უკანასკნელად თოფურიძეთა სასისხლო სიგელის დათარიღების საკითხს შეეხო გონელი არახამია თავის ნაშრომში "სასისხლო სიგელთა დათარიღებისათვის". ნაშრომში მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს საბუთში მოხსენიებულ გიორგი ერისთავზე, რომელიც მას რაჭის ერისთავ გიორგი აფხაჭელიძედ მიაჩნია და რადგან 1488 წელს რაჭის ერისთავი უკვე ივანე ჩხეტიძეა, ამის გამო სიგელის გაცემის ზედა თარიღად იგი 1488 წელს მიიჩნევს და საბუთს 1484-1488 წლებით ათარიღებს. ქვემოთ მთლიანად მოგვყავს გ. არახამიას გამოკვლევა თოფურიძეთა სიგელის შესახებ:
თოფურიძეთა სასისხლო სიგელი. შემონახულია საბუთის ეტრატზე დაწერილი პირი (მხედრულად), რომელიც დაცულია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში (ქიმ 1508). ეს ხელნაწერი 1853 წ. ეგნატი და თეიმურაზ თოფურიებს, როგორც აზნაურობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წარუდგენიათ სამეგრელოს სამთავროს სუჯუნის მაზრის მდივანბეგ ტ. ჩიქოვანისთვის[1]. საბუთის ტექსტი გამოცემულია ხუთჯერ: ე. თაყაიშვილის[2], თ. ჟორდანიას[3], ს. კაკაბაძისა[4] და დ. კლდიაშვილის მიერ[5].
საბუთის მიმღებნი არიან კაციბერ, შერგილ, გიორგი და იოვანე თოფურიძეები. გამცემია მეფე ალექსანდრე.
საბუთის ბოლოს მითითებულია გაცემის თარიღი: "დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჟამსა ალექსანდრეს მეფობისასა ქორონიკონსა ცხრაასსამოცდარვასა, თვესა მაისსა ა(თ)ჩვიდმეტსა".
ქრონიკონის რიცხვითი მაჩვენებელი 968, როდესაც მისი სრული ციკლი მხოლოდ 532 წელიწადს მოიცავს, ცხადია, მცდარია. ს. კაკაბაძე ვარაუდობდა, დედანში ქრონიკონის მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო როჱ, რომელიც გადამწერმა არასწორად გაიგო. ამ სავარაუდო აღდგენით, საბუთის დედნისეული თარიღი იყო 178 ანუ 1490 წელი.
საბუთის გამცემ მეფე ალექსანდრეს ე. თაყაიშვილი აიგივებს ალექსანდრე I-თან და სიგელსაც მისი ზეობით, 1412- 1442 წლებით ათარიღებს151. აღნიშნულ იდენტიფიკაციას იზიარებს თ. ჟორდანიაც, ოღონდ საბუთში მოხსენიებულ "დავით ცხეთელს" კათალიკოსად მიიჩნევს და აიგივებს სხვა წყაროებით 1426-1430 წლებში ცნობილ დავით კათალიკოსთან, აქედან გამომდინარე, საბუთსაც ამ წლებით ათარიღებს[6]. ამავე დროს თ. ჟორდანია წერს: "ამ სიგელს ბევრი ნიშნები აქვს იმისა, რომ იგი ან ყალბია, ან იმერთა მეფეს ალექსანდრე II-ს უნდა ეკუთვნოდეს". თ. ჟორდანიას აზრით, ამ მეორე ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს სიგელშივე მოხსენიებული სვიმონ მაწყვერელისა და საქართველოს კათოლიკოსის დავით III-ის მოღვაწეობის ხანა - XV ს. ბოლო[7].
სიგელში მოხსენიებული ივანე ათაბაგისა და სვიმონ მაწყვერელის მოღვაწეობის ხანის მიხედვით ს. კაკაბაძეც საბუთის გამცემ მეფე ალექსანდრეს იმერთა მეფე ალექსანდრე II-სთან (1484-1510) აიგივებს[8]. ამის გათვალისწინებით აღადგენს ის, როგორც ვნახეთ, საბუთის გაცემის სავარაუდო დედნისეულ თარიღს. ივანე ათაბაგისა და სვიმონ მაწყვერელის მოღვაწეობა კი 1486-1515 წლებში თავსდება[9]. ს. კაკაბაძის არგუმენტაციას იზიარებს დ. კლდიაშვილი[10].
ვფიქრობთ, საბუთის გამცემი მეფის გაიგივება იმერთა მეფე ალექსანდრე II-სთან სავსებით ნათელია. ამასთან დაკავშირებით, სვიმონ მაწყვერელისა და ივანე ათაბაგის მოღვაწეობის ხანის გარდა, ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ საბუთში მოწმეებად დასახელებული შიოშ ფალავანდიშვილი, დავით ციციშვილი, საყან მაჭუტაძე, დიმიტრი ბერიძე, ლომინი მახაძე[11] ნამდვილად ალექსანდრე II იმერთა მეფის თანამედროვენი და მისი გარემოცვის წევრები არიან. ამას ადასტურებს ალექსანდრე II-ის სიგელი ფალავანდიშვილებისადმი ბოძებული 1488 წ. 1 ივლისს. სიგელის ერთ-ერთი ადრესატია სიაოშ იგივე შიოშ ფალავანდიშვილი, მოწმეებად დასახელებულნი არიან დავით ციციშვილი, აგრეთვე, მაჭუტაძე, ბერიძე, მახაძე (სახელების გარეშე)[12]. აშკარაა, რომ თოფურიძის სასისხლო სიგელში წარმოდგენილი ალექსანდრე მეფისა და 1488 წ. სიგელში წარმოდგენილი ალექსანდრე II იმერთა მეფის გარემოცვა იდენტურია, რაც, ბუნებრივია, ამ ორი მეფის იდენტურობის მაჩვენებელიცაა.
ასე რომ, თოფურიძეთა სასისხლო სიგელი უნდა დათარიღდეს ალექსანდრე II იმერთა მეფის ზეობის ანუ 1484- 1510 წლებით, მაგრამ შესაძლებელია თარიღის დავიწროებაც. ამის შესაძლებლობას გვაძლევს სიგელში დასახელებული გიორგი ერისთავის ვინაობა. გიორგი ერისთავი, ცხადია, რაჭის ერისთავია. რაჭის ერისთავი გიორგი, გვარად აფხაჭელიძე, იხსენიება მაღნარაძის სასისხლო სიგელში (ამაზე ქვემოთ), აგრეთვე, წარწერებში.
1488 წ. სიგელში რაჭის ერისთავია ივანე ჩხეტიძე[13]. აქედან მოკიდებული რაჭის ერისთავები ამ გვარის წარმომადგენლები არიან, სანამ მათ საგვარეულოს სოლომონ I დაამხობდა[14].
აშკარაა, რომ გიორგის ერისთავობა წინ უსწრებდა ივანე ჩხეტიძის ერისთავობას და, შესაბამისად, თოფურიძის სასისხლო სიგელის შედგენა ფალავანდიშვილების სიგელის გაცემას (1488 წ.). აქედან გამომდინარე თოფურიძეთა სიგელი გაცემულია 1484-1488 წლებს შორის.