დათუნა გოცირიძე

დათუნა გოცირიძე
ავტორი: აკაკი წერეთელი


(ძველებური ამბავი)

რაჭველი აზნაური დათუნა გოციძიძე მის დროში განთქმული ვაჟკაცი იყო მთელ იმერეთში. ხმალს უქებდნენ და პირველობაც აგვირგვინებდა. სანამ საყვარელი დისწული, მისივე გაზრდილი, ივანე კვიტაშვილი არ წამოეზარდა. სახელოვანი მოწაფე გვერდში ამოუდგა სახელოვან მოძღვარს... რაღა სჯობია ამ ნეტარებას?!.. მაგრამ ტყუილად კი არ არის ნათქვამი: „ჩამავალი მზე ამომავალ მზეს განზე უყურებსო“. თავმოყვარეობის სიხარბემ შური შეაპარა ორივეს და მათი გმირული ზენა-მოყვრობა საქვეყნო მტერ-მოყვრობად შეიცვალა. მაგრამ მაინც მათი ცალ-ყბა მეგობრობა სხვების ორ-ფეხ მოყვრობაზე უკეთესი იყო, სანამ ყმაწვილურმა, აშვებულმა თავხედობამ ხმალი არ შეურცხვინა დამჯდარ, დინჯ მოხუცებულობას.

დადიანმა მეფეს საარაკო ნებიერი მიუძღვნა. მეჯოგეები ძლივს იმაგრებდნენ გაგარეულებულ ოთხფეხს. მეფე გეგუთის სასახლეში ბრძანდებოდა აივანზე გადამჯდარი და თვალს ადევნებდა მოზვრის ურჩობას.

- ნეტავ თუ ვინმემ შეძლოს, რომ ერთი მოქნევით თავი გააგდებინოსო, - ბრძანა მეფემ.

- მაგას დათუნას მეტი ვერავინ მიჰბედავსო, - მოახსენა სარდალ-წერეთელმა.

- ვერც მისი დისწულიო? - იკითხეს კარისკაცებმა.

- ვერც ისაო, - გადასწყვიტეს ერთხმად და დაიბარეს დათუნა.

ამ ამბავმა გული მოუკლა ახალგაზრდა კვიტაშვილს, მაგრამ რაღას იტყოდა?

მეორე დილას გეგუთის მინდორზე სასახლის წინ შემოხაზეს წრე, შემოავლეს გალავანი და აუშვეს ნებიერი. პირუტყვმა რომ თავისუფლება იგრძნო, შეხტა და შეინავარდა, იწყო ბღუილი და ტორებ-რქებით ბდღვირი ააყენა.

- აბა, დათუნა, გვიჩვენე შენი ვაჟკაცობაო! - ბრძანა მეფემ.

შევიდა წრეში გოცირიძე. შემოხედა ნებიერმა, აიღო თავი, შემოაბდღიალა თვალები, შემოჰბღუილა და მიაშურა. დათუნა გაუხტა განზე, მოუმარჯვა ხმალი და სწყვიტა. წაიფორთხილა გაბრაზებულმა პირუტყვმა, ჯერ წაიჩოქა წინა მუხლებზე და მერე კი გადაგორდა. თავი ისევ კისერზე ება, მაგრამ კისრის ძვლები კი დასჩენჩხოდა.

გაუკვირდა ვაჟკაცს... დახედა ხმალს და ნახა, რომ პირი დაბეგვილი ჰქონდა: „ვინ გაბედა ჩემი ხმლის შერცხვენაო?“ - ჩაიდუდღუნა და გადისვა ულვაშებზე ხელი: - „ეს ულვაში ნუღა მსხმია, თუ ეს შევარჩინო ამის მქმნელსო!.. უნდა გამისწორდეს, ან ის, ან მეო!“

თურმე იმ წინა ღამეს დისწული მიპარვოდა მძინარე ბიძას, ამოეღო ხმალი ქარქაშით და დაებლაგვა პირი.

ვაჟკაცის სიტყვა გაუტეხელია!

ვერც მეფემ, ვერც ქუთათელ-გაენათელმა, ვერც მოძღვარმა და ვერც თანამესისხლხორცეებმა ვეღარ შეარიგეს მტერ-მოყვარე ბიძა-დისწული. ახალგაზრდა კვიტაშვილი იძულებული შეიქმნა დაეგდო რაჭის საზღვარი და გადმოსულიყო იმერეთში. საყვარელი დისწულისა და სასიქადულო გაზრდილის დაკარგვა ვეღარ აიტანა დათუნამ... ორგვარის გრძნობის ჭიდილი აღარ აძლევდა მოსვენებას... არ ემეტებოდა სასიკვდილოდ მტერი, მაგრამ იმავე დროს აღარ ეხერხებოდა აღარც ვაჟკაცური დაჩემების გატეხა და ულვაშების შერცხვენა, დანაღვლიანდა და გატყდა.

ბოლოს გადასწყვიტა: საამქვეყნოდ რაღა გამოსადეგი ვარო და განიზრახა: „ნიკოლოზ წმიდაში“ ბერად შესვლა, მაგრამ რადგანაც სასახლის ნებართვა და გენათელის თანხმობა საჭირო იყო, მიაშურა მეფეს ვარციხისკენ.

