოეკიდოს გაძღომა. მ ი ნ ბ ა შ ი: მაშა ვითა ჯერ არს, რომ კაცი სასმელ-საჭმელში იქცეოდეს? ი ო ა ნ ე: რაც ჩვენს ცხოელობას შეეწიოს, ეგოდენი უნდა მიიღოს და არა მეტი. აჰა, მე მოგახსენებ: თუ კაცმან უჯეროდ და ურიგოდ ჭარბობით მორწყოს ბოსტანი, ბაღი, ვენახი ან სხვა მოსავალი და მალმალ, როცა არ ეჭირება, ხომ წაუხდება იგი მოსავალი და არღა რიგიან გამოსცემს ნაყოფსა? ეგრეთვე კაცნიც მოზრდობით მსგავსნი მათნი ვართ და, თუ დამეტებით მივიღებთ სასმელსა, საჭმელსა და უჯეროდ, მაშინ დაამძიმებს კუჭსა, შეუქმს ინთილასა, შემოიტანს მრჭვალსა, მუცლის ჩხვერასა, ცივებასა, სნებასა, თავის ტკივილსა და სხვათა მრავალთა სნეულებათა. და ურიგო სმითა და ჭამითა და უკრძალველობითა ყმაწვილობის გამო უკანასკნელ სიბერეში სიჭაბუკის ურიგო ცხოვრებისა გესლი მოასწრობს მას და ესრეთ სნეულობით განატარებს ცხოვრებასს თვისსა. მ ი ნ ბ ა ყოველითურთ კმაყოფილ ვიქმენ თქვენგან და გთხოვთ მიბრძანოთ, ამირეჯიბობა რასა ნიშნავს, ან რა გვარია? ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! სხვაგან არსად ბძანოთ, დიდი სირცხვილია, რომ თქვენ მე მკითხავთ თქვენ სახელოს? მ ი ნ ბ ა შ ი: ვითარ? ი ო ა ნ ე: ეჯიბი ხომ ქორწილებშიაც გაგიგონიათ, რომ პირველ ღვინოს ვინც შესვამს, დაუძახებს: „ეჯიბო, შენს მეფეს გაუმარჯოს", და ის სიტყვას მიუგებს და მადლობას ეტყვის. მ ი ნ ბ ა შ ი: ეგ ჩემს ქორწილში (....) მაცნობეთ. ი ო ა ნ ე: ეჯიბი ძველად მეფეთა შორის საქართველოსათა იყო სახელი ანუ ხარისხი ესგვარი, რომელ ამ ეჯიბის ხელთ იყვნენ ყოველნი ტაძრეულნი მეფისანი, და ნადიმსა შინა იგივე მიუგებდა მეფისა წინ დარბაისელთა, და მას ეტყოდენ დარბაზის ერნი, რაჲ ენებათ მეფისა მოხსენებად, და ამის მიერ მიეცემოდაო პასუხი, და მისა წინა პირველ ვერვინ შევიდის თვინიერ მისა. ხოლო ამირეჯიბობა ნიშნავს უპირველესსა ეჯიბსა. და ამის მიხედვით ვინც ქორწილსა იქმს, მამაკაცს სამ დღეს მეფეს ეძახიან, და მის მაგიერ მოლაპარაკეს - ეჯიბს. გარნა თქვენ ამა მიზეზით გაგიკვირდათ, ვინაიდგან იყვნენ მეფეთა ეჯიბი წინაპარნი თქვენნი, თორემ ხართ ძველათ ფალავანდიანთ გვარი. და ამ სიტყვით დაასრულეს სადილი. იოანეს კვალად მადლი უთხრეს ესოდენ სწავლებისათვის და ყვეს კმაყოფილი. იოანე გამოესალმა და წავიდა რუისისაკენ. საღამო ხანს მიიწივნენ რუისს. ი ო ა ნ ე: - ზურაბს: იღვაწე ჩვენთვის სადგური, მივედ ყოვლადსამღვდელოს მიტროპოლიტთან, ჩემ კერძო ეამბორე და უმდაბლესად სთხოე