ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, პატრონმან როსტომ, ესე ხანთა და ჟამთა გასათავებელი წყალობისა წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერდგულთა და მრავალფერად თავდადებით ნამსახურთა ყმათა, დავითიშვილს დავითს და შვილთა თქუენთა, კოსტანტილეს და ელიზბარს, შვილთა და მამავალთა სახლისა თქუენისათა, ყოველთავე.
მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და თქუენის მამულის წყალობას გუიაჯენით, და ჩუენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენი სამკუიდრო და ნაწყალობევი მამული, რაც ამას წინათ მეფეთაგან ანუ სამკუიდრო და ანუ ნაწყალობევად გქონებოდეს. ჩუენცა ისრევე უკლებრივ გუიბოძებია, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა და ვენაჴითა, შენითა და ოჴერითა, ყოვლითურ სამკუიდროდ და საბოლოდ თქუენთუინ და თქუენთა შვილთათუის გუიბოძებია.
აწე, გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შინა და არაოდეს არ მოგეშალოს არა ჩუენგან და არა შემდგომად სხუათა მეპატრონეთაგან.
აწე, გიბძანებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო და სხუანო მოსაქმენო, ვინგინდა-ვინ იყუენით და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, თქუენცა ასრე დაუმტკიცეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევსა ფარვანასა შიგან ეწეროს და ნურას მოუშლით, თუინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.
დაიწერა ბძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტკა, ჴელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრის თუმანიშვილის ბირთუელისათა.