სწორედ იმ ხანებში დაღესტნიდან გადმოსული, განთქმული აღიფინა ბელადი მისი წუნკლებით აჯამეთის უტეხ ტყეში ბუდობდა და იმ გზით სიარული, თუ არ ჯარად, ტორო კაცისთვის საფრთხილო იყო. ვარციხისკენ მიმავალი მგზავრები საზოგადოდ სიფრთხილეს იჭერდნენ, შორის გზით უვლიდნენ, მაგრამ დათუნამ შიში არ იცოდა და პირდაპირ გადასჭრა აჯამეთი.

შუა გზა გავლილი ჰქონდა, რომ გზის პირად, პატარა მინდორში, ვიღაც მგზავრი დაინახა მიწოლილი ჩეროში: ფარღიალას თავი უნაგირზე მიედვა და ეძინა. მიუახლოვდა დათუნა, დახედა და შეკრთა... ივანე კვიტაშვილი გამოდგა, ხმალზე მოივლო ხელი, მაგრა, თითქოს შანთმა დასთუთქაო. უცბად უშვა ხელი და სთქვა გუნებაში: „ეს ხომ ქურდობა იქნება! გავაღვიძებ და ისე შევებრძვიო“. გადასწყვიტა, მაგრამ წინ მაინც ბიჯი აღარ წასდგა: „არც ეს ივარგებსო!“ - კიდევ გაიფიქრა. „ძალით გამოღვიძებული მის გუნებაზე ხომ არ იქნება და მაშინ მასზე უცბად მისვლა მაინც კიდევ ლაჩრობა იქნება. არა!.. ჯერ გამოიძინოს, ადგეს თავის თავად, იარაღი შემოირტყას და მაშინ გაუსწორდებით ერთმანეთსო, და მანამდის კი მეც მოვიცდი... სად წამივაო?!“ მიაბა ცხენი ბუჩქზე, მიდგა ტყის პირად, აქვე მუხის ძირში მიჯდა და ამოეფარა ხეს.

ბევრს ხანს არ გაუვლია, რომ აქვე მახლობლად ჟღურტული მოისმა. მიიხედა და დაინახა ჩასაფრებული ლეკები. ერთ მათგანს ამოეღო ნიშანში მძინარე მგზავრი. ვეფხივით მივარდა დათუნა და უტაცა ხელი ჩახმახ შეყენებულ თოფის პირს; დაიჭექა შაშხანამ, მარცხენა ხელი ძირს დაუშვა დათუნამ. გახვრეტილ ხელის გულში სისხლი მოჩქრიალებდა. მარჯვენა ხელით იძრო ხმალი და დასჭყივლა: „დამრჩით, წუნკლებოო!“

თოფის გასროლით დამფრთხალი მძინარი წამოვარდა ზეზე, იგდო ხელში იარაღი და მიაშურა იქითკენ, საიდანაც ქართული შემოესმა. გასცა ხმა და მიიჭრა. ერთს შემოხვეოდნენ გარს ლეკები ჯარად და ის ერთი ყველას იგერიებდა. მომხრე რომ დაინახეს ლეკებმა, დაფრთხნენ და გადაცვივდნენ!.. დარჩნენ მარტოდ პირისპირ ორი ქართველი, ერთმანეთის მოსისხლე მტრები... ბიძა და დისწული, დათუნა გოცირიძე და ივანე კვიტაშვილი! დიდხანს ხმა ვეღარ ამოიღეს, ბოლოს როგორც იქნა შეეკითხა ახალგაზრდა:

- შენა ხარ, ბიძაჩემო? აქ რას მოუყვანიხარ?..

- შენს სიგლახეს, - უპასუხა მოხუცმა: - ბედს ვაჟკაცობა მოუცია შენთვის, მაგრამ ღმერთს კი ჭკუა წაურთმევია... უადგილო ადგილას რომ ძილს მინდობიხარ, ხომ ღორივით გაგაგორებდნენ, მე რომ არ წამოგსწრებოდი და მტერს წინ არ გადავღობებოდიო.

ახალგაზრდა უსიტყვოდ დაეშვა მუხლის თავებზე და მოეხვია მოხუცს. მოხუცმა წამოაყენა, ჩაიკრა გულში და უთხრა: „შენ ჩემთან დამნაშავე ხარ და მე კი ქვეყნის წინაშე: სანამ გარეშე მტერი არ მოგვიგერიებია, შინაური მტრობა რჯულის უარისყოფაა და ორივეს ღმერთმა შეგვინდოსო!“

მისცეს მხარი მხარს, დაიძახეს: „მდევარიო!“ და ერთად გამოუდგნენ მტერს...

ნეტავ თუ ახლანდელი ქართველებიც ასე დასთმობდნენ პირად უსიამოვნებას და განხეთქილებას საზოგადო საქმისათვის?

1902 წ.

აკაკი წერეთელი მოთხრობები

ბაში-აჩუკი · დათუნა გოცირიძე · კუდაბზიკეთი · მამალი რას ყივის · მესარკე · პატრიოტის აღსარება · ყვითელი სანთელი · ჩემი თავგადასავალი