1465-1467 წწ. - შეწირულების წიგნი ბაგრატ მეფისა მთის წმინდა გიორგის მონასტრისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

ამ საბუთის დედანი დაკარგულია. გვაქვს:

1. დედნის 1844 წლის ანოტაცია - 1451-16/547, რომლის მიხედვითაც დედანი დაწერილი ყოფილა 3 კეფზე 133 სტრიქონად. თავში საბუთი შემკული ყოფილა მეფე-დედოფლის მინიატურული პორტრეტებით;
2. ქსიმ-608 - ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში დაცული ტყავზე შესრულებული 1484-1491 წლების პირი;
3. 1806 წლის ზაქარია არქიმანდრიტის მიერ გადაწერილი ამჟამად დაკარგული პირის ს.კაკაბაძისეული გამოცემა;
4. H-16/2 - პეტერბურგის აზიურ მუზეუმში დაცული 1840 გადაწერილი პირი;
5-7. 1861 წელს ქსიმ-608 პირიდან არქიმანდრიტ ვონიფანტეს მიერ გადაწერილი 3 პირი, დაცული ქუთაისის ცენტრალურ არქივში ქცა, ფ.1, ან.1, ს.7808, ქცა, ფ.21, ან.1, ს.3051;
8-9. იმერეთიდან ჩამოტანილი, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული დაზიანებული პირები Sd-2898 და Sd-2899.

საბუთის ტექსტი

edit

თქუენ წმიდაო გიორგი მთისა მთავარმოწამეო, რაგუარაც დავით აღმაშენებელისა და ძისა მისისა დიმიტრისგან შემოწირული ყოფილიყო და იყო, ჩუენ, მეფეთ მეფემან, ორთავე სახელმწიფოთა, ლიხთ იმერისა და ლიხთ ამერისა თუით ფლობით მპყრობელმან, პირმშომან ბაგრატ და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა დედოფალმან ელენე და ძეთა ჩუენთა, გიორგი და ალექსანდრე, ვიგულვეთ თქუენისა ძალმწეობისა მომართ, და ვიგულსმოდგინეთ და ხელვყავით ახლად აღშენებად და შემკობად ტაძარსა შენსა.

და გარდავჭედეთ ზეით ტყუივითა და სპილენძითა, და მოვჭედნეთ ხატნი წმიდის გიორგისანი დაწმიდისა მარინასნი, და სხუანი ძველნი ბნელნი ხატნი გავაახლენით და შევჰკაზმენით; კარნი ავაბენ და მოუჭედენ და კლიტენი მოუწყუენ და დავამაგრენ და ახლად დაუმტკიცენ და შემოვსწირენ მამულნი და გლეხნი: სახადს აგარა მათითა სახლ კარითა, სასაფლაოთა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, საყანითა, ტყითა, ველითა, მზღურითა სამართლიანითა, უცილებელად, უცვალებელად, შეუცვალებლად.

შავორი ვითა ძველთაგან შავორის მთავარმოწამე იქი სვენებულიყო, დიდი სოფელი ყოფილიყო შაორი, და აოხრებულიყო ჟამისა გამოსრულობისათუის, და აწი, ახლად ხელვყავით აღშენებად და კაცის დასახლებად, და სოფელი შევქენი, აწ ახლად შემოგწირეთ და დაგიმკუიდრეთ დვალთ სამარხსა და შერაულს შუა, წყალსა გამოღმა და გაღმა და საწალიკეს აქათი, ასრე რომე, თუ არა მეფემან და მებართლომემან, ვერავინ იკადროს ნადირობად ჭალათა და ვერცა სათიბთა თიბუა, და ვერცა წყლისა და თევზთა ნადირობა. ასრე მკუიდრად და უსარჩლავად დაგუიმტკიცებია.

აზნაურიშვილნი კაცნი სამნი სულაძე, გუენცაძე და ფაქიოტიძენი, ყუელანი მათითა მზღურითა სამართლიანითა, სახლ-კარითა, ეკლესიითა, სასაფლაოთა, წყლითა, წისქვილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, ველითა, მზღურით სამართლიანითა ყოველთა. ასე და ამა პირსა ზედან რომე გარაყანიძისა გუარსა კაცსა არავის-რა ხელი შეუვიდოდეს, არცა-რა საქმე დაიდვას.

თხმორი, ვითა ძველთაგანც ყოფილა, მისითა მიმდგომითა მზღვრითა სამართლიანითა, ძმუისი ცხრათავითა ძველთაგან ყოფილიყო, მისითა მიმდგომითა მზღურითა სამართლიანითა; კაციეთს მსხდომნი ბულუშაძენი და ზაქარიაძენი მათითა მიმდგომითა მზღურითა სამართლიანითა.

