კალმასობა (წასვლა რუსეთად ბერისა)

126645კალმასობაიოანე ბატონიშვილი

ჟამსა ამას შინა ღალატით ქართველთაგან შეპყრობილნი მეფის ძენი იულონ და ფარნავაზ, რომელნიცა განმცემელ ექმნენ და მოთავედ თავადნი ავალისშვილი სოლომონ და ამირეჯიბი გოგია, ძენი ესე მეფისანი წარმოგზავნილ იქმნეს რუსთაგან როსიად. ხოლო ბერიცა იოანე ხელას-ძე თანა წარმოჰყვა მეფის ძესა ფარნავაზს, რომელიც ფრიად საამოდ მიიღო მეფის ძემან თანაწარყოლაჲ ბერისა მის. შემდგომად მესამისა დღისა მივიდნენ ტფილისიდგან კაიშაურს, კარად წოდებულს ადგილსა, და მუნ განისვენეს ერთი დღე. ხოლო ხვალისა დღე აღიყარნენ რა და შეუდგნენ მთასა მას კაიშაურისასა, მაშინ იწყო ძლიერმან თოვლმან მოსვლაჲ. და ქარიცა ფრიად მომბერველობდა, და თითქმის ყოველნივე მოიყვანა ძრწუნვასა შინა. ჟამსა ამას შინა ბერი დაშთომილ იყო უკან და ჩქარისა სიარულითა მიისწრაფდა, რათა მოეწიოს მეფისა ძესა. დროსა ამას შინა იხილა ბერმან ერთი ახალგაზრდა ვინმე დედაკაცი, მჯდომარე თოვლსა ზედა მთის ძირად, და ჰრქვა ბერმან: - ვინ ხან შენ ჭაბუკავ? ხოლო მან ჰრქვა მას: - მე ვარ მგზავრი რუსეთად წამსვლელი, და თანამყოლელნი ჩემნი განმაშორნა ავდარმან ამან, და დავშთი მარტო, და არღა ძალმიძს მე წარსვლად. მაშინ ბერმან ჰრქვა მას. - მე გიტვირთავ ზურგზედან ჩემსა. და მიგიყვან მათ თანა. ხოლო ქალმან მან ჰრქვა უკვე ბერსა: - ვითარ ეგების ეგე, რათამცა შრომა რაიმე შეგამთხვიო შენ? მაგრამ არა მოეშვა ბერი იგი. და უკანასკნელ იძულებული ქალი იგი აღიკიდა და წარემართა გზასა მასა. ხოლო ქალსა მას დაღალულობისა და უძლურებისა გამო დაეძინა. და ძილსა მას შინა შარდი უკვე წაუვიდა და ბერსა მას ზურგი სრულებით დაუსველა, და სითბომან შარდისამან არამცირედი გრძნობაჲ მიართო ბერსა მას, რომელმანცა სთქვა: - უი ჩემ თავს, ხოჯის აბანოს წყალი ვინ დამასხა მე და დამწო ზურგი ესე, ნუუმე სოლინართაგან ამა ტვირთულისათა წარმოედინა წყალი ესე? - და სთქვა: - დედათა ბუნება მაშინც მხურვალეა, რომლისა გამო სხვებცა განღვიძებულ მყო. - და სთქვა: - ჩქარა წარვიდე, რათა არა საბრხესა ეშმაკისასა შთავარდე. და ესრეთ ჩქარისა სიარულითა მიიწია კობს სოფელსა შინა და მიგვარა პატრონთა თვისთა, რომლისა გამო მადლობაჲ მიიღო მათგან ბერმან. ბერი წარვიდა სადგურსა თვისსა და გამოიცვალა ტანისამოსი. მაშინ იხილა იარალიმ სველი ტანისამოსი ბერისა და ჰრქვა: - ჩვენ სიცივით კინაღამ დავიხოცენით და შენ რაოდენი ოფლი გდენიაო? ბ ე რ ი: აბა უსუნე მაგა ტანისამოსსა, ვითარი ოფლიაო! იარალიმ რა უსუნა, იყნოსა ფსუტისა სუნი, უთხრა ბერსა: - ქვეშ ჩაგიფსამს თუ რა დაგმართებიაო? ამაზედ იცინეს და წარვიდნენ მეფისა ძესთან. მეფის ძე შემოვიდა მამულსა რუსეთისასა. და მოიწივნეს დანიშნულსა ადგილსა სამყოფლად თვისა, ქალაქსა ვარონიშად წოდებულსა. იწრო ცხოვრებამან მათმან აგულისსიტყვა ბერსა, რათა წარვიდეს სანკ-პეტერბურღსა შინა სხვათა მეფისა ძეთა თანა. და სრულჰყოცა ჰაზრი თვისი. პირველად უკვე მოვიდა ბერი მოსკოვს. და იხილნა მუნ ქართველი ეპისკოპოსნი და სხვანი ძველად გარდამოსრულნი ქართველნი. და სთქვა: - არღა მმართებს მე მწუხარება, ვინაიდგან ესეოდენთა პატიოსანთა უკვე კაცთა აქა მცხოვრებელთ ვხედავ. და ყოველთა მათ შეიტკბეს ბერი და განუსვენეს. დღესა ერთსა შინა სხვანიცა უკვე ქართველნი და ბერი იოანე წარვიდნენ მიტროპოლიტს მროველს იოანესთან. და მან მიიღო ყოველნივე და სადილადცა თვის თანა აწვივა. ჟამსა ამას შინა ბაგრატოანი დიმიტრიც მოვიდა, ეანბორა გედეონისშვილს, იონა მიტრაპოლიტსა, და დასჯდა მათთანა. რა დიმიტრიმ იხილა ბერი, ჰრქვა: - ჰგავს, ახლა მოსულხარ. და მერე დიმიტრიმ ჰრქვა: - კარგი არ არის, რომ შენს ბატონისშვილებს გარდმოყოლილხარ. ბ ე რ ი: რა საკურველია, რომ ყმა ბატონს გარდაჰყვეს! თუ ბედნიერებაში უნდა თავის ბატონი და სარგებლობს წყალობითა მისითა, ჭირსა შინა რადღა უარჰყოს? და უკეთუ უარჰყოფს ვინმე, არც პატიოსანი იქმნება იგი. დ ი მ ი ტ რ ი: მე დია ბევრმან უარმყო. არათუ გარდმომყვა ვინმე, არამედ სიკვდილიცა სწადნოდათ ჩემი. ბ ე რ ი: რაჲსა მიზეზით გკლამდენ, ანუ ვით გარდმოვარდით აქეთ? დ ი მ ი ტ რ ი: ერეკლეს ისე იამებოდა. ბ ე რ ი: რომელს ერეკლეს აბბობ? დ ი მ ი ტ რ ი: თქვენს მეფეს ირაკლის. ბ ე რ ი: მაშ, ჰგავს, შენი მეფე არა ყოფილა, და არც მეფედ აღგიარებია. დ ი მ ი ტ რ ი: ჩემი მეფე ვახტანგ მეფიანი თუ ვინმე იქმნება, ის იქნება, ამისთვის, რომ მეფის იესეს შვილიშვილი ვარ. ბ ე რ ი: გიორგის შვილი დიმიტრი თქვენ ხართა? დ ი მ ი ტ რ ი: დიაღ, მე ვარ. ბ ე რ ი: კარგად უთქვამს რუსთაველს: „კოკასა შინა რაცა დგა, იგივე წარმოდინდება“. დ ი მ ი ტ რ ი: ბერო, არ იცი, მამაჩემი შენგან სახსენებელი არ არის, რადგან მეფის შვილი იყო? ბ ე რ ი: ვიცი მე კარგად. პაპაშენი თათარი იყო და მამათქვენი ხარჭთან შვა, და ქართველების მეფეების ბუში რომ მეფის ძედ არა გვწამს, თათრის ბუშს ვინ იწამებდა, და აწ იმის შვილს ვინ გადმოჰყვებოდა? დ ი მ ი ტ რ ი ს ეწყინა, განრისხდა და უთხრა ბერსა: შე გასაკრეჭო, ქიზიყელი ხარ და ვითომ ერდგულება იჩემე შენის ბატონებისა და მლანძღავ! აქ არ იყო, ახლავ ღორივით დაგკლამდი და შენს სისხლს შევსვამდი, ამისთვის, რომ ჩემი ბიძაშვილი პაატაც მომიკალითო! ბ ე რ ი: ჯერ ქიზიყელნი არა ყოფილან პაატას სიკვდილზედ ქალაქში და ის ქართველთ თავადთა განჩინებით მოკვდა, რადგან მეფისა და მამულისა მუხანათად აღმოჩნდა. და მისნი ზიარნიც დაისაჯნენ, და თქვენც მაშინ გამოგაბრძანესთ. და მე მაშინ დაბადებულიც არ ვიყავ და ჩემზედ რათ იღებ სისხლსა? აქ რომ მაგ სვინდისითა ხარ, იქ რა იქნებოდიო? დიმიტრის შერცხვა და დადუმდა. ბერიც ადგა და წამოვიდა განზრახვითა ამით, რათა ურიგო უბნობა არ შემოსულიყო და მიტროპოლიტი არ შეეწუხებინათ. მოვიდა ბერი და განისვენა შინა. შემდგომად რაოდენისამე დღისა წარმოვიდა ბერი ქალაქსა პეტრებურხს. და მოიწივა რაოდენისამე დღისა შემდგომად და მოვიდა მეფის ძეს იოანესთან და სთხოვა სადგური, მეფის ძემ კარგად შეიტკბო იგი და მისცა სადგური, და უთხრა ბერსა, რათა უბრალოდ არა სადა ითხოვოს რაიმე. და რაიცა გექმნების საჭიროებაჲ, ჩემგან მიიღებო. ბერმან მადლობა მოახსენა და განისვენა მუნ კარგად. დღესა ერთსა განიზრახა ბერმან და სთქვა: - ანაფორა არღა მივარგა სიძველისა გამო და წარვალ მონასტერსა შინა ჩვენსა, არქიერსა ვნახამ და ანაფორასაცა ვთხოვ. ბერი წარვიდა მონასტერსა შინა. იხილა არქიერი, კარგად მიიღო ბერი, და თვითეულად გამოჰკითხა ქართლისა ვითარება, და არღა გამოუშო სადილად, შემდგომად სადილისა აღდგა იონა ბერი და მდაბლად ეამბორა, და მოახსენა: - ვიცი კეთილის გულისა თქვენისაგან, ამ კადნიერებითს მოხსენებისათვის არ გამიწყრებით, ვინადგან საჭიროება მაიძულებს თხოვნად თქვენისა ღირსებისადმი ერთსა ანაფორასა. არქიერი დაფიქრდა და უთხრა: - ბერო, დიაღ მრავალნი მოდიან სამღვდელონი აქა და ყოველს რომ თვითო ანაფორა მივსცე, იფიქრე, თუ რამდენი მომინდება. მეც ჩემის ულუფით და კონდაკით ვსცხოვრებ. ი ო ა ნ ე: მე იმან გამაბედვინა, „უკეთუ გაქვნდეთ ორი სამოსელი, მიეცით ერთი გლახაკთა“. ა რ ქ ი ე რ ი: ეგ მართალია, მაგრამ მე ერთს ანაფორას სხვადასხვად მოვიხმარებ საცმელად, და შენი ანაფორა კიდევ გამოდგება, პირი რომ უბრუნო; უნდა იკონომია ისწავლო, რადგან რუსეთში შემოხველ. ი ო ა ნ ე: მადლობელი ვიქმნები, თუ მაგგვარს მასწავებთ რასმე, და ან სხვადასხვაგვარად ვით მოვიხმარო ეს ძველი ანაფორა? ა რ ქ ი ე რ ი: ესრეთ მოვიხმარებთ ჩვენ - პირველად ანაფორად ვხმარობთ, მერე რომ გაჩირქდება, პირს უბრუნებთ და ისე ვიხმარებთ, სიძველე რომ შეუვა, დავშლით და თაგალად გავიკეთებთ, და კიდევ რომ მოემატება სიძველე, მერე ახალუხად შევიკერავთ, და რა ახალუხადაც არღა ივარგებს, სარტყლად გავიკეთებთ, და სარტყლადცა რომ არღა ივარგებს, კალფაკათაც გავიკეთებთ, და რა კალფაკად არღა ივარგებს, მერე ფოშტლებს საპირეთ გაუკეთებთ, და ფოშტლებითაც რომ არღა ივარგებს, ქისით შევკერავთო. და ამით ხუთ-ექვს წელიწადს ერთს ტანისამოსს ვიმყოფინებთო. ამასახედვე კაბებსაც ისე მოვიხმარებთ. ი ო ა ნ ე: როგორც თქვენი იკონომისობის ქება გამეგონა, ამით დავამტკიცე, რომ გარდამეტებულიც ბძანებულხართ. და მერეთ წარმოვიდა შინა. შემდგომად რაოდენისამე დღისა ბერმან განიზრახა მონასტერს სკოლასა შინა განწესება და სწავლა რუსულისა ენისა. სთხოვა მეფის ძეს. და