კუდაბზიკეთი

კუდაბზიკეთი
ავტორი: აკაკი წერეთელი


(ზღაპრული მოთხრობა)

იყო და არა იყო რა. იყო დრო, როცა ადამიანს ყველა გრძნობაზე უფრო შიშის გრძნობა ჰქონდა გამოფხიზლებული და ყოველგვარ საშიშ-საზარელ არსებას, გინდ სულიერი ყოფილიყოს და გინდ უსულო, ყოვლის შემძლებელად ისახავდა, აღმერთებდა და თაყვანსა სცემდა. მრავალღმერთობის დრო იყო და ყოველ ერს თავისი შესაფერი ღმერთი ჰყავდა: ზოგს ლომი, ზოგს სპილო, ზოგს გველეშაპი, ზოგს დიდი გველი და სხვანი. ერთი სიტყვით, ვისთვისაც რა უფრო საშიში და საფრთხილო იყო, იმას ემონებოდნენ. სხვათა შორის, იყო ერთი ქვეყანაც „კუდაბზიკეთი“, ოდესმე სახელგანთქმული და მოწონებული, მაგრამ ბოლოს კი ისე დაცემული და დაჩიავებული, რომ მისი მკვიდრები ნაცარქექიაობის მეტს ვეღარას ახერხებდნენ: უჯდნენ კერას და ერთმანეთს უჩუჩხურებდნენ. მათთვის რაღა საჭირო იყო ან ლომი, ან ვეშაპი, რომ მათი მაწუხებელი ჭიაღუაც დიდი რამე ეგონათ? და მოინდომეს მკბენარის თაყვანისცემა, მაგრამ არ იცოდნენ ვისთვის მიეცათ უპირატესობა: ტილისათვის თუ რწყილისათვის? ზოგს ის მოსწონდა, ზოგს ეს!.. არჩევანზე მივიდა საქმე. კუდაბზიკელები ორად გაიყვნენ. ერთმა მხარემ ტილი გამოიყვანა თავის კანდიდატად და მეორემ რწყილი. ვერ შეთანხმდნენ, მოუვიდათ ჩხუბი და ნაცარმტუტი აადინეს. დაერიენ ერთმანეთს და აღარ ზოგავდნენ. ამ საბრალოებს სულ კერას ძირში ეძინათ, არაფერს არ დასდევდნენ, არა ეინტერესებოდათ რა, და მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ, არჩვენების დროს გამოაჭყეტდნენ თვალებს ბეცად, ახორხოზდებოდნენ, აჭიჭყინდებოდნენ, ერთმანეთს ნაცარს აყრიდნენ თვალებში და არჩევნებს რომ მორჩებოდნენ, ისევ ისე ჩვეულებრივად მიეგდებოდნენ კერას ძირას... ცარიელი გუდა ადვილი გასაბერავია!.. კაციც ასეა: რაც უფრო ცარიელი აქვს თავი და გული, უფრო მალე იბერება და თავის თავიც დიდ რამედ მოაქვს. კუდაბზიკების ქვეყანაშიც ეს სენი საერთოდ იყო მოდებული; ათში ცხრა იბერებოდა და სხვის თვალში რომ ბეწვს ეძებდა, თავისაში დვირესაც ვეღარ ხედავდა. დიდი და პატარა ენად იყო გადაქცეული; ტიტინობდნენ და ლაქლაქობდნენ! ერთი მათგანი რომ იტყოდა, მაგალითად, „შარშან ზამთარში კურდღელი მოთოვაო“, მეორე დაუმოწმებდა: „მართალიაო! და შიგადაშიგ შველიც გამოურიაო“. ყველა ტრაბახობდა, ყველა თავის თავზე ლაპარაკობდა, გაისმოდა განუწყვეტელი „მე, მე და მეო!“ ასე რომ ბრმას რომ ყური დაეგდო, იფიქრებდა: აქ სწორედ სადღაც თხის ჯოგიაო. მართალია, თითო-ოროლა შეგნებული და ქვეყნისთვის გულშემატკივარი მათშიაც ერია, მაგრამ იმ არევ-დარევაში და საერთო ხორხოზში ვინღა რას გაიგონებდა, რომ ყურთასმენა აღარსად იყო.

- თქვე უბედურო, ნაცარქექიებო, მოეგეთ გონებას, - ურჩევდნენ შეგნებულები საბრალო თანამემამულეებს, - რა დროს ეგ წილადობილაა?.. რას გადაჰყოლიხართ მაგ „რწყილობია-ტილობიას“? ისე როგორ დაგაბრმავათ ცოდვამ, რომ ცხვირს იქით ვეღარასა ხედავთ? ქვეყანას ნადირ-მხეცები შემოსევიან, ლამის გაგვანადგურონ, ერთი ტყვილა შემქაქანებელიც არსადა სჩანს და თქვენ კი ჭიანჭველეთში გინდათ თავი ისახელოთ და ისიც უკუღმართობითო!..