და შემოგწირეთ კაციეთის ადგილი სრულიად სამყეთის ჭალას აქათ და ზემო კერძო საზღვარს ქვა, ყუნტა-წოდებული, ადგილი ზენა შუა ველიეთის მინდორს აქათ და სამყეთის ჭალას აქათ.

ამ სამზღურებს შუა შემომიწირავს ყოვლის კაცის უცილებლად წყნორს მითათაშვილები და ჭლიკაძენი და აგარა, რომე სასახლედ ქონებია, მებართლომესი. მას აქათი მიმო და სოფელნი და გლეხნი ჭაშლთას: ჭუნჭულაძენი, ქოთბოძეიძე მათი მიმდგომითა სამართლიანითა. ასე და ამა პირსა ზედან, რომე ინასარიძემან გვარმან ამას ზედან არა საქმე დაიდვას; ბობოთს ერაძენი სრულიად მათითა წისქვილითა, წყლითა, ვენახითა, ტყითა და ველითა, მზღურითა და, როგორათაც პირველად, ასე და ამა პირსა ზედან, რომე ღაღანიძემან და ძაგანისშვილთა მომავალთა საქმე ვერა დაიდვას; ფონას ნოზბეგანიძე მათით მზღურითა სამართლიანითა. ამა პირსა ზედან სურამი, ვისი გინდა იყოს, მებართლომეს მეტსა კაცსა ხელი არავის შეუვიდოდეს არავის არა.

ესე წმიდაო გიორგი მთისა მთავარმოწამეო, ჩუენ, მეფეთა მეფემან ბაგრატ, ვითარ პირველითგან პაპათა ჩუენთაგან შემოწირული და გაჩენილი იყო, აწ ჩუენ ახლად დაგიმტკიცეთ და შემოგწირეთ ჩუენად სადიდებლად და ჩუენის მეფობის წარსამართებელად.

აწ ვითა არა კადრებულ არს, ეგრევე ნუმცა ვის მოუგონია და უკადრებია. და თუ ვინმე ავაზაკმან კაცმან გვამად მთისა მთავარმოწამე ხატი ხელყოს გატეხად, მისი სახსარი სხვა არა იქნების, ძელს აცვან.

მის აქეთ ვინც შეცოდებით შესცოდოს ან ჯოგი წაუსხას და ან მოპაროს, მისი შემოექცეს და საუპატივო კაცი გაემარტოს და გაუუპატიოს. საუპატიოთ მისდა შეცოდებისა წმიდისა გიორგის შეცოდება იქნება - ასი ათასი ძველი თეთრი დაეურვოს.

ვისაც წმიდის გიორგის მამულის შვილი შეაკუდეს, გინა უზედაესსა და გინდა უქვედაესსა, ესე ჩუენთაგან გაჩენილი აბჯრიან გაზრდილიანსა ას სამოცი ათასი თეთრი დაეურვოს; სანახშირო ორი ათასი თეთრი დაეურვოს და მას ქვეშემან ასი ათასი თეთრი სისხლი დაეურვოს; და სანახშიროთ ათასი თეთრი გერში დაღი.

ცოლის წახთენა და წაღება და ქალის დაგდება ვინც ყოს, ამან სიგელმან და მონასტერმან სამართლიანითა ასი ათასი თეთრი დაეურვოს.

აწე ჩუენ მეფეთა მეფის ბაგრატის დამტკიცებული ესე შეწირულობის წიგნი ესე, ვინც ნახოთ შემდგომად ჩუენსა მომავალთა მეფემან ან დედოფალმან, კარისა ჩუენისა ვაზირთა, მეჭურჭლეთა, დიდებულთა ერისთაუთა, ციხე-ქუეყანათა ხელსა ქუეშე მპყრობელთა მოურაუთა და ყოველთავე, და დიდთა და მცირეთა, თქუენც ასრე დაუმტკიცეთ და ნუ მოუშლით და ნურცა-რას დააკლებთ ნუ დიდთა და ნუ მცირეთა, თვინიერ თანადგომისა და შეწევნისა.

აწ ვინც ხელყოს ამისდა შლად და ქცევად, კრულიცა არის პირველად დაუსაბამოსა ღმერთის პირითა და უფროსად კურთხეულისა დედოფლისა ჩუენისა ღუთისმშობელისა, მარადის ქალწულისა მარიამისა მადლითა, და პატიოსნისა ჯუარის მადლითა, და წმიდათა მოციქულთა და ათორმეტთა სამოციქულოთა საყდართა და მოსაყდრეთა მადლითა; და შვიდთა კრებათა მადლითა; ექმნების მას კეთრი გეზისი, ძრწოლა კაენისა, მოშთობა გმირთა, დაწვა და რისხვა სოდომელთა, დანთქმა დათან და აბირონისი, გვემა მეგვიპტელთა, შიშთუილი იუდასი, მეხისტეხა დიოსკორესი, სირცხვილი კრისკენტი და საბიანესი და ყოველთა მგმობართა თანამცა არს ნაწილი და სამკჳიდრებელი მისი და ვინც ვინ მტკიცედ იპყრას, ღმერთმან აკურთხენ და წმიდამან კათოლიკე და სამოციქულომან საყდარმან და წმიდამან მღუდელთმოძღუარმან ნიკოლაოს, ამინ.