შუამდგომლობითა მეფის ძისათა მიიღო მიტროპოლიტმან სხვათა მოწაფეთა თანა სკოლასა შინა. ხოლო ბერი რაოდენისამე დროისა შემდგომად გამოსცადეს საფილოსოფოსოთა სწავლათა კითხვა-მიგებით. და ყოველსავე შინა სიტყვა უგო მათ, ვითარცა ზემორე სხვათა თანა ვუბნობთ. უკანასკნელ მცნობმან მიტროპოლიტმან, რომელ ბერი არს სწავლულ თვისსა ენასა ზედა, მიუწოდა თვისთანა და ჰრქვა: - ბერო, მიკვირს მე ესე, რომელ თქვენშიაც ყოფილა მეცნიერებისა სწავლა, და გაქებენ მოძღვარნი ჩვენნი. წარვედ და გაიმართე რუსულადცა კარგად, რომ მინდა რაიმე სიტყვისგებად შენდა. ბერი წარმოვიდა და გულსმოდგინედ შეუდგა რუსულისა ენისა სწავლასა. მიიღო თითქმოს ერთსა წელიწადსა ზედა რომელსაცა შეეძლო უბნობა. შემდგომად წლისა ნახევარისა მიტროპოლოტმან ამბროსიმ ინება ბერთანა უბნობად და ბრძანა მიყვანება ბერისა. ბერი მივიდა ეანბორა მდაბლად მიტროპოლიტსა. მიტროპოლიტმან მოიკითხა, უბძანა დაჯდომა და ჰრქა: - ზამთრის ღამეა ახლა და დია გრძელი. მსურის კითხვად შენდა, უკეთუ არა დამზარდები. ი ო ა ნ ე: მზა ვარ, უფალო ჩემო, მიბრძანეთ, რა გნებავსთ. მ ი ტ რ ო პ ო ლ ი ტ ი: ასე გამიგონია თქვენი ქვეყნის ეპისკოპოსნი თითონ მუშაობენ ქვეყანასა, და ბოსტნეულთა მოსავალთა თითონვე ჰყიდდენ. და ამგვარს მდგომარეობასა შინა რასა ისწავლიან მუნებურანი, და ანუ რასა ასწავებენ ერთა? და მიკვირს, შენ სად გისწავლია ეგე სწავლანი? ბერსა ეწყინა ფრიად თვისისა ქვეყნისა კაცთა შეურაცხყოფაჲ და მოახსენა: - ყოვლადსამღვდელოო მეუფეო, ნუ გამიწყრებით მოხსენებასა ამას ზედა: ჩვენც ასე გაგვიგონია ჩვენს ქვეყანაში, რომ აქაურნი სამღვდელონი კაპალიონებში იშვებდენ და სიუხითა სავსე იქმნებოდნენ. და ესევითარსა მდგომარეობასა შინა ვითა უსწავლიათ სწავლანი? მიტროპოლიტმან გაიცინა და ჰრქვა: - ჰოჲ, ბერო, მაღალს ღრადუსზედ ახედო, და, გავს, შენი ქვეყანა გყვარებია, და მითხარ სწორედ მდგომარეობა მათი. ბ ე რ ი: ჭეშმარიტს მოგახსენებ, მერწმუნეთ. ჩვენი სამღვდელონი თითქმის საზოგადოდ დიდი ღვთისმოყვარენი არიან და თვისსა სარწმუნოებაზედ მტკიცენი. მართალია, მონასტრებსა შინა ბერები იქმონენ ხელსაქმართა და იმუშაებენ მცირე მტილებთაცა, და აგრეთვე სოფლელნი მღვდელნი, გარნა ეპისკოპოსნი არა, და მუშაკმა კაცებთა კი განახალისებენ, და უბოძებენ ღვინოსა და საკლავთაცა, რათა კარგად იმუშაკონ ეკკლესიათა მამულები. და თუ იკონომიასა გამოსავალთასა მოარჩენენ, გაასყიდვინებენ ეკკლესიისა სახმარობისათვის. მიტროპოლიტს იამა და ჰრქვა: - ბერო, დაგიმადლე, რომ მაცნობე ჭეშმარიტი. მე სხვა ქართველებისაგან არ გამიგონია, ვითარცა შენ მითხარ. ბ ე რ ი: თუ მამულის ერდგული არ იქნება კაცი, ის არც ჭეშმარიტს იტყვის. და რადგან მრავალნი ორგულობისათვის მამულისა გამოდევნილ იქმნენ, რასაკვირველია, იგინი კეთილს არა იტყოდენ არცა სამღვდელოთა და არცა საეროთათვის. მ ი ტ რ ო პ ო ლ ი ტ ი: აწ ვცან ჭეშმარიტება და ნურღა განვაგრძობთ ამაზედ უბნობასა. აწ მითხარ, ძველადგანვე ვინ იყვნენ მეცნიერნი, ანუ წერილთა მთარგმნელნი, ანუ წმინდანი, და ანუ პიიტიკოსნი, ანუ მოშაირენი, ანუ მგალობელნი. და ანუ აწ ვინღა იპოებიან, ყოველივე წესიერ მაუწყე.

[მოკლედ მოთხრობილია ქართველ წმიდათა ცხოვრებანი].

მიტროპოლიტმან უბძანა ბერსა: - საკმაო წმინდანი გყოლიათ ქართველთა და გმადლობ რომელ კარგად შემამცენ ცხოვრებასა მათსა. და აწ მიიღე შრომაჲ და ცხადმიყავ ღირსნი კაცნი და მეცნიერნი თვითეულად. ი ო ა ნ ე: რაოდენ ძალმიცს, ვჰყოფ მოხსენებას უწმინდესობისადმი თქვენისა. და იწყო თხრობად... და ესრეთ დაასრულა უბნობა ბერმან და მოახსენა მიტროპოლიტსა: - ესენი უწყოდი სახელდობ ძველნი და ახალნი. და ახლა ვინცა ვინ თქვენ დროში განისწავლებიან და ანუ ღირსნი და წმინდანი შეიქმნებიან, თუ სიკვდილმან არ მისწრო, იქნება ვიხილო იგინიცა, და სხვათა იზრუნონ აღწერისათვის მათისა. მერე უბძანა მიტროპოლიტმან: - ბერო, შენი რატომ არღარა ჰთქვი რა? მე ვიქნები შენთვის აღმწერი. - უბძანა მადლობა, და ჰრქვა: - დია მიამა, რომელ ყოველივე მაცნობე, და ამაზედაც გიმადლი, რომელ მამულისშვილნი არ დაგვიწყებიან, და აწ არღა გვმართებს უმეცრად წოდებად ქართველთა ვინაჲდგან