1981 - სოსელია ოლღა - წერეთელთა სათავადო

ბაგრატიონთა გერბი


გენეალოგიური კვლევები


წერეთლები



პუბლიკაცია:

ოლღა სოსელია - ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები) - წიგნი II - თბილისი - 1981


ტექსტი edit

წერეთელთა სათავადო
* * *

წერეთელთა საგვარეულოს ყველაზე ადრინდელი წარმომადგენელი, როგორც ზემოთ ითქვა, დავით წერეთელია. ვხვდებით მას კოტრიძეთა 1432 წ, სასისხლო სიგელში[1]. XV ს. მეორე ნახევარში იხსენიებიან წეწია და განონაი წერეთლები[2], ხოლო XVII ს. დამდეგს ჩანს ქველი I წერეთელი[3]. სახლიკაცობის გარდა რა ნათესაობა იყო დასახელებულ პირთა შორის, ამის დადგენა არ ხერხდება.

შეიძლება ქველი I-ის შვილი იყოს ბეჟან I წერეთელი, რომელიც გვხვდება ალექსანდრე III-ის დროს[4]. ამ მეფის 1639 წ. წყალობის წიგნებიდან ვგებულობთ, რომ ბეჟან I-ს ოთხი ვაჟი ჰყავდა: ქაიხოსრო (I), ქველი (II), პაატა (I) და ხახუტა[5].

ბეჟან I-ის თანამეცხედრე იყო ჩხეიძის ქალი მარეხი[6].

ბეჟანის ხსენება აღნიშნული წლიდან წყდება. ამის შემდეგ ის უთუოდ მალე გარდაიცვალა.

ბეჟან I-ის შვილებიდან ყველაზე უფროსი ქაიხოსროა. საბუთებში პირველ რიგში ისაა დასახელებული[7].

ქაიხოსრო ბეჟანის ძე წერეთელი საგვარეულოში I ქაიხოსრო არის. სხვა ქაიხოსრო ამ გვარში XVII ს. 80-იან წლებამდე არ გვხვდება.

ეს (I) ქაიხოსროა ალექსანდრე III-ის 1651 წ. ფიცის წიგნში წარმოდგენილი ქაიხოსრო წერეთელი[8], ბაგრატ IV-ის 1669 წ. წერილში მოხსენიებული "ბაიარი" ქაიხოსრო წერეთელი[9] და აგრეთვე XVII ს. მეორე ნახევარში ფალავანდიშვილისეული მოდინახის ციხის შემსყიდველი ქაიხოსრო წერეთელიც[10]..

ქაიხოსრო I-ის თანამედროვეები და მასზე უფრო დაწინაურებული არიან "დიდი ბაიარი და სარდალი" ზაალ, "ბაიარები" დავით და ოტია წერეთლები[11]. მაგრამ სახლიკაცობის გარდა რა ნათესაური კავშირი იყო მათ შორის, არ ვიცით.

ბეჟან I-ის მემკვიდრეობიდან ქველისა და ხახუტას შთამომავლობა არ ჩანს. პაატაც "უშვილო შეიქნა და მისის ნებით" თავისი უფროსი ძმის ქაიხოსრო I-ის ვაჟი ქველი (III) იშვილა.

ხოლო ბეჟან I-ის პირმშო შვილს ქაიხოსრო I-ს კი ექვსი ვაჟი ჰყავდა: ბეჟან (II), ქველი (III), პაპუნა (I), ვახუშტი, გიორგი და ქაიხოსრო (II).

ქაიხოსრო I-ს ხშირად ვხედავთ მის ძმა პაატასა და შვილებთან ერთად, XVII ს. მეორე ნახევრის თარიღიან და უთარიღო საბუთებში.

1691 წ. არჩილ მეფემ სამოურავოდ უბოძა მას "...ზემო ქვეყანას (ზემო იმერეთს) ხეფინისხევი ...ლიჩი და ღოდორა".


შენიშვნები edit

  1. ს. კაკაბაძე - ვახტანგ უცნობი... - გვ.9-10 - Sd-2886
  2. საქ. სიძვ. II - გვ.398-399; ს. კაკაბაძე - სასისხლო სიგელების შესახებ. საისტორიო მოამბე. II. 1924, გვ.23-25 - Sd-731, Hd-8731
  3. ვახუშტი - აღწერა... - გვ.435; იოსებ თბილელი. დიდ-მოურავიანი, გ. ლეონიძის რედ., - გვ.39; არჩილი. თხზულებათა სრული კრებული. ტ.II. - გვ.55, სტროფი 477
  4. ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა... I, გვ.28-29, N 17,18 - Hd-14666, Sd-519
  5. იქვე
  6. 1660 წ. ერთი საბუთიდან ჩანს, რომ ჩხეიძის ქალი მარეხი ქაიხოსროსა და პაატა წერეთლების დედაა (იხ. იქვე - გვ.30, N 20 - Hd-9466). ამ დროს ცნობილნი არიან მხოლოდ ბეჟან I-ის ძენი ქაიხოსრო და პაატა წერეთლები. აქედან ცხადია, რომ ჩხეიძის ქალი მარეხი ბეჟან I-ის მეუღლეა.
  7. ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა... I, გვ.28-29, N 17,18 - Hd-14666, Sd-519
  8. იხ.სტოლნიკი ტოლოჩანოვისა და დიაკი იევლევის ელჩობა იმერეთში 1650-1652... - გვ.194 - 1651 წ. 10.09. - საფიცრის წიგნი იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ისა
  9. Переписка... - გვ.83 - 1669 წ. 6 დეკემბერი - იმერეთის მეფე ბაგრატ IV-ის სიგელი რუსეთის მეფე ალექსეი მიხაილოვიჩს
  10. ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა... I, გვ.44, N 37 - 1670-1680 წწ. - ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნი მიცემული მერაბ წულუკიძის მიერ ქაიხოსრო წერეთლისადმი
  11. Переписка... - გვ.83 - 1669 წ. 6 დეკემბერი - იმერეთის მეფე ბაგრატ IV-ის სიგელი რუსეთის მეფე ალექსეი მიხაილოვიჩს