მესარკე

მესარკე
ავტორი: აკაკი წერეთელი


სამართლის მოყვარე ხელმწიფეს, სხვათა შორის, ერთს საწყალ კაცზედ ბევრი საჩივარი შემოდიოდა; დღე არ გავიდოდა, ათი საჩივარი არ შემოსვლოდა, მაგრამ სულ ქალებისაგან იყო შემოტანილი. დიდხანს ითმინა ხელმწიფემ და ბოლოს იფიქრა, რომ ის კაცი, ვიღაცა არის, სწორედ საძაგელი კაცი ყოფილა, თორემ ქვეყანა ასე როგორ გადაემტერებოდაო. დაიბარა ერთი დღისათვის მომჩივრებიც და მოპასუხეც. მოიყარეს თავი მომჩივრებმა, მაგრამ სულ ქალებმა, სულ ქალებმა! ასეს რომ ათასზე მეტი მოგროვდა და ყველა ერთხმად ევედრებოდა ხელმწიფეს იმ კაცის ჩამოხრჩობას.

ხელმწიფე თითქმის კინაღამ ნებაზე დაიყოლიეს, მაგრამ მოპასუხემ იმართლა თავი და მოახსენა ხელმწიფეს:

- ბატონო! ნურც მაგ ქალების საჩივარზე გაივლით, მაგათ გარდა ერთი ორმოციოდე ქალი კიდევ დარჩა ჩვენს სოფელში და თუ ისინიც შეგევედრებიან ჩემს ჩამოხრჩობას, მაშინ თანახმა გავხდები, მადლობა ღმერთსაო!

დაეთანხმა ხელმწიფე, მოაყვანინა ის დანარჩენი ორმოცი ქალიც და დაეკითხა მათაც. იმათ ერთხმად უქეს ხელმწიფეს მოპასუხე და შეევედრნენ მის გაბედნიერებას. გაკვირვებულმა ხელმწიფემ უბრძანა მოპასუხეს: „ეს რას ნიშნავს, ამდენი მოსისხარი მტერი გყოლია და ამდენი კი გულითადი მეგობარიო?“

- დიდებულო ხელმწიფეო! ჯერ ის დაათვალიერეთ, თუ იმ ათას ქალში უმახინჯო ერიოს და ამ ორმოცში ერთი მახინჯიო და მაშინ მოგახსენებთ პასუხსაცაო, - უპასუხა საწყალმა. მართლაც, დაათვალიერა ხელმწიფემ და როგორც იმ ათასში უმახინჯო ვერ შენიშნა, ისე იმ ორმოცში მახინჯი, და გაკვირვებით ბრძანა: „ეს მართლა, რას ნიშნავსო?“

- რა ვიცი, რას ნიშნავს, ჩემო ხელმწიფეო! - მიუგო მაშინ მოპასუხემ, - არც არაფერი ერთისთვის დამიშავებია და არც არაფერი მეორისთვის გამიკეთებიაო. მე ერთი საწყალი ხელოსანი კაცი ვარ, მესარკე; სარკეებს ვაკეთებ ხოლმე. ლამაზები ჩაიხედვენ შიგ - ლამაზად გამოჩნდებიან, და მახინჯები - მახინჯებად! მე მიტომ ვაკეთებ, რომ ლამაზმა შიგ იკეკლუცოს და მახინჯმა, გასვრილმა, სახე გაიწმინდოს და გასწორებას ეცადოს. ესენი კი თავის მახინჯობას ჩემს სარკეს აბრალებენ! ახლა რისიც ღირსი ვიყო, ის მომანიჭეთ, დიდებულო და სამართლიანო ხელმწიფეო!

მოეწონა ხელმწიფეს ეს და გამოსცა ბრძანება:

- დღეის იქით აღარავინ გაბედოს საჩივარი აღარც მესარკეებზე და აღარც მწერლებზე, რადგან ორივე ერთმანეთს ემსგავსებიან მოხელობითაო!

1884 წ.

აკაკი წერეთელი მოთხრობები

ბაში-აჩუკი · დათუნა გოცირიძე · კუდაბზიკეთი · მამალი რას ყივის · მესარკე · პატრიოტის აღსარება · ყვითელი სანთელი · ჩემი თავგადასავალი