საბუთის ტექსტი: 1910 - ე. თაყაიშვილი - საქართველოს სიძველენი - ტ. III - N 461
საბუთის ტექსტი: 1913 - კაკაბაძე სარგის - გენეალოგია დიდის ალექსანდრე მეფისა
სახელითა ღმრთისათა, კოსტანტინესაგან ბაგრატონიანისა, ძისა ბაგრატისა და ძეთა ჩუენთა სასურვეთა ალექსანდრე, ბაგრატ და გიორგისაგან, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფეთა, შარვანშა და შანსე და ყოვლისა აღმოსავლეთისა საქართველოსა და ჩრდილოეთისა, ₾იხთიმერისა და ლიხთამერისა ხელმწიფწდ თუით მფლობელ მპყრობელთასა.
მოვიდეს წინაშე ჩუენსა ცირღილასძენი დიდისა გენათისა და ცათა მობაძავისა, ახლისა იერუსალიმისა მეღუინეთუხუცესი ნავროზ, მისნი ბიძანი და ძმანი: ვარდან, შალვა, ივანე, ღუღუნაი, ესტატე. გუეაჯეს და მოგუახსენეს, რათამცა ერთგულობა ნამსახურთა მისთა სანაცლოდ სიგლითა ამით შეგუეწყალა პაპთა ჩუენთაგან ძუელადა შეწყალებულნი სასისხლოთა სიგლითა და დასხმულნი ხელდასმათ ძმისა ჩუენისა მეფისა გიორგის სიკუდილისა შედეგად მათითა ავკაცობითა კურსებმან ძუელი სასისხლო სიგელი დაუქვეს და წაუხდინეს.
დაგუაჯერა ღმერთმან, ვისმინეთ ჰჯა და მოხსენება დიდად კართა ჩუენთა ზედა დაზრდილთა და ნამსახურთა და დიდისა მონასტრისა, ახლისა იელუსალიმისა გენათისა მეღუინეთუხუცესისა ნავროზისი, მისთა ძმათა და ბიძათა ცირღილასძეთა ვარდანისი, შალვასი, ივანესი, ღუღუნაისა და ესტატესი. შევიწყალეთ და მიუბოძეთა ახლად ძუელი იგივე სისხლი პაპთა ჩუენთაგან გაჩენილი ასოცი ათასი ძველი თეთრი, მისითა დასამსმელო სანახშიროთა.
ჰქონდეს სასისხლო სიგელი ესე ცირღილასძეთა მეღუინეთუხუცესსა ნავროზს, ვარდანს, შალვას, ივანეს, ღუღუნასა და ესტატეს, მათთა შვილთა და სამშობლოთა და სახლის შვილთა და მომავალთა ყოველთავე ბრძანება და სიგელი ესე სასისხლო.
აწ ვინცა ჰნახოთ ბრძანება და სიგელი ესე ჩუენგან ბოძებული, კარისა ჩუენისა ვაზირთა, ერისთავთ-ერისთავთა, მანდატურთ უხუცესთა, დადიანთა, ათაბაგ-ამირსპასალართა, სუანთ ერისთავთა, გურიელთა, ქართლის ერისთავთა, დიდებულ აზნაურთა, ქალაქთა ჩუენთა ამირათ-ამირათა, მეჭურჭლეთა და მეჭურჭლეთუხუცესთა, ციხისთავთა და ყოველთავე ჩუენთა ხელის მქონებელთა დიდთა და მცირეთა, დაუმტკიცეთ და ნუ ვინ უშლით ბრძანებასა და სიგელსა ამას და ნუცარასვინ დაკლებთ ნუ დიდთა და ნუ მცირესა, თუინიერ თანა დგომისა და შეწევნისა და თქუენ, წმიდანო მეუფემო, აფხაზეთისა და ქართლისა ქათალიკოზნო და ყოველთავე მღდელთმოძღუარნო, დაჯერებით დაუმტკიცეთ.
დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა წელსა მესამესა, ქრონიკონსა ჟვ, ივნისსა დ, ხელითა მწირველისა ჩუენისა გურგენისითა
ქ. კოსტანტინე ნებითა ღმრთისათა
ქ. მეფე მე ალექსანდრე მოწამე ვარ
საბუთის დათარიღება და პერსონალია
edit
საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი ჟვ, ივნისის დ, ანუ 1408 წლის 4 ივნისი. სიგელის ყველა მკვლევარს საბუთის გამცემად საქართველოს მეფე კონსტანტინე I მიაჩნია.
გამოკვლევები ცირღილაძეების სასისხლო სიგელის შესახებ
edit
1. ექვთიმე თაყაიშვილი - 1910 - ე. თაყაიშვილი - საქართველოს სიძველენი - ტ. III - N 461
ექვთიმე თაყაიშვილი მსჯელობა საბუთის გამცემ პიროვნებაზე მოგვყავს სიტყვა-სიტყვით:
"ქორონიკონი სიგლისა უდრის 1408 წელს, ხოლო ინდიკტიონი უჩვენებს კოსტანტინეს გამეფებას 1405 წელს. რომელი კოსტანტინე უნდა იყოს ეს კოსტანტინე? ჩვენს წყაროებში ცნობილია იმერეთის მეფე კოსტანტინე II, შვილი ბაგრატ I-ისა. ეს კოსტანტინე გამეფდა 1395 წ. და მოკლულ იქნა 1401 ანუ 1402 წელს. ამას გარდა ცნობილია ქართლის მეფე კოსტანტინე II, ძე მეფისა ბაგრატ V-ისა დიდისა, რომელიც მიიცვალა 1414 წელს და დასაფლავებულია ვარძიაში, მისი ძმა მეფე გიორგი VII გარდაიცვალა 1407 წელს. მიღებული ქრონოლოგიის მიხედვით, ჩვენ სიგელში მოხსენებული კოსტანტინე უნდა იყოს ეს უკანასკნელი კოსტანტინე, ესე იგი ბაგრატ V-ის დიდის შვილი. თუმცა გელათის მეღვინეთ-უხუცესისათვის სიგლის მიცემა უფრო კოსტანტინე II-ის იმერეთისას უნდა შეეფერებოდეს, მაგრამ იმ დროს, რომელსაც ეკუთვნის სიგელი, იმერეთი ხან უერთდებოდა ქართლ-კახეთს, ხან შორდებოდა და მეფეების რიგი, თუ რომელი რომელს შემდგომ მეფობდა, ჯერ კიდევ საკმაოდ გამორკვეული არ არის. ამიტომ საბოლოოდ გადაწყვეტა იმისი, თუ რომელ კოსტანტინეზეა აქ საუბარი, მომავლისთვის მიგვინდია. ჩვენ შევნიშნავთ მხოლოთ, რომ შვილები არც კოსტანტინე II-ის იმერეთისა და არც კოსტანტინე II-ის ქართლისა ცნობილნი არ არიან ჩვენს წყაროებში. ეს სიგელი ძლიერ საყურადღებოა. ის ჩვენის აზრით, ამტკიცებს ცნობას ვახუშტის ცნობას, რომ ბაგრატ V დიდის შემდეგ მეფეთ იყო ჯერ გიორგი VII და შემდეგ კოსტანტინე II.
2. სარგის კაკაბაძე - 1913 - კაკაბაძე სარგის - გენეალოგია დიდის ალექსანდრე მეფისა - გვ.3-6
სარგის კაკაბაძე სიგელის მიხედვით ცალსახად განსაზღვრავს, რომ მისი გამცემია გიორგი VII-ის ძმა კონსტანტინე მეფე, ალექსანდრე დიდის მამა და ბაგრატ მეფის ძე, რომელიც 1405 თუ 1406 წელს გამეფებულა.
