ჭაღარა

ჭაღარა
ავტორი: აკაკი წერეთელი


ის აღარა ვარ, რაც ვიყავ,

ძნელი ყოფილა ჭაღარა...

ვეღარ გაჰკივის თამამად

ჩემი დაფი და ნაღარა.


გული არ იშლის გულობას,

მაგრამ ვერ მოსდევს ძალ-ღონე!..

ვარ ბევრი “ვაის” მნახველი

და ბევრი “უის” გამგონე.


ამევსო გული წვეთ-წვეთად

ნაღველითა და შხამითა,

ისე, ვით საუკუნები -

სხვადასხვა მრავალ წამითა.


მაშ რაღად მინდა სიცოცხლე

მე, აწმყო-გამწარებულსა,

თუ, ვისაც ვეტრფი, ვინც მიყვარს,

ვხედავ მას აოხრებულსა?


მაგრამ იმედი, ცის ნიჭი,

რომ გამიელვებს გლახ-გულსა,

თავი ტარიელ მგონია,

ოცნებით გარემოცულსა.


ვუხმობ ფრიდონს და ავთანდილს,

მხარი მხარს მივცეთ, ხელი ხელს,

ნესტან-დარეჯან ქაჯებს ჰყავს,

მოელის ტურფა გამომხსნელს!


რა ვუყოთ, თეთრი მერიოს!?

სისხლით შევღებავ ჭაღარას

და სულ სხვა ხმაზე დავუკრავ

ამ ჩემს დაფსა და ნაღარას.


მაგრამ ვაიმე, რომ ეჭვი

მოუგზავნია ჯოჯოხეთს:

მაცდურ სარკეში მახედებს,

ოცნებას მიკლავს... გულს მიხეთქს!..


ამბობს: “ფრიდონ და ავთანდილ

ჯერ ვერ გადიხდის ომსაო!...

და შენც ტარიელს მოჰგავხარ

ისე, ვით კატა ლომსაო”.


მართალი არის, მაგრამ რა?

რისთვის დავკარგო იმედი?

გმირს წინა-უძღვის ყოველთვის

უძლური წინამორბედი!..


არა! აყვავდეს იმედი!...

გულს ვერ გამიტეხს ჭაღარა!..

გმირებს უძახის... უყივის

ჩემი დაფი და ნაღარა!..


1886 წ.

აკაკი წერეთლის ლექსები