ესეოდენნი სწავლულნი და ღვთისა კაცნი ყოფილან. და აღდგა ბერი, ეამბორა და ენება წამოსვლა. მაშინ მიტროპოლიტმან უბძანა მოცადება და ჰრქვა: - ღირს არს მუშაკი სასყიდლისა. და ერთი საანაფორავე საბერო ფარჩა უბოძა. და მხიარულებით მადლობელი ბერი წარმოვიდა სახლად თვისა. ხოლო ხვალისა დღე განიზრახა ბერმან: „წარვალ და მივართმევ სენატორს და ვსთხოვ, რათა შემიკერვინოს ფარჩა ესე ანაფორად“. მისრულმან ბერმან მიართო ფარჩა ესე სენატორს და მოახსენა: - ესე საანაფორავე მიბოძა ყოვლადსამღვდელომ მიტროპოლიტმან და გთხოვთ, რათა ინებოთ და მოიღოთ მოწყალება და შემიკერვინოთ ანაფორად, ვინაჲდგან ნაკლულევანებასა შინა ვარ. ს ე ნ ა ტ ო რ მ ა ნ: ნუუკვე სთხოე შენ მიტროპოლიტს, ვინადგან ქართველნი სამღვდელონი შეეჩვიენით გლახაკობას? ბ ე რ მ ა ნ: მე არა მითხოვნია, შრომისათვის ჩემისა მიბოძა. ს ე ნ ა ტ ო რ მ ა ნ: და რაჲ იმუშაკე? ბ ე რ მ ა ნ: რაოდენიმე დღე არს, რომელ დავშვერ მე მოთხრობითა ქართველთ წმინდათა და მეცნიერთა კაცთა ცხოვრებისა და ღვაწლთა მათთა. ს ე ნ ა ტ ო რ მ ა ნ: რომლისა ენითა მიუთხარ? ბ ე რ მ ა ნ: რუსულად. ს ე ნ ა ტ ო რ მ ა ნ: ჰოჲ, დიდად მიკვირს და განკვირვებულვარ, თუ სადა ისწავლე ქართველთ ცხოვრება და ანუ რუსული ენა ქიზიყურმან მუტრუკმან. ბ ე რ მ ა ნ: უი ჩემ თავს! მე ვჰგონებდი ჯილდოს მიღებას თქვენგან, ვინაჲდგან ვაქე ქართველნი და წინაპარნი თქვენნი, და აწ ნაცვლად ჯილდოჲსა გავილანძღე. ს ე ნ ა ტ ო რ მ ა ნ: არათუ გალანძღვისა ღირსი ხარ მხოლოდ, არამედ გალახვისაცა, ვინაჲდგან აქაურნი ერნი არა აქებენ ქართველთა, და მეცა თანახმა ვარ მათი. ბ ე რ მ ა ნ: ჰგავს, იგინიცა, რომელნი არა აქებენ ქართველთა, მსგავსნი თქვენნი ყოფილან. ხოლო რომელთან ვაქე მე, ჯილდო მადლობითურთ მივიღე. ს ე ნ ა ტ ო რ მ ა ნ: თუ ბერი არ იყო, აწვე კიბეზედ თრევით ჩაგატანინებდი, ვინაჲდგან მე სხვებ მილაპარაკნია და აწ ცრუდ შევირაცხები. ბ ე რ მ ა ნ: და რაჲსათვის ჭეშმარიტი არა სთქვით, ვითარცა ძმანი თქვენნი და ძმისწულნი თქენნი მტყუანთაცა ამართლებენ და მეცადინეობენ დიდებასა ქართველთათვის! ს ე ნ ა ტ ო რ მ ა ნ: შენც უგუნური ხარ და უცნობი და იგინიცა უმეცარ. და ვინ დაგიჯერებთ? ბ ე რ მ ა ნ: თქვენ სად ისწავლეთ მეცნიერება, მიბძანეთ და ან რა ნაყოფი გამოიღეთ? ს ე ნ ა ტ ო რ მ ა ნ: მე აქ აღვიზარდე, და ეს ნაყოფი გამოვიღე, რომელ დედაწულითურთ სულ აქ გადმოვაყვანინე. ბ ე რ მ ა ნ: ჰოჲ, ღმერთო! კურთხეული მეფე თეიმურაზ და მეფე ირაკლიც მაგისთვის არ მსახურებდენ ნადირშახს და ინდოეთსაც ამისთვის არ ჩაყვნენ, რომ თავისი ოჯახი დაექციათ! ვაშა თქვენს სიქადულსა! ს ე ნ ა ტ ო რ მ ა ნ: არ იცი, ამ ხასიათისა ვარ, კეთილი არვის უყო, და მინდა ყოველნი გასვრილნი იყვნენ. ბ ე რ მ ა ნ: რაღა გითხრა ამის მეტი: ამერიკაში ერთი გვარი მაიმუნია, რომელსა მეტალახეს ეძახიან. იგი მაიმუნი აღიღებს ტალახსა და აღვალს ხესა ზედა და მუნიდგან მოგზაურთა კაცთა დაუწყებს სროლასა. ჰგონებს იგი, ვითამც გასვაროს ვინმე, გარნა იგი თვით უფრო ისვრება. და ესე იკმაეთ, რომელ ამათ უკეთ უწყიან, თუ ვინ არს ხენეშ და ანუ ვინ არს კეთილ! მაშინ განრისხნა სენატორი, აღიღო ფარჩა იგი და მიარტყა ბერსა მას და ჰრქვა: - წარვედ, შენ ქიზიყურო ჩოჩინავ! და ბერი მსწრაფლ გამოვიდა გარე და წარვიდა გზასა თვისსა მწუხარე. ბერმან იფიქრა გზასა ზედა და წარვიდა მეფის ძეს ვახტანგთან. რა ბერი შევიდა სახლსა მას შინა, სადაცა იყო მეფის ძე, ბატონისშვილსა დიდად იამა და მოიკითხა ბერი და ჰრქვა: - საიდამ გიძღვის უფალი, ანუ ეგე რა გიპყრიეს ბოხჩითა? ბ ე რ მ ა ნ მოახსენა: სენატორიდამ გიახელ აქა და ბოხჩასა ამას შინა მაქვს საანაფორე. ბ ა ტ ო ნ ი ს შ ვ ი ლ მ ა ნ: მაჩვენეთ ვითარი ფარჩა არის. ბერმან მიართო. და მოიწონა მეფის ძემ და ჰრქვა: - სენატორმან გაჩუქაა ფარჩა ესე? ბერმან განიცინა და მოახსენა: არა, ხელმწიფეო ჩემო, არათუ მაჩუქა, მცირე აკლდა, რომელ არ დამიხია. მ ე ფ ი ს ძ ე მ: რაჲსათვის? ბ ე რ ი: ამისთვის, რომელ მიტროპოლიტს უქე ქართველ მეცნიერნი და ღირსნი კაცნი, და იმან ჯილდოდ მიბოძა ესე. და მივართვი სენატორს და ვსთხოვე შეეკერვინებინა ჩემთვის ანაფორა. და ნაცვლად