იმერული სიმღერა

იმერული სიმღერა
ავტორი: აკაკი წერეთელი


პატარა საყვარელო,

რისთვის მომიკალ გული?

გალიაში გაგზარდე,

ვით მაისის ბულბული.


შაქრით მყავდი გაზრდილი,

შენთვის ვლე კიდის-კიდე!

პატარა საყვარელო,

ცეცხლი რად მომიკიდე?


გული შენ მოგიძღვენი,

სულიც ხომ შემოგწირე!

პატარა საყვარელო,

შენ რაღად დამამცირე?


რომ დამგმე უმიზეზოდ

და გამცვალე სხვაშია;

მიჯობს დამწვა ცეცხლითა,

ან ჩამაგდო ზღვაშია!


პატარა საყვარელო,

ჩემო მკვლელო, უგულო,

გალიაში გაზრდილო,

გაზაფხულის ბულბულო!


1876 წ.

აკაკი წერეთლის ლექსები