(ბაგრატ მეფის ხელრთვა)


საბუთს აქვს შემდეგდროინდელი დამტკიცებები:

ქ. ჩუენ მეფეთ მეფემან ალექსანდრე და თანა მეცხედრემან ჩუენმ(ა)ნ დედოვფ(ა)ლთა დედოფალმან თამარ და ძემან ჩუენმან ბაგრატ, ვახტანგ ესე წიგნი მოგახსენ(ე)თ თქუენ მთის მთავარ მოწამეს წმიდას გ˜გის ასრე და ამა პირსა ზედა რაც ამას ზემო სიმაგრე სწერია ჩუენც ამის გამთავებელი ვართ ნებითა ღ˜თისათა და ანუ ვინც ჯოგი გატეხოს წმიდის გ˜გის შეცოდებით გარდახდეს.

(ალექსანდრე მეფის და თამარ დედოფლის ხელრთვა)


ქ. ნებითა ღ˜თისა(თა) ჩუენ მეფეთა მეფემან კონსტანტინე და თანა მეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა დედოფალმან თამარ და ძეთა ჩუენთა პირმშომან დავით, გი˜გი და ბაგრატი ესე ახლად მტკიცე და უცუალებელი ნიშანი მოგახსენეთ თქუენ მთისა მთავარ მოწამეს წმიდასა გიორგის მას ჟამსა ოდეს მოკითხული ვქენით და ძუელითგან ულაყის გამოღება არ გჭირვებოდა. აწ, ახლად ჩუენცა ულაყი ამოუკუეთეთ ასრე და ამა პირსა ზედან, რომე გიორგობას დღეს ორით ხუცითა, ორითა ცხურითა, თქუენით პურ-ღუინითა აღაპს გარდაიხდიდეთ, ნებითა ღმრთისათა ჩუენად სადღეგრძელოდ, გასამარჯუებელად და საუკუნედ შემწედ. აწ, ვინცა ესე ჩუენი ნიშანი მოშალოს ჩუენისამცა ცოდვის სანაცვლოდ განიკითხვის მას დიდსა დღესა განკითხვისასა და დამამტკიცებელნი აკურთხნეს ღმერთმან გქონდეს ნიშანი ესე და არაოდეს მოგეშალოს რაგინდარა დაჭირება იყოს თქუენ ულაყი არავინა გთხოვოს დაიწერა ნიშანი ესე ქკნს როთ თვესა აგვისტოსასა კ ხელითა კარისა ჩუენისა მწიგნობარ მუშრიბის და მესტუ[მრისა] თავაქალაშვილისა სადათიერისათა.

(კონსტანტინე მეფის და თამარ დედოფლის ხელრთვა)