- არ შეიძლება, არ შეიძლება! - ყვიროდნენ ნაცარქექიები, - ჩვენც კაცები ვართ, ქუდი გვახურავს და ულვაშები გვასხია!.. სხვებს თუ ჰყავსთ სათაყვანო და არჩევნებში შედიან, ჩვენ რაღა ვართო?

- კი ბატონო! მაგრე იყოსო, - უპასუხებდნენ შეგნებულები. - აარჩიეთ მაგრამ მისთანა კი, რომ ვარგოდეს რამედ და ქვეყნის გამოსადეგი იყოს რამეშიო!.. თუ მართლა მწერ-ბუზებს იქით გზა აღარა გაქვსთ რა, ფუტკარი აირჩიეთ: ის მაინც თაფლსა და სანთელს აკეთებს; ან აბრეშუმის ჭია, დარაიას რომ გაძლევსთ! ან წურბელა, ცუდი სისხლის სხეულიდან გამომწოვიო და სხვანი...

- ეჰ, არა, არა! - გაიძახოდნენ ნაცარქექიები, - ფუტკარი მოუსვენარია, გარეთ დაბზუის აქეთ-იქეთ და ჩხვლეტაც მწარედ იცის, ყაჭის ჭია - მყრალია, წურბელი მოსისხარიაო და სხვანი. ბატონი ტილი და ბატონი რწყილი კი განუშორებლად სულ ჩვენთან არიან და მხოლოდ ამ ორ გვარს ეკუთვნის და შეშვენის ჩვენი თაყვანისცემაო! ამ ორს იქით გზა არა გვაქვს. ან ერთი უნდა ავირჩიოთ და ან მეორე და საქმე მხოლოდ ჯობინობაზე არის მიმდგარიო!

- სად თქვენი კანდიდატი და სად ჩვენიო? - გაიძახოდნენ ტილაძეები. - თქვენი ერთი გიჟი ვინმეა, მოუსვენარი, ხან აქ არის, ხან იქ, ერთ ალაგას ვერ მიისწრებ, ვერ გააჩერებ! ხან აქ შეძვრება და ხან იქ, დღედაღამ მოსვენებას არ იძლევა! სადაც არ გგონია, იქ გაჩნდება, სადაც არ ელი, იქ გიკბენს და თუ შეგატყოთ, ჩემი დაჭერა ინდათო, ისკუპებს და ცხრა მთას გადაევლება! ჩვენი კანდიდატი კი მშვიდობიანი, დარბაისელი, დამჯდარი ხასიათის, მორიდებულ-მოკრძალებული; შორს წასვლის თავი არა აქვს!.. მართალია ხანდახან ჩუმად იკბინება, ისე რომ ტანს მოგაფხანინებს, მაგრამ, თუ შეგატყო აღშფოთება, შეინანებს და იქვე სადმე ნაოჭში მიიმალებაო.

- ეგ ღირსება კი არ არის, წუნიაო, - უპასუხებდნენ რწყილაძეები, - ჩვენი კანდიდატი კი მარდია, ცოცხალი, მიხტი-მოხტის, ხან იქ შეძვრება, ხან აქ!.. გაგაღვიძებს, გამოგაფხიზლებს და გაგაშფოთებსო!.. თქვენი კი საზიზღარი რამ არის და ყოვლად საბრალო!