სადგური. ზურაბს, მისრულს მროველთან, შეიწყნარებს, უბრძანებს სადგურის მიცემას და ვახშმად თვისთან მიიწვევს. იოანე, მცნობი ამისა, მივალს მისთვის გამზადებულსა სახლსა შინა, განიხდის საგზაოსა ტანისამოსსა, შთაიცვამს სხვასა და ესრეთ წარვალს მიტროპოლიტთან. ოდეს მივალს მიტროპოლიტთან, იოანე უყოფს მეტანიას და კრძალვით მოსთხოვს ხელსა და იტყვის: - გვაკურთხე, ყოვლადსამღვდელო მეუფეო! მ ი ტ რ ო პ ო ლ ი ტ ი: კურთხეულ იყავ! და იოანე ეამბორა ხელსა. მაშინ მ ი ტ რ ო პ ო ლ ი ტ ი უბრძანებს: საიდამ გიძღვის უფალი? ი ო ა ნ ე: კავთის ქვაბთახევის მონასტრიდამ, და ან ძაღინით. მ ი ტ რ ო პ ო ლ ი ტ ი: მოგივლიეს ცასა ქვეშე. ი ო ა ნ ე: არა ეგრეთ, გარნა აქ ვარ, უფალო. გაეცინა მიტროპოლიტს და უბრძანა დაჯდომა. და მერეთ ჰკითხა თვისი ვინაობა. და ყოველივე ცხადუყო იოანემ. და უბრძანა მიტროპოლიტმან: თარხნიანთაც შეეძლოთ თქვენი გამოზრდა, რომ ესოდენი შრომა არ მოეცათ თქვენთვის. მაშინ ზ უ რ ა ბ ა: ყოვლადსამღვდელოო! ნეტარ იმათ არა წაართონ რა, თორემ მაგდენს არას მიართმევენ. მ ი ტ რ ო პ ო ლ ი ტ ი: მამაშვილობამ, მამაცაანიც მაგგვარ შვრებიან! ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! თქვენც გყოლიათ მაწუხებელი. მ ი ტ რ ო პ ო ლ ი ტ ი: იგი წყეულ-შეჩვენებულები, რასაკვირველია. ი ო ა ნ ე: ნუ სწყევთ, უფალო! მაშინ ზ უ რ ა ბ ა: მართალია, ჯერეთ უცხონი არიან წყევა-შეჩვენებისა. ი ო ა ნ ე: ვითარ? ზ უ რ ა ბ ა: ომათ ყოვლადსამღვდელოესობას გარდა, ვგონებ, პირველ გარდაცვალებულ მიტროპოლიტთა ხუთთა და ექვსთაგანცა იყვნენ დაწყევლილი და შეჩვენებული. მ ი ტ რ ო პ ო ლ ი ტ ი: დია მართალს ამბობს! ი ო ა ნ ე: და არა მოიქცნენ იგინი? მ ი ტ რ ო პ ო ლ ი ტ ი: ვითამც არც კი სმენიათ. ი ო ა ნ ე: მაშასადამე, შესჩვევიან ყოველსა წყენასა, შეჩვენებასა ის უკეთურნი! მ ი ტ რ ო პ ო ლ ი ტ ი: ავაზაკნი არიან. ი ო ა ნ ე: როგორც იყოს, მოთმინება უნდა იხმაროთ და მოაქციოთ. მ ი ტ რ ო პ ო ლ ი ტ ი: აჰა, შენ უქადაგე, მეცნიერს გეძახიან და, თუ მოაქცევ, ერთს ურემს პურს გაჩუქებ. იოანემ მადლობა მოახსენა. მაშინ ზ უ რ ა ბ ა: ახა ვაგლახთა, უჩუქარი დავრჩით! მ ი ტ რ ო პ ო ლ ი ტ ი: ვითარ? ზ უ რ ა ბ ა: თქვენ რომ ამას გიჯერებენ, ყმანიც არიან და სამწყოსნიც, ქიზიყელს დიაკვანს რას დაუჯერებენ? მ ი ტ რ ო პ ო ლ ი ტ ი: შე გიჟო, ნუ იქნები უსასოო! ზურაბამ მადლობა მოახსენა და მოიღეს ვახშამი.
[ამას მიჰყვება ტრაქტატი საიერარქიო ხარისხთა შესახებ].