წყალობისა და მადლობისა გავილანძღე და განვიპაღურე. და აწ გიახელ თქვენ. მ ე ფ ი ს ძ ე მ: ჭეშმარიტად იმისგან კარგი საქმე არა იქნება რა, და ის საბრალო რა არის, ესრეთ შურით დანთქმულ არს. იყავ გულდებულ, მე შეგიკერვინებ ჩემს მკერვალს და კიდეც ისადილე აქ. და აწ მითხარ, თუ ვითარ იუბენი მიტროპოლიტთან. ბერმან ყოველივე დასაწყისიდგან მოახსენა მიზეზი კითხვა-მიგებისა და მისგან მადლობისა თქმა და ამება მათისა ისტორიათა ცნობისათვის. მეფის ძე წარმოდგა და ბერს შუბლზედ აკოცა. - მე ათასი მადლობაც შემომიწირავს, რომ ქართველნი გიდიდებია. და მე ნაცვლად შენისა ისე მოვეპყრობი სენატორს, ვითარცა შვენის იმის პატიოსნებას. და მერე მცირე ხანისა შემდგომად მოიღეს სადილი და ისერეს. უბძანა მკერვალსა და ანაფორაცა გამოუჭრეს. და სთხოვა მეფის ძემა: - მრავალის ფიქრით ვარ მოცულ და დიდი ხანია, „ქართლის ცხოვრებაც“ არღა წარმიკითხავს, გთხოვ შემოკლებით მომითხრა ქართლის ისტორია, რომ მცირედ მაინც განვიქარვო ესე კაეშანი. ბ ე რ მ ა ნ მოახსენა: როდის ინებებთ? მ ე ფ ი ს ძ ე მ: თუ ამაღამ არსად წახვალ, დიდი ღამეებია, და ამით გავატაროთ დროები. ბ ე რ მ ა ნ: იყავნ ნება თქვენი! და საღამოსათვის დაუტევეს უბნობა. ბერი აღდგა და წარვიდა საქმესა რაჲსამე ზედა. ხოლო მწუხრისა დროს მოვიდა კვალად მეფის ძესთან. და მერე იწყო უბნობად საქართველოჲსა ისტორიისა ღეოღრაფიულისა უკვე გვარითა... რა ბერმან დაასრულა ისტორიის უბნობა, გამოეთხოვა მეფის ძეს და წარმოვიდა შინ. განისვენა რაოდენიმე დღე და მერე წარვიდა სასტუმროდ. მიმავლობასა შინა გზასა ზედა იხილა ნიკიფორე ბერი, თელაველი. და ეანბორნენ ურთიერთარს და ჰრქვა ნიკიფორემ: - სად მიხვალ, ბერო? მან ჰრქვა: სტუმრადო. და წარვიდენ ორნივე ერთად გოდერძის თანა. მისრულნი ესე მიიღო გოდერძიმ და ჰრქვა: - დღეს ჩემთან ისადილეთ, მე მცირე საქმეზედ წარვალ, სადილიც დამზადდება, და თქვენ აქა იმუსაიბეთ და მეც მალე მოვალ. მაშინ ნიკიფორემ ჰკითხა იოანეს: - მე შენგან გამიგონია სანდურავი ჩემზედ და რა არის საგანი, მითხარ მე. ი ო ა ნ ე: მაგისთანა არა იყო რა, ჰგავს, ანდრიას უთქვამს რამე. ნ ი კ ი ფ ო რ ე: მართალია, ანდრია ჩემი მოწაფეა და იმან მითხრა. და აწ გხედავ და გეტყვი, რომ ყოველშივე მართალი ვარ. და შენ რომ ჩემი მოწაფე იყო, აღსარებაში კარგს დარიგებას მოგცემდი და სწორედ მონაზონების კანონზედ დაგადგენდი. ი ო ა ნ ე: მეცა მსურდა თქვენთვის აღსარებისა თქმა, მაგრამ სხვანი მოწაფენი გემდურვიან აღსარების გაცემაზედ და ამისთვის ჩემსავე მოძღვარს დავსჯერდი. ნ ი კ ი ფ ო რ ე: როგორ ამტკიცებ ჩემსას, რომ მე აღსარებას გავამხელდე ჩემის მოწაფისას? ი ო ა ნ ე: ესრეთ, რომ ამაზედ ლექსიც არის გამოთქმული. ნ ი კ ი ფ ო რ ე: ვითარ? ი ო ა ნ ე: ესრეთ -

გაუფრთხილდი ნიკიფორეს, აღსარება დაუმალე, თუკი ეტყვი, ის იცოდე, გაგამხილოს დია მალე.

ნიკიფორეს ეწყინა ესე და უთხრა: - ბერო, არა ბერ ხარ შენ, არამედ ცოფ-ბერ ხარ შენ! მაშინ ი ო ა ნ ე მ რქვა: უკეთუ გაქვნდეს თქვენ მრთელი იდია ჭეშმარიტებასა ზედა, არა განსწყრებოდით. ნ ი კ ი ფ ო რ ე: მე ჭეშმარიტების თქმაზედ არ განვსწყრები, და აწ გეტყვი: ჩემს მოწაფეებს ამ მიზეზით გავამხელ, რომე ეგების თვისი ცოდვა მოიშალონ და შეირცხვინონ ხალხისაგან. აი, შენცა რომ დახვალ თიატრსა და მაშკარეთშია და ბებერი ხანუმაცა თანა დაგყავთ და სეირნობ მუნ, ის ჩემი მოწაფეა. და რომ ვამხილო ხალხში, რა ცოდვა არს? მაგრამ ის თავსა მართლულებს - ბერს ძალათ დავყავარო. ი ო ა ნ ე ს ეწყინა და უთხრა: მართლა არა გქონიათ მრთელი იდია, რომ დედაბერთ ზღაპრობას შესდგომიხართ. ნ ი კ ი ფ ო რ ე: ბერო, მართლა შენ არა გაქვს იდია, რომ ავი და კარგი გაარჩიო, და ანუ რა იცი, თუ იდია რა არის და ანუ რა მნიშვნელობა აქვს? ი ო ა ნ ე: დია ვიცი და მისწავლია! ნ ი კ ი ფ ო რ ე: ქართლში ხომ არა იცოდი რა, თუ აქ ისწავლე, რუსულს რას გაიგებდი? ი ო ა ნ ე: მე იქაც ნასწავლი ვიყავ და აქაც მონასტერში ვისწავე და ძალმიძს, რომ განგიმარტო და გაცნობო უცნობსა იდიათათვის. ნ ი კ ი ფ ო რ ე მ იწყინა და რქვა: აწ გკითხავ იდიათათვის თუ რაოდენ გვარობენ და ანუ რაჲ არს იდია?

[საუბარი იდეათათვის].

