სოფ. ბრეთს დავითიშვილები ქართლში დამკვიდრებიდანვე ფლობდნენ და შესაბამისი საბუთებიც ჰქონიათ. მეფე როსტომმა მათ განუახლა ძველი მამულების წყალობა 1633 წლის 12 მარტი _10 აპრილი (ხეც, Sd-601), თუმცა, მალე, ამავე წლის 21 ივლისს, მეფე იძულებული გამხდარა თავისივე გადაწყვეტილება შეეცვალა და ბრეთი ქაიხოსრო ავალიშვილისთვის ებოძებინა. მართალია, ჩვენ არ მოგვეპოვება დროის ამ მცირე შუალედში გაცემული სიგელი ქაიხოსრო ავალიშვილისადმი ბრეთის წყალობის შესახებ, მაგრამ ზემომოყვანილი საბუთით ჩანს ამ წყალობის გაცემის პირობები: მეფე იურიდიულად აფორმებს შეთანხმებას დავითიშვილებთან, რომ ქაიხოსროს გარდაცვალების შემდეგ (თავის ადგილზე წასვლაში შესაძლოა იგულისხმება სამცხე-საათაბაგო, ვინაიდან ავალიშვილები სამცხიდან იყვნენ გადმოსულები) ბრეთი კვლავ დავითიშვილებს დაუბრუნდებოდათ. ქაიხოსრო უმემკვიდრეოდ იყო დარჩენილი. დავითიშვილების პრეტენზიები ბრეთის შესანარჩუნებლად ამით არ დასრულებულა. 1634 წელს როსტომი კონსტანტინე და ელიზბარ დავითიშვილებს აძლევს პირობის წიგნს ბრეთის მამულების შესახებ (ხეც, Hd-14699). დოკუმენტში კარგად ჩანს როსტომის არგუმენტი, თუ რა მიზეზით უბოძებია ბრეთის მამული ქაიხოსრო ავალიშვილისთვის. ავალიშვილები თეიმურაზ I-ის ერთგულებით გამოირჩეოდნენ. პირველ ეტაპზე როსტომს მათი შემორიგება უცდია, მაგრამ თუ ეს ხერხი არ გაჭრიდა, მაშინ ბრეთს დავითიშვილებს დაუბრუნებდა: ~... თუ ავალიშვილი ქაიხოსრო საყმოდ არ შემოგუირიგდეს, არაოდეს არ მოგიშალოთ და არც გამოგართოთ.~ ეს პირობა კი განსხვავდებოდა 1633 წელს მიცემული პირობისგან, რომლის თანახმადაც, დავითიშვილები ბრეთს ქაიხოსროს გარდაცვალების შემდეგ მიიღებდნენ. როგორც ჩანს, დავითიშვილები ბრეთს მართლაც დაუყოვნებლივ დაიბრუნებდნენ, იმ შემთხვევაში, თუ ქაიხოსრო მეფეს `არ შეურიგდებოდა,” მაგრამ აღარაფერია ნათქვამი, ვის დარჩებოდა მამული `საყმოდ შერიგების” შემთხვევაში. საფიქრებელია, რომ ქაიხოსროს გარდაცვალების შემდეგ 1633 წლის პირობა ამოქმედდებოდა და ბრეთს დავითიშვილები კვლავ მიიღებდნენ. - დოკუმენტური წყაროები, II, გვ.63