ასე ამგვარად, თავისებურად თავთავისას გაიძახოდნენ ორივე მხრით მოპირდაპირეები და მათ ბრძოლას დასასრული აღარ ჰქონდა. ბრძოლაც ხომ ახირებული იყო ამ ნაცარქექიებისა! არ იყო მისთანა უპატიური რამ, ერთმანეთისთვის არ შეეწამებინათ და არც უშვერი რამ, ერთმანეთისთვის რომ არ ეკადრებინათ! ამ არჩვნების დროს რომ „კუდაბზიკეთი“ გენახათ, იტყოდით: ქვეყანას სწორედ მტერი შემოჰსევია და ხალხიც საომრად მომზადებული დახვედრას უპირებს, რომ სამშობლო გადაარჩინოსო. მაგრამ რა ბრძანებაა!! ის მხოლოდ „რწყილობია-ტილობიას“ თამაში იყო!.. ამ არეულობის დროს გარეშე მტერმა ისარგებლა და სიცილით გაიძახოდა: „წამკიდებელო, წაჰკიდეო, ორივეს თავი წასწყვიტეო!..“ და მართლაც რომ „კუდაბზიკეთი“ დღითი-დღე სიგლახაკეში ვარდებოდა: ტურა-მელები ფრინველებს იპარავდნენ, მგლები - ოთხფეხს იტაცებდნენ და დათვი იქაურობას ტორავდა და ანადგურებდა, - ერთი სიტყვით, პატრონი აღარავინ იყო!.. ბოლოს ჩავარდა ქვეყანა იმისთანა განსაცდელში, რომ ტილიც დაავიწყდათ და რწყილიც!.. დიდი და პატარა ტირილით გაიძახოდა: „გვიშველეთ, ვინ ხართ მამაციო?!“ დაგვიანებული „ვაი! ვაი!“ და „გვიშველეთ!“ კარგად მოგეხსენებათ, ვერაფერი მალამოა წყლულისათვის, და საბრალო ნაცარქექიების სატკივარსაც აღარა ეშველა რა!.. მაშინ კი ჩაფიქრდნენ, ჩახვდნენ გონებაში და სთქვეს: ეს რა გვემართება? სწორედ გაღალული ვართ, თვალი გვკრეს და დაგვაჩაჩანაკესო! შემლოცველი უნდა სადმე მოვნახოთო! - აქეთ ეცენ, იქით ეცენ, მოიყვანეს ერთი მკითხავი და გამოალოვიეს „თვალყვისათვალნაკრავისა“. ბებერმა სამჯერ პირჯვარი გამოისახა, სამჯერ თავი გააქნია, სამჯერ თვალებში მიაფურთხა ნაცარქექიებს, სული შეუბერა და მოჰყვა:


ნაცარქექია, ქექია, ფუჭო, ტყუილავ-ბექია რას მიგდებულხარ კერასა, თავი რად გაგიქექია?

ტილზე ნუ ჰფიქრობ, მოშორდი, რწყილს აუარე გვერდიო! რად გინდა პრიშტი-პრუშტები და სომხის ეფრემ-ვერდიო?

ნუ ჰკარგავ, შენი რაცა გაქვს, ნურც ეხარბები სხვისასა!.. პატარა წყარო სჯობია სასმელად მლაშეს ზღვისასა!..

ადექი, ნაცარქექია, ნუ მიგდებულხარ კერასა, ჭიანჭველებში ნუ ეძებ დაკარგულ ბედისწერასა!..


ეს რომ შეულოცა, თავზე ხატის ნაბანი გადაასხა ნაცარქექიებს, და რადგანაც ნაცარქექიები პიდაღებული შეჰყურებდნენ მკითხავს, წყალი ნახევარზე მეტი პირში ჩაესხათ... მეტი მოუვიდათ და კინაღამ დაიხრჩვენ... აუვარდათ ხველა. ბებერმა ხელახლა გამოისახა პირჯვარი და სულთამბრძოლის შეულოცა.

„ცისა და ქვეყნის შუამავალი, დედა მარიამ იჯდა სამოთხისა კარსა და ლოცვილობდა. მოვიდა წმინდა გიორგი, თაყვანი სცა და მოახსენა: „დედაო ღვთისაო! მოვიარე ფეხდაფეხ შენი წილხვედრი, ვნახე დაცემული, დავარდნილი, სადაც აღარცა ძველი ძველობს და არც რა ახალია“. ატირდა დედა მარიამ და ცრემლი მისი მარგალიტად ეყრებოდა ქვეყანასა ზედა. მივიდა იესო და შეეკითხა: „დედაო, რას სტირი, ვის იგლოვ? ცასა და ქვეყანასა?“ – „ვსტირ ჩემ საწილოსა! ვგლოვ ჩემ სადედოფლოსა, დღეს დაცემულსა, დავრდომილსა და შენგან დავიწყებულს, ხელაღებულსა!“ – „არა, დედაო ჩემო, მე როგორ დავივიწყებ შენს სადედოფლოსა? ხელს ვით ავიღებ შენს წილ-ხვედრზედა?.. მხოლოდ გამოვსცდი იობის განსაცდელითა, რომ უმეტესად გავჰკურნო და ავამაღლო! წყეულიმცა იყოს ეშმაკი მისდამი შეჩენილი და ფუ მის ავის თვალით შემყურესა!..“ გაიხარა მარიამ, შეწყვიტა ცრემლები და ღიმილი ტკბილი ქვეყნად ნათლად მოჰფინა. ამინ“.

აკაკი წერეთელი მოთხრობები

ბაში-აჩუკი · დათუნა გოცირიძე · კუდაბზიკეთი · მამალი რას ყივის · მესარკე · პატრიოტის აღსარება · ყვითელი სანთელი · ჩემი თავგადასავალი