და ესრეთ რა დაასრულა იოანემ უბნობა ესე, აღსდგა ნიკოფორე და ითხოვა შენდობა, და აქო ფრიად ესეგვარ კარგად განმარტებისათვის იდეათა. და მერე მოვიდა გოდერძი, და ისადილეს, და შემდგომად წარვიდნენ სახლად თვისსა. დღესა ერთსა მივიდა ბერი სახლსა მეფის ძისასა და იხილა მუნ მუხრან-ბატონის ძე გრიგოლ. და ეანბორა იოანეს და ჰრქვა: - დიდი ხანია ვეღარსად გნახეთ. ი ო ა ნ ე: მეც მსურდა ხილვა თქვენი, გარნა თქვენ მყოფობთ პაჟების კორპუსში. გ რ ი გ ო ლ: მე ახლა შევასრულე სწავლა და კიდეც გამოველ და ყოველთვის შინ ვარ. ი ო ა ნ ე: რასაც ანბობენ თქვენთვის, თუ ის სწავლა მიგიღიათ, სულ რომ არა გესწავლა რა, ის უმჯობესი იქმნებოდა და უსარგებლესი. გ რ ი გ ო ლ: რაჲ? ი ო ა ნ ე: სარწმუნოებისა არარად რაცხვა. გ რ ი გ ო ლ: თქვენსავით ცუდმორწმუნეობა არ ვისწავლე, ვოლტერის სწავლას შეუდეგ. ი ო ა ნ ე: მეც მაგისთვის მოგახსენე, რომ ცუდად დამაშვრალხართ თქვენ მაგ სწავლაზედ, ამისთვის, რომ ვოლტერის შემდეგნი ღვთისაცა წინააღმდეგ არიან და ხელმწიფეთაცა და სჯულისაცა. გ რ ი გ ო ლ: ვოლტერ ყოველთა ასწავლის თავისუფლებასა და საზოგადოების ერთობასა და უბრძველელობასა ურთიერთისადმი. ი ო ა ნ ე: მარტო მაგას არ ასწავლის, არცა ღვთის ყოფასა ასწავლის და არც სულის უკუდავებასა. და ამისთანა სწავლა რა საჭირო არს, რომელიც ასწავლის უწმინდურებასაცა? გ რ ი გ ო ლ: ის ორ კერძოდ უბნობს. ერთ კერძოდ უბნობს მყოფობასა ღვთისასა, ხოლო მეორით უარყოფს. ესსახედვე სულისათვისცა და სიწმინდისა და უწმინდურობისათვის გკითხავ და მომიგე. ი ო ა ნ ე: მიბძანეთ!

[საუბარი სიწმინდისა და უწმინდურობისათვის].

და დასრულდა უბნობა. გრიგოლმან აქო ბერი და უთხრა: თუ იქ დავშთებოდე, დიდხანს მოძღვრად გიყოლიებდიო. ი ო ა ნ ე: მე თქვენისთანა მოწაფე არას მარგებს. გ რ ი გ ო ლ: მართალს ანბობთ, ვერ მომატყუებთ, რომ ცოდვას შეგინდობო და ფული მომეცო. ი ო ა ნ ე: უი ჩემ თავს! რომის პაპა ხომ არა ვარო, ფულისთვის ცოდვის დასტური და შენდობა მოგცე? გ რ ი გ ო ლ: ასე მესმის, გაფრანგებულხართო. ი ო ა ნ ე: ბევრს რასმე გაიგონებთ და არა ყოველი უნდა ირწმუნოთ. გ რ ი გ ო ლ: დაგიჯერებთ ამ სწავლას, შემინდევით. აწ მინდა წავიდე ჩემ საქმეზედ. ი ო ა ნ ე: უფალი გიძღოდეს კეთილ საქძეზედ. აღდგა და წარმოვიდა შინა. რა მოვიდა იონა ბერი, ნახა სტოლზედ მდებარე ბარათი, აღიღო, წარიკითხა, და ეწერა: „ხვალე მეთორმეტესა საათზედ უნდა გამოცხადდეთ თქვენ და პავლე მღვდლის ცოლი ანნა განათლების მინისტრის სამწერლოშია“. რა აღმოიკითხა ბერმან წიგნი ესე, ხელნი განაპყრნა და მადლობა შესწირა ზენასა, რომ უთუოდ ათას რუბლს მომცემენ ჯამაგირსაო. და სიხარულით მოიღო სანოვაგე და ღვინო, დაჯდა და დაიწყო სადღეგრძელოს სმა მინისტრისა. ამ ჟამად შემოვიდა მღვდლის ცოლიცა და ჰრქვა იოანეს: - კარგს დროს მოველო, სადილად ზიხართ. ბერმან მიიპატიჟა და დაუგო სანოვაგე, და მერე მისცა ტაქნითა სავსე ღვინოჲ და ჰრქვა: - უნდა შესვათ ღვინო ესე განათლების მინისტრის სადღეგრძელოდო. ა ნ ნ ა: რაჲსათვის? ი ო ა ნ ე: ხვალისა დღე დაუნიშნავთ ჩვენი მისვლა სამწერლოშია ჩვენის ჯამაგირებისა გამოსაცხადებელად. ა ნ ნ ა: ღმერთმან ადღეგრძელოს, თუ კარგა ბარაქიან მოგვცემენ როჭიკსა. ი ო ა ნ ე: უთუოდ, წუხელის კარგი სიზმარი ვნახე. ანნა: სიზმრისა კი რა მოგახსენო, თუ ჩვენება გენახათ, უფრორე იმედი მექმნებოდა. ი ო ა ნ ე: ნუ ხარ ურწმუნო, ბერისათვის სიზმარიცა და ჩვენებაცა ორივე ერთია. ა ნ ნ ა: სიზმარი უფრო მშვენიერს სულს მიეწერება და ჩვენება კი არა. ი ო ა ნ ე: შე უსწავლელის ცოლი, მე მასწავლი სიზმართ ახსნასა და განმარტებასა? ა ნ ნ ა: როგორ არა, მე სიზმარში მინახავხართ ჩემთან შექცეული და ჩვენებაში კი არა, და ვგონებ შენცა გენახო ამგვარად სიზმარში. ი ო ა ნ ე: შენს ლაპარაკს ასე ვატყობ, უსიზმროთაც არა სთქვათ უარი! ა ნ ნ ა: თუ ინებებთ, მზა ვარ თქვენთან განსვენებისა. ი ო ა ნ ე: უი შე უკეთურო, მაცთურო კაცისაო, ლამის აღმატყინო! ა ნ ნ ა: აი შე გასაკრეჭო, ყოველთვის მეუბნებიო აღტყინებასა და სრულებას კი არ აძლევთ. ი ო ა ნ ე: დაუტევე ეგ უშვერი უბნობა და ილოცე, რომ საქმე წარგვემართოს ხვალე! ამა უბნობაში იარალი შანშიაშვილიც შემოვიდა და სთქვა: - სიდედრს ვყვარებივარ, კაი დროს