საბუთის დათარიღება და პერსონალია

edit
1897 წ. თ. ჟორდანიამ სიგელი დაათარიღა 1491 წლით, ანუ კონსტანტინე მეფის მიერ სიგელის დამტკიცების თარიღით. მისი აზრით სიგელის გამცემია ბაგრატ II (†1478), შემდეგ დაუმტკიცებიათ ალექსანდრე II-ს (1483-1510) და კონსტანტინე ქართლის მეფეს, რომელსაც 1491 წ. იმერეთიც უკავიაო. - 1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.307
1913 წ. სარგის კაკაბაძე სიგელის გამცემად მიიჩნევს XIV საუკუნის უცნობ რაჭა-არგვეთის მფლობელ ბაგრატ მეფეს, რომელიც დავით ნარინის ძის მიქელ მეფის უახლოესი მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და რომელსაც ჰყავდა ცოლი ელენე, რომელიც 1366 წელს შავი ჭირით გარდაიცვალა. ამ ბაგრატის შვილი გიორგი კი უნდა ყოფილიყო ის გიორგი მეფე, რომელიც მეგრელებმა მოკლეს 1392 წელს. - 1913 - კაკაბაძე სარგის - ბაგრატ, უცნობი მე-XIV საუკუნის რაჭა-არაგვეთის მფლობელი.
1924 წ. სარგის კაკაბაძემ სიგელი ბაგრატ VI-ს მიაკუთვნა, ხოლო თარიღი განსაზღვრა 1455-1467 წლებით, კონსტანტინე მეფის მიერ სიგელი დამტკიცებულია 1491 წელს, ხოლო ალექსანდრე მეფის მიერ 1497-1502 წწ. - 1924 - კაკაბაძე სარგის - განჩინება მთის გიორგის ყმათა სისხლის შესახებ
1982 წ. საურმაგ კაკაბაძის აზრით სიგელი გაცემულია 1360-1365 წწ. მიქელ მეფის შვილ ბაგრატის მიერ, ხოლო ალექსანდრე მეფის მიერ სიგელის დამტკიცებას იგი 1496-1500 წწ. მიაკუთვნებს. - 1982 - საურმაგ კაკაბაძე - Грузинские документы IX—XV вв.
1991 წ. პირთა ანოტირებულ ლექსიკონში მეფე ბაგრატ VI-ის სიგელი 1463-1478 წლებითაა დაათარიღებული; ალექსანდრე II იმერთა მეფის მიერ სიგელის დატკიცების თარიღად 1484-1491 წწ. მიჩნეული, ხოლო კონსტანტინე II-გან სიგელის დამტკიცება კი 20.VIII.1491 წლითაა დათარიღებული. - 1991 - "პირთა ანოტირებული ლექსიკონი" - ტომი I - გვ.220,233,318
2014 წ. ქართული საბუთების კორპუსში საბუთი ბაგრატ VI-ის ქართლ-იმერეთში მეფობით, ანუ 1466-1478 წლებითაა დათარიღებული - 2014 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III
2009-2012 წლებში საბუთს სპეციალური გამოკვლევები მიუძღვნა ნიკოლოზ ჟღენტმა და ბაგრატ მეფის შეწირულების სიგელი 1465-1467 წლებით დაათარიღა. ჩვენ სავსებით ვიზიარებთ ამ დათარიღებას. - 2010 - ნიკოლოზ ჟღენტი - მთის წმ. გიორგის მონასტრისადმი გაცემული XV საუკუნის საბუთის თარიღის დაზუსტებისათვის

საბუთის პუბლიკაცია

edit

1858 წ. მარი ბროსემ გამოაქვეყნა საბუთის მოკლე ანოტაცია ფრანგულ ენაზე

1897 წ. თედო ჟორდანიამ სიგელი გამოსცა იმერეთიდან ჩამოტანილი ორი დაზიანებული პირის მიხედვით, რომლებიც სავარაუდოდ წარმოადგენენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ პირებს Sd-2898 და Sd-2899.

1913 წ. სარგის კაკაბაძემ დოკუმენტის ძირითადი ტექსტი გამოსცა 1806 წ. გელათის არქიმანდრიტ ზაქარიას მიერ გადმოწერილი პირის მიხედვით (ეს პირი 1922 წ. დაიკარგა გეორგიევსკში), ხოლო მინაწერები პეტერბურგის აზიურ მუზეუმში დაცული სხვა პირის მიხედვით (H-16/02 კრებულში, გვ.13-16).

1924 წ. სარგის კაკაბაძემ ხელახლა გამოსცა სიგელი XVI საუკუნეში ტყავზე გადაწერილი პირის მიხედვით, რომელიც დაცულია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში K-608 ლიტერით.

ნაშრომში გამოქვეყნებულია პეტერბურგის აზიის ინსტიტუტში დაცული დოკუმენტის 1840 წლის პირის H-16/2 აღწერილობა და შინაარსი

1982 წელს საურმაგ კაკაბაძემ გამოაქვეყნა საბუთის რუსული თარგმანი. თარგმანს საფუძვლად დაედო ლენინგრადის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში დაცული სიგელის ასლი, გადაწერილი 1840 წ. თარგმანი შეჯერებულია ყველა უწინდელ გამოცემასთან.

2009 წ. ნიკოლოზ ჟღენტის მიერ გამოქვეყნებული საბუთის ტექსტი ემყარებოდა სარგის კაკაბაძის 1924 წლის პუბლიკაციას.

2011 - ჟღენტი ნიკოლოზ - მთის წმ. გიორგის სიგელის ტექსტი - ისტორიის ინსტიტუტის შრომები - IV - გვ.205-208

edit

2011 წ. ნიკოლოზ ჟღენტის მიერ გამოქვეყნებული საბუთის ტექსტი ემყარება ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში K-608 ლიტერით დაცულ პირს, რომელიც შეჯერებულია სიგელის სხვა გამოცემებთან.

ტექსტი ემყარება ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში K-608 ლიტერით დაცულ პირს, მაგრამ მისი ზოგიერთი პასაჟი შევსებულია ს. კაკაბაძის 1924 წლის პუბლიკაციით.

ლიტერატურა

edit