განთიადი

განთიადი
ავტორი: აკაკი წერეთელი


მთაწმინდა ჩაფიქრებულა,

შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;

მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს

თავდადებულის საფლავსა.


დადუმებულა მთაწმინდა,

ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:

მდინარე ნანას უმღერის

რაინდსა, ურჩსა მტრისასა…


მთაწმინდა გულში იხუტებს

საშვილიშვილო სამარეს,

მამადავითსა ავედრებს,

აბარებს ქვეყნის მოყვარეს...


მგოსანი გრძნობამორევით

თვალს ავლებს არემარესა.

და გულის-პასუხს ნარნარად

უმღერის ტურფა მხარესა:


“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

ჩემო სამშობლო მხარეო,

სნეული დავბრუნებულვარ,

მკურნალად შემეყარეო!...


“ვერ ავიტანე ობლობა,

სისხლის ცრემლები ვღვარეო;

წამძლია სულმა და გულმა,

შენს ნახვას დავეჩქარეო.


“წინ მომეგებენ ღიმილით

შენი მზე, შენი მთვარეო,

გუნდი და გუნდი ვარსკვლავი,

მოკაშკაშ-მოელვარეო.


“გულში იფეთქა სიამემ,

სევდები უკუვყარეო, -

ია და ვარდი დამჭკნარი

ხელახლად გამიხარეო!...


“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

სულის ჩამდგმელო მხარეო,

შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,

შენზედვე მგლოვიარეო!...


“ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,

ზე კალთა დამაფარეო...

და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს,

ანდერძი დავიბარეო:


“დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:

შენს მიწას მიმაბარეო!...

ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

ჩემო სამშობლო მხარეო!”


1892 წ.

აკაკი წერეთლის ლექსები