ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილი - საბარათიანოს თავკაცი XVII საუკუნის I ნახევარში. ტიპიური მედროვე. ძირითადად, პროირანული ორიენტაციის მატარებელი. იყო მეწინავე სადროშოს სარდალი. ფლობდა მეკობრისმძებნელის სახელოს. შაჰ აბასისგან ჰქონდა ნაბოძები ქართლის ვექილობა და დედოფლის სახლთუხუცესობა. სარგებლობდა ირანში დაწინაურებული როსტომ სააკაძის მფარველობით. მისი კარიერული წინსვლა ქართლში სვიმონ-ხანის მეფობის პერიოდს უკავშირდება. ქართლის მუსლიმი მეფეებისთვის (ბაგრატ-ხანი, სვიმონ-ხანი) ბარათაშვილები წარმოადგენდნენ მთავარ დასაყრდენ ძალას. ქაიხოსრო პერიოდულად `ღალატობდა~ თავის პოლიტიკურ კურსს და, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამარჯვებულის მხარეს იჭერდა, რაშიც არაჩვეულებრივი ალღო ეხმარებოდა. მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლების დროს ქაიხოსრო გიორგი სააკაძის მხარეს ჩანს, თუმცა 1626 წელს უკვე ირანის ხელისუფლებასთანაა შერიგებული. ამიტომ უარს ეუბნება მოურავს მოკავშირეობაზე. მიუხედავად ამისა, გიორგი სააკაძემ ბირთვისის ციხეში ჩაყენებული ყიზილბაშთა გარნიზონის წინააღმდეგ გაილაშქრა და 500 მეციხოვნე ამოწყვიტა, რაშიც მოგვიანებით, ქაიხოსრო დაადანაშაულეს. 1629 წელს ქაიხოსროს თეიმურაზის ბანაკში ვხედავთ. ბერი ეგნატაშვილისა და ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად, როდესაც თეიმურაზ I-მა გაიგო როსტომის ქართლში მეფედ დანიშვნის ამბავი, ბარათაშვილები ცოლ-შვილიანად თავისთან დაიბარა. როსტომის ქართლში შემოსვლისთანავე ბარათაშვილებმა დატოვეს ცოლ-შვილი და როსტომს მიუვიდნენ ერთგულების დასამტკიცებლად. განრისხებულმა თეიმურაზმა განიზრახა ცხვირ-პირი დაეჭრა ბარათიანთა ცოლ-შვლისთვის, მაგრამ ხორეშან დედოფალმა არ დაანება (ბერი ეგნატაშვილი, 1959: 417, ვახუშტი ბატონიშვილი 1973: 438). ქართლში გამეფებულ როსტომს ქაიხოსრო დაეხმარა ფეოდალებთან ურთიერთობების მოწესრიგებაში. მისი უშუალო მცდელობით შერიგებია იესე ქსნის ერისთავი როსტომს (იხ. სეა, 1450-12/129). 1635 წელს, ქაიხოსრო მონაწილეობს თეიმურაზ I-ის წინააღმდეგ სურამთან გამართულ ბრძოლაში და თავის გამოჩენისთვის შაჰ სეფი I-ისაგან ჯილდოს იღებს ( ხუბუა, 1949: 4-08), (იხ. დოკუმენტური წყაროები..., 2019: 157-158). ქაიხოსროს ორმაგი პოლიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა როსტომისთვის და იგი სიკვდილით დაასჯევინა. სიკვდლით დასჯის მიზეზსა და თარიღზე სხვადასხვა ცნობას გვაწვდიან წყაროები, განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული სამეცნიერო ლიტერატურაშიც (სრულად წყაროებისა და ლიტერატურის შესახებ იხ. გოგოლაძე, 2012: 26-99). ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ქაიხოსროს სიკვდილით დასჯის მიზეზი გამხდარა 500 ყიზილბაში მეციხოვნის დახოცვა გიორგი სააკაძის მიერ. 1636 წელს `კუალად როსტომ მოიÃსენა შური ყიზილბაშთათ¢ს, რომელი მოსწყ¢დნა მოურავმან ბირთ¢სს და შეიპყრა ქაიხოსრო ბარათასშვილი სისხლთა მათათÂს და გარდამოადგო ციხიდამ განჯის კარისაკენ მაღლის გოდოლიდამ~ (ვახუშტი ბატონიშვილი, 1973: გვ. 440), თუმცა 1636 წელს, თითქმის 10 წლის წინანდელი ცოდვების გახსენება და მხოლოდ ამის გამო სიკვდილით დასჯა ცოტა ალოგიკურია. ფარსადან გორგიჯანიძის თანახმად, ქაიხოსრო მონაწილეობდა როსტომის წინააღმდეგ ნოდარ ციციშვილის მიერ მოწყობილ შეთქმულებაში. შეთქმულებსა და როსტომს შორის ხოვლესთან მომხდარი ბრძოლის შემდეგ მეფის ბრძანებით `გორიდამენ ქალაქს ჩაფარი გაგზავნეს და ქაიხოსრო ბარათასშვილი, დედოფლის სახლთუხუცესი, დაიჭირეს და ციხეში აიყვანეს და ღამით კოშკიდამ გარდმოადგეს და თქვეს _ დამთვრალა და თვითან გარდმოვარდნილაო. და მისი შვილები დააჭირვინეს და გორის ციხეში დაატყვე[ვ]ეს. და მისი სიძე, ბახუტა ჰუსეინ ბეგისშვილი, ბაგრატოანი იყო და ბატონობაც უნდოდა, ის გარდაიხვეწა~ (ფარსადან გორგიჯანიძე, 1925: 248). წყაროს ცნობებიდან ცხადი ხდება, რომ ქაიხოსროს შეთქმულებაში ჩართვის მიზანი იყო მისი სიძის _ ბახუტა ჰუსეინ ბეგისშვილის გამეფება ( ჯამბურია, 1955: 27- 28). ნოდარ ციციშვილის გამოსვლა 1642 წელს მოხდა, შესაბამისად, ქაიხოსროც ამ წელს დასაჯეს სიკვდილით. ამას ცხადყოფს ქაიხოსროს ეპიტაფიაც პირღებულის მონასტერში: `წ. ესე არს სამკვიდრებელი ჩემი, რამეთუ მთნავს და ამას შინა მდებარე არს გვამი დიდისა აბაშიშვილისი, ავთანდილის ძის ქაიხოსროსი, ვინც აღმოიკითხვიდეთ, შენდობას უბძანებდეთ. ქორონიკოსნა ტლ~ ( ჯოჯუა, 2005: 195). ამ ამაბებთან დაკავშირებით, საინტერესოა 1642 წლის 2 დეკემბერს გაცემული როსტომ მეფის წყალობის სიგელი ხოსია ბარათაშვილისადმი (ხეც. Ad-1138), რომლის მიხედვით, ნოდარ ციციშვილის აჯანყება ახალი მოხდარია. სწორედ ამ დროს გამოჩენილი ერთგულებისთვის აჯილდოვებს მეფე ხოსიას ქაიხოსრო ბარათაშვილისეული მამულით (გოგოლაძე, 2012: 28-35; 78-80, გოგოლაძე, 2010/11: 130-131). - - დოკუმენტური წყაროები, II, გვ.68-70