3. ივანე ჯავახიშვილი - ქართული სიგელთმცოდნეობა ანუ დიპლომატიკა
ივანე ჯავახიშვილი ცირღილაძეთა სიგელს ნატყუარად თვლიდა შემდეგი არგუმენტით: მას მოჰყავს საბუთის გამცემი მეფე კონსტანტინეს სიტყვები: "ძმისა ჩუენისა გიორგის სიკუდილისა შედეგად მათითა ავკაცობითა კურსებმან ძუელი სასისხლო სიგელი დაუწვეს და წაუხდინეს. დაგუაჯერა ღმერთმან... შევიწყალეთ და მიუბოძეთ ახლად ძუელი იგივე სისხლი". ამასთან დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილი წერს: "ბუნებრივად იბადება საკითხი, გიორგი მეფის სიკვდილის შედეგად კურსებს ცირღილაძეებისათვის ძველი სასისხლო სიგელი რატომ უნდა დაეწვათ? მაგრამ პასუხს იქ მკითხველი ვერ იპოვის. ეს ცნობა მხოლოდ იმისთვის არის მოყვანილი, რომ მკითხველს ძველი სიგლის არსებობა დაეჯერა".
მიუხედავად ამისა ეს საბუთი ივანე ჯავახიშვილმა გამოიყენა თავის "ქართველი ერის ისტორიაში" ალექსანდრე მეფის მამისშვილობის დადგენისას.
4. ჯუმბერ ოდიშელი - 1966 - ჯუმბერ ოდიშელი - ქართული დიპლომატიკის ისტორიიდან (ზოგიერთი სასისხლო სიგელის შესახებ) - 1966-4 - მაცნე - გვ.212-215
ჯუმბერ ოდიშელი მიმოიხილავს რა ცირღილაძეთა სიგელს, აღნიშნავს რომ მისი გამცემია საქართველოს მეფე კონსტანტინე I და არც გაცემის თარიღი და არც სიგელის სხვა მონაცემები თითქოს ეჭვს არ უნდა იწვევდეს: "კალიგრაფიულად სიგელი კარგადაა შესრულებული, პალეოგრაფიულადაც XV საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება; მწიგნობრული თვალსაზრისით, კარგადაა გამართული და თითქოს რაიმე აშკარა ლაფსუსი მასში არ შეიმჩნევა". თუმცა ის ფაქტი, რომ საქართველოს მეფის სახელითაა გაცემული აშკარად იმერული წარმოშობის დოკუმენტი და მისი მეორე დამტკიცების ფორმულა: "ქ. მეფეთ-მეფე ალექსანდრე მოწამე ვარ" მკვლევარს ეჭვს უჩენს სიგელის ნამდვილობაში, რადგან "როგორც კონსტანტინეს მომდევნო მეფე მისი ძე ალექსანდრე დამამტკიცებელი უნდა ყოფილიყო სიგლისა და არა მოწამე."
5. ილია ანთელავა - 1980 - ილია ანთელავა - XI-XV სს. საქართველოს ისტორიის საკითხები - გვ.63
ილია ანთელავამ, შეეხო რა ცირღილაძეთა სიგელის ნამდვილობა-ნატყუარობის საკითხს, აღნიშნა: "ცირღილაძეთა 1408 წ. სიგელის ნამდვილობა რეალურად დასტურდება გენათელ მელქისედეკ საყვარელიძის 1548 წ. წყალობის წიგნით".
6. მზია სურგულაძე - 2006 - სურგულაძე მზია - ქართული საისტორიო აქტები : XI-XV სს.
მზია სურგულაძემ უარყო ი. ანთელავას არგუმენტები და ცირღილაძეთა საბუთის ნამდვილობა კვლავ ეჭქვეშ დააყენა, რადგან მას შეუძლებლად მიაჩნია, რომ დიპლომატიკური წესების უხეში დარღვევით შესრულებული სამეფო სიგელი ნამდვილი იყოს, თუნდაც მასში მოხსენიებული პირები და ფაქტები სხვა წყაროებითაც დადასტურდეს.
7. გონელი არახამია - 2017 - არახამია გონელი - სასისხლო სიგელთა შესწავლისათვის
გონელი არახამია ცირღილაძეთა სიგელში მხოლოდ ორი ტიპის დარღვევას ხედავს, ესაა მოხელეთა ჩამოთვლის იერარქიული პრინციპის დარღვევა და სასისხლო სიგლისათვის შეუფერებელი მოხელეების დასახელება. ამასთან იგი არ იზიარებს სხვა მკვლევართა არგუმენტებს ამ სიგელის უთუოდ ნაყალბევად გამოცხადების შესახებ.