მოველ. ბერს დია იამა და მიიპატიჟა, უთხრა: - პრეოჩიკს ვეძებდით სახვალიოდ და, აჰა, გპოეთ, და ნუ იქმნებით მცონარე, ხვალე ინებეთ და გამოგვყევით სამწერლოშია. ი ა რ ა ლ ი: რა საქმისათვის? ი ო ა ნ ე: აი, ბარათი წარიკითხე, ხვალისა დღე განათლების მინისტრის სამწერლოში უნდა განგვიცხადონ ჩვენთვის ნაბოძები როჭიკი. ი ა რ ა ლ ი: რასა ნიშნავს როჭიკი? ი ო ა ნ ე: ხაზინადრის შვილი ხარ და ჯამაგირის არ იცი? ი ა რ ა ლ ი: მე სხვა რამ მეგონა, თქვენმან მზემ, და კიდეც გიახლები. იოანემ მადლი უთხრა და ღვინო მიართო, მინისტრის სადღეგრძელო შესვითო. ი ა რ ა ლ ი: მე რად შევსვა, მე ხომ არას მაძლევენო. ი ო ა ნ ე: ლოცვა და მოთმინება იხმარე, შენც მოგცემენ დროზედა. ი ა რ ა ლ ი: შე დალოცვილო, სულ მაგას გვიქადაგებ და ჩვენ კი უფრო დავგლახაკდით, თქვენ მაინც გამიჩინეთ ათის თავი, რაც მოგცენ. ი ო ა ნ ე: ერთგზობით გემსახურები რასმე. ი ა რ ა ლ ი: ეგეც კარგია შენგან. და აღიღეს სუფრა და ხვალისათვის გარდადვეს წასვლა. ხოლო ხვალისა დღეს მოვიდნენ ბერთან ანნა პოპოდია და იარალი და დინიშნულს ჟამს მივიდნენ კანცელარიაში. ჟამსა ამას შინა რა სცნო მისვლა ბერისა სეკრატარმან, ანუ მწერალმან, უთხრა ბერსა მცირედ დაცადება. და მერე ნახევარ ჟამისა გამოვიდა და მოიტანა წერილი, და მოვიდა იარალსითან და ჰრქვა: - შენ ხარა ამათი დილმანჯი? ი ა რ ა ლ ი: გახლავარ. და წარუკითხა წერილი იგი, რომელიც აცხადებდა ბერისათვის ბოძებასა ჯამაგირისასა ას ორმოცდაათსა რუბლსა და ანნა პოპოდიასათვის - სამასსა რუბლსა. და იარალიმ ცხადუყო ესე ამათ. მაშინ იოანემ ჰრქვა იარალის: - არქუ მწერალსა მაგას, თუ მე რაჲსთვის ესრეთ მცირე მომეცა როჭიკი. და იარალიმ აცნობა ბერისა ნათქვამი. მ წ ე რ ა ლ ი: მე რა ვქნა, მინისტრმან ასე ინება. ი ო ა ნ ე: მინისტრსაც უნდა სცოდნოდა და თქვენცა, რომე მე უმაღლესის დედოფლების მოძღვარი ვარ და ბლაღოჩინი, და აგრეთვე მეფის ძეთა და თავადთა და აქ მცხოვრებთა მოძღვარი და მლოცველი, და მე რასათვის შეურაცხმყავით? მ წ ე რ ა ლ ი: რადგან მაგისთანა დიდებულნი გვამნი გყოლიან მოწაფედ და საკუთრად ქართველების მლოცავ-მწირველი ხარ, შენ ჯამაგირი არც კი გეჭირებოდა, რომ შემოსავალი ბევრი გექნება. და ამ საწყალის ქვრივის დედაკაცისათვის ეს ჯამაგირი რად გშურს და ან რად გეწყინაო? ი ო ა ნ ე: მე არა მშურს, მაგრამ მეწყინა, რომ გვამთა გარჩევა არა გცოდნია. ვისაც ჰქონია რამე, არას აძლევთ, და ვისაც არა ჰქონია რა, იმათ გარდამეტებით აქვსთ. მ წ ე რ ა ლ ი: ხომ წაგიკითხავს „წინანი უკანა და უკანანი წინაო“? ი ო ა ნ ე: მაგის განმარტება სხვებრ არის, მაგრამ მე ასე ვსჯი, რომ ამ ქვეყანაში ტუტუას უფრორე პატივი სდებია ვიდრე ჭუჭუასა. მაშინ იარალი დაყოყმდა და არ იცოდა, თუ ამ სახელით რუსულად როგორ ეთქვა, და სთქვა ესრეთ: „ზდეს ტუტუა ლუჩე, ნეჟელი ჭუჭუა“. მ წ ე რ ა ლ ი: შტო ტაკოი იესტ ტუტუა ი ჭუჭუა? იარალი შუაზედ უდგა ბერსა და ანნას და უღონოქვნილმან ერთი ხელი ბერს ამოუსო ლაჯებში და მეორე ანნა მღვდლის ცოლსა და რქვა: ვოტ ტუტუა, ი ვოტ ჭუჭუა. მწერალმან განიცინა და თავი დაუკრა და შევიდა შინაგან სახლში, და ესენიცა წამოვიდნენ. გარნა ბერი მწუხარებით სავსე ვერღარას უბნობდა. და მაშინ ანნამ უთხრა: ბერო, აკი გითხარ, სიზმარს ნუ მიენდობიო? ი ო ა ნ ე: განრისხდა და უთხრა: წარვედ ჩემგან, სულმყრალო დედაკაცო! და გაიყარნენ. იონა მოვიდა შინ მწუხარე, ხოლო ანნა მხიარულად მივიდა შინ და უანბო მეფის სძალთა და ასულთა, თუ ვითარ გამოუცხადეს ჯამაგირნი, და ბერმან ვით იწყინა, და ან იარალიმ ვითა უტოლმაჩათ. ამაზედ მრავალი იცინეს და მიულოცეს ანნას თავის საქმის წარმატება. იოანე ბერმან სცნო გიორგი ავალიშვილისა მისირიდგან მოსვლა და თანამოტანა მუმიისა და სხვათა. და თქვა ბერმან: წარვალ და ვნახამ მუმიათა, თუ ვითარ სახედ არიან წარვიდა ბერი და იკითხა გიორგის სახლი. ასწავლოს ვასილის ოსტროვში დგომა მისი. და მივიდა, სადაცა იდგა გიორგი ავალიშვილი. და რა შევიდა ბერი, ჰრქვა ესე: - მიჩვენეთ მე ეგვიპტის მუმიანი. გ ი ო რ გ ი მ უთხრა: ბერო, მართლა ქიზიყელი ხარო. თუ ჩემთან მოხველ, უნდა მოგეკითხე და მშვიდობით მოვსლა გეთქვა. მაშა, გავს, არა ჩემის პატივისათვის, არამედ მუმიების სანახავად მოველ. ი ო ა ნ ე: შემინდეთ, თქვენ მრავალჯერ მინახავხართ და მუმიები არა. გ ი ო რ გ ი: ვიცი, ამგვარების გამოძიების მოყვარე ხართ და გინდა შეემცნათ ამა მუმიათა ხასიათთა და თქვენს ლექსიკონში განმარტება ამათი დაწეროთ. ი ო ა ნ ე: მართლა დია გმადლობ, რომა მომაგონეთ, უთუოდ საჭირო არს, რომ დავსწერო მაგათი თვისება. და მერე გიორგიმ უთავაზა ყავა და უთხრა: - მიირთვით, მისირის ყავა არის, რომელიც მოაქვთ იამანეთიდგან, უწარჩინებულესია სხვათა ყავათა ზედა. რა შესო ბერმან, თქვა: - მართლა ეს არის ყავა და ეს უნდა სვას კაცმან. და იუბნეს ამგვარებითა. და უკანასკნელ ბერმან ჰკითხა მიზეზი წასვლისა ეგვიპტეს შინა გიორგის. გ ი ო რ გ ი მ უთხრა: მე მყვანდა მუნ ბეგი, რომელი ჩემი ყმა იყო, ის მომკვდარი იყო და არავინ დარჩა მემკვიდრე, და იმის ქონების ასაღებად წაველ. ი ო ა ნ ე: მიიღე რამე? გ ი ო რ გ ი: არა მომცა რა მუნებურმან ფაშამან. ი ო ა ნ ე: მიზეზი რა გითხრა? გ ი ო რ გ ი: მიზეზი მითხრა ესე, რომ ოდესაც ის კაცი მუსურმანი შეიქმნა, აქ დასახლდა, ბეგობის ხარისხი იშოვა და ხონთქრის ქვეშევრდომი იყო, მაშინ დაუტევა შენი ყმობაო. ი ო ა ნ ე: ეგე დია სწორედ უთქვამს ფაშას და რატომ შენც არ იცოდი, რომ არას მოგცემდენ და ამდენი ხარჯიც მოგივიდა. მაგრამ ესე გვჭირს ქართველთა, რაც თავში მოგვივა, არ განვსჯით და შეუდგებით ჩვენსა წადილსა, და ამისთვის ჩვენს საქმეს ბოლო არა აქვს. გ ი ო რ გ ი: ბოლო ხოხობსა აქვს. ი ო ა ნ ე მ იწყინა და უთხრა: მაგ ჭკუის პატრონს გზავნიდენ რუსეთში ჩვენნი მეფენი? გ ი ო რ გ ი: სხვამ ჩემს გარდა მას ჟამში რომ რუსული არვინ იცოდა, მაშა ვის გამოგზავნიდენო? ი ო ა ნ ე: თუ რუსული ენა არ გცოდნოდა, ვერც ასე მოიყვანდი საქმესა. გ ი ო რ გ ი: რაგინდ განიხერხო გულითა, რაცა ვქმენ, ვქმენი. ი ო ა ნ ე: პილატესავით - რაჲცა დასწერო, დასწერე... ი ო ა ნ ე: გაშინჯა მუმიები და მოეწონა. და უთხრა: ვგონებ, დიდის ხნისა უნდა იყოს. გ ი ო რ გ ი: ვიდრე ოთხი ათასის წლისა არის. ი ო ა ნ ე: რა დაგეხარჯათ ამაების პოვნაში? გ ი ო რ გ ი: ათას ორასი ოქრო. ი ო ა ნ ე: მაგ ფასით სხვა რომ რამე მოგევაჭრათ, ის უფრო სარგებელი იქნებოდა თქვენთვის. გ ი ო რ გ ი: მე ამას დია ძვირფასად გავყიდი, თქვენ არ იცით ამისი ფასი. ი ო ა ნ ე: ეს ვიცი, რომ ცოცხლები რომ დაყიდეთ, არა მოგცეს რა, მკვდრის კაცის აპოხტებში ვინ რას მოგცემთ? და ამას გარდა, მკვდრის საფლავებიც დათხარეთ და მკვდარი წამოიღევით. ამაში კანონი გაქვთ? გ ი ო რ გ ი: როდესაც კათოლიკოზობა იშოო, მაშინ გამაკანონეთ. ი ო ა ნ ე: და ოდეს თქვენ ყაზახ-შამშადილი საყმოთ იშოოთ, მაშინ ყველს და ერბოს ნურღა მიწყალობებთ. გ ი ო რ გ ი: ვიცი, ჩემ სიძეს მაგ სიტყვით აყვედრით და შეურაცხჰყოფ. ი ო ა ნ ე: ის საბრალო ხომ სიტყვით მოაცთუნე, ხალხს შეაძულე და გამცემად აღმოაჩინე, ბოლოს კიდეც ჯავრით მოჰკალ და ახლა ისიც რომ ამოიღო, უფრო კარგად გაგივა. გ ი ო რ გ ი: ასე სულელი ხარ, რომ მე ჩემს თავს ის მირჩევნია, და ანუ ნევსკიდამ ვინ მომაპარვინებს, თორემ ამოვიღებდი და თავის სასაფლავოში წავიღებდი. ი ო ა ნ ე: ნუთუ ეს მუმიები მოპარვით წამოგიღია? გ ი ო რ გ ი: დიაღ, მოვიპარე, და ერთს სხვა ქალაქში შემამცნიეს და მართმევდენ. მე ბებიაჩემის სახელით გამოვიტანე, რომ თავის სასაფლავოში მიმაქვსო. ი ო ა ნ ე: ვაშა, ვაშა! ეგეც კარგა გიქმნია, კერპისთვის ბებია დაგირქმევია! გ ი ო რ გ ი: ამითი რა შეეხება ჩემ ბებიას! და მე ამ მოპარვით მოვიტანე ეს მუმიები და კაი ფასსაც ავიღებ, შენ რაც გინდა, სთქვი. ი ო ა ნ ე: მე ამას ვიტყვი, რომ არა ვგონებ, როგორც გგონია, ისე გაყიდოთ, და გაყიდვის მაგიერ სხვა გვარიცა მიიწეროთ. გ ი ო რ გ ი: რა გვარს მივიწერ! მე ავალისშვილი ვარ, და ეს ჩემი გვარი ცნობილია და ძველი, მე სხვა არა მეჭირება რა. ი ო ა ნ ე: შენი კი არ ვიცი, გამოგიცვლიან ქართველები ამ გვარსა თუ არა, და შენს შვილებს კი უთუოდ გამოუცვლიან შენს ავალისშვილობას. გ ი ო რ გ ი: მაინც რას დაარქმევენ? ი ო ა ნ ე: მკვდარიპარიაშვილებს დაარქმევენ და ესე გაუვარდებათ თქვენის წყალობით თქვენს შთამომავლობას. ამის მეტს არღარას გეტყვი. გიორგის ეწყინა: აი შე ქიზიყელო ჩოჩორო. - და ამოჰკრა ორი პანღური. კარში გამოვიდა ბერი და წყევლით წამოვიდა შინ. და ესრეთ დასრულდა